რამდენიმე დღის წინ ცნობილმა ექიმმა, რადიოლოგმა გენრიეტა გაგოშიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კონტრაცეფციული საშუალების - სპირალის პარალელურად, ქალი ტყუპს ელოდება და შესაბამისი ფოტოც დაურთო. თან იხუმრა, "სპირალის გარეშე რას იზამდა მამა?"
ჩვენ მას ვკითხეთ, რატომ დადგა ორსულობა, მაშინ, როცა სპირალი ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ დაცვის საშუალებად ითვლება და ზოგადად, რა შეცდომებს უშვებენ წყვილები კონტრაფეცფიის მეთოდების არჩევის დროს:
- მოცემულ შემთხვევაში, სპირალი დაწეული და, ფაქტობრივად, გამოვარდნილი იყო. ამას სპირალის ექსპულსიას ვუწოდებთ, რა დროსაც ის არა საშვილოსნოს ღრუში, არამედ საშვილოსნოს ყელშია მოთავსებული. ამიტომ, ჩვეულებრივ, შესაძლებელია ორსულობა დადგეს. მაგრამ, მეტსაც გეტყვით, ყოფილა შემთხვევები, როდესაც სპირალი საშვილოსნოს ღრუშია მოთავსებული და მაინც დადგა ორსულობა. ეს საკმაოდ საყურადღებო საკითხია, რადგანაც სპირალმა შეიძლება ნაყოფის განვითარებას პრობლემები შეუქმნას. ამიტომ, მსგავსი შემთხვევები ექოსკოპიურ კონტროლსა და ნაყოფის მდგომარეობის მუდმივ შემოწმებას მოითხოვს. თუმცა, სპირალის პერლის ინდექსი, ანუ დამცველობა საკმაოდ მაღალია. ყველაზე მეტი კი მილების გადაკეტვის შემთხვევაშია. მაგრამ, მინდა გითხრათ, რომ ასეთ დროსაც დამდგარა ორსულობა და არა ერთი. ამიტომ, 100%-იანი გარანტია მხოლოდ იმ შემთხვევაშია, როდესაც ქალს საშვილოსნო აქვს ამოღებული. მილების გადაკეტვის შემთხვევაში შესაძლებელია რეკანალიზაცია, ანუ გახსნა და სპერმის შეღწევა. რაც შეეხება სპირალს, ჩადგმის დროსაც შეიძლება იყოს შეცდომა დაშვებული, მაგრამ სასურველია ჩადგმული სპირალი გაკონტროლდეს, მდგომარეობა შემოწმდეს. კონტროლისთვის, თუ ყველაფერი ნორმალურად მიმდინარეობს, 1 წელში ერთხელაა რეკომენდებული შემოწმება. გარდა ამისა, მთელი რიგი საკითხებია გასათვალისწინებელი, მაგალითად, ქალმა არ უნდა აწიოს მძიმე, სპირალს სჭირდება სათანადო მოვლა და ჰიგიენური ნორმების დაცვა, რასაც გინეკოლოგი თითოეულ პაციენტს განუმარტავს. განსხვავებულია მოდელისა და წლების მიხედვით, ამიტომ სპეციალისტის მიერ ზუსტად უნდა შეირჩეს და თუ ქალები დაიცავენ წესებს, ვფიქრობ, სპირალი დაცვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.
ზოგადად, კონტრაცეფციის სხვადასხვა მეთოდი არსებობს და ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს იმის მიხედვით, ვის რა ჩვენება და უკუჩვენება აქვს. საკითხი აუცილებლად მეან-გინეკოლოგმა უნდა გადაწყვიტოს. თუმცა, შეცდომებიც ბევრია. მაგალითად, თუ ტაბლეტირებული საშუალება აქვთ შერჩეული და ყოველ დღე, 1 აბი ერთსა და იმავე დროს უნდა მიიღონ, ხშირად ავიწყდებათ და დღის გამოტოვება ორსულობის დადგომის ტოლფასია. ყველაზე უფრო უსაფრთხო პრეზერვატივის გამოყენებაა. თუმცა, თუ დაზიანდა და მთლიანობა დაირღვა, დაორსულების დიდი შანსია. ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვადისა და შენახვის პირობების დარღვევაც ხშირია.
თამარ იაკობაშვილი