ორგანიზმი და ჰორმონები იცვლება, გუნება-განწყობა უარესდება... მენოპაუზის, იმავე კლიმაქსის უსიამოვნო სიმპტომები ადრე თუ გვიან თითოეულ ქალს აწუხებს, თუმცა ზოგიერთი ახალ რეალობას ეგუება, ზოგი მტკივნეულად აღიქვამს ამას. როგორც წესი, მენოპაუზის შესახებ საჯაროდ არ საუბრობენ ხოლმე. ცხელება, განწყობის ცვალებადობა, დეპრესია და წონის მატება - ესაა იმ პრობლემების ნაწილი, რომელთა წინაშეც შეიძლება აღმოჩნდეთ. მაგრამ, ამ სტატიის გმირები ამტკიცებენ, რომ საკითხზე ხმამაღლა საუბარი აუცილებელია. ვიღაცას ნამდვილად ექმნება ფიზიკური და სულიერი დისკომფორტი, ვიღაცისთვის კი სქესობრივ ცხოვრებაში ახალი, საინტერესო ეტაპი იწყება.
ავთვისებიანი სიმსივნის საფრთხის გამო, 2015 წელს 41 წლის ანჯელინა ჯოლის საკვერცხეები ამოიღო. ამის შესახებ მან The New York Times-თან ისაუბრა: "ვერასდროს შევძლებ შვილის გაჩენას. უფრო მეტიც, 39 წლის ასაკში ხელოვნურად მენოპაუზა დამეწყო. თუმცა, მესმის და უკვე ვიღებ ჩემს სხეულში განვითარებულ სწრაფ ცვლილებებს, არა იმიტომ, რომ განსაკუთრებით ძლიერი ვარ, არამედ იმიტომ, რომ ეს ცხოვრებაა, არ უნდა გეშინოდეთ. სპეციალურ საშუალებას ვიყენებ, რომელიც ესტროგენს გამოყოფს და ჰორმონალური ბალანსის შენარჩუნებაში მეხმარება."
ამავე თემაზე The Daily Telegraph-ს მისცა ინტერვიუ, სადაც თქვა, რომ ადრეული მენოპაუზის დაწყებით დისკომფორტი არ შექმნია. "ძალიან მარტივად გავდივარ ამ პერიოდს, რაც ბედნიერებას მანიჭებს. ვგრძნობ, რომ წლების განმავლობაში მხოლოდ ვძლიერდები. ნამდვილად არ მინდა, ისევ ახალგაზრდა ვიყო", - თქვა მან.
63 წლის მადონა მენოპაუზის შესახებ ღიად არასოდეს საუბრობდა. სამაგიეროდ, დეტალები მისმა მეგობარმა, მსახიობმა როზი ო’დონელმა ერთ-ერთ თოქ-შოუში გაასაჯაროა. ქალის თქმით, მენოპაუზის დროს მან რჩევა მადონას სთხოვა, მომღერალმა კი მას პროგესტერონის მაღალი შემცველობის კრემი ურჩია. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის.
მომღერალი ამტკიცებს, რომ სპორტდარბაზში სიარული და მაქსიმალური დატვირთვა აუცილებელია. სასურველია, ყოველდღე. ჯერ ერთი, მეცნიერულად დადასტურებულია, რომ სპორტი დეპრესიული განწყობისთვის სასარგებლოა, მეორე, კარგი ფიგურა თავდაჯერებულობის გასაღებია.
ჯილიან ანდერსონი არა მხოლოდ მსახიობი, არამედ მწერალიცაა. თავის წიგნში "ჩვენ: მანიფესტი ქალებისთვის მთელ მსოფლიოში", გულწრფელად ისაუბრა იმაზე, თუ როგორი იყო მოგზაურობა პრემენოპაუზიდან მენოპაუზამდე: "მეჩვენებოდა, რომ ჩემი ცხოვრება ნაწილებად იმსხვრეოდა! ადრე საკუთარ თავთან ჰარმონიაში ვიყავი, მაგრამ აქ ემოციებს ვეღარ ვუმკლავდებოდი", - განუცხადა ჯილიანმა მკითხველს.
53 წლის ანდერსონი აღნიშნავდა, რომ იმდენად იყო დეპრესიაში, ზოგჯერ სახლიდან გასვლაც არ სურდა. სხვა ქალებს კი მოუწოდებს, გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება და მენოპაუზის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ხელი შეუწყონ.
57 წლის სანდრა ბალოკმა მენოპაუზის შესახებ ჩვეული კომიკურობით ისაუბრა. ერთ-ერთ ინტერვიუში, რომელიც მან და მელისა მაკარტიმ მისცეს, როდესაც ჟურნალისტმა ჰკითხა გოგოებს, რა იყო მენოპაუზა, სანდრამ გარკვევით ახსნა: "ეს არის მდგომარეობა, როცა ორგანიზმში ცხელებას გრძნობ, თავბრუსხვევა გაქვს და არტერიული წნევა მატულობს და ფიქრობ: "აჰა, კიდევ, ეს რა ჯანდაბა?!"
"როგორც კი 50 წლის გავხდი, დაიწყო: ცხელება, განწყობის ცვალებადობა... მაგრამ არ ვნერვიულობ, რადგან ამას თავისუფლების ახალ საფეხურად მივიჩნევ", - თქვა 55 წლის სინტია ნიქსონმა.
ჟურნალისტების გაკვირვებულ მზერას მსახიობმა უპასუხა: "როცა ხვდები, რომ შვილების გაჩენა აღარ შეგიძლია, მაშინვე ჩნდება სიმსუბუქე! სამი მყავს. ეს ისეთი შვებაა, რომ ვგრძნობ, თითქოს ცხოვრებაში ყველაზე მთავარი უკვე გავაკეთე. მენოპაუზა არის ახალი შანსი, იპოვო საკუთარი თავი." - ამბობ ის.
სიუზან სარანდონისთვის უსიამოვნო აღმოჩენა იყო ის ფაქტი, რომ მენოპაუზის დროს ბევრი ქალი წონაში იმატებს. მას შემდეგ, რაც მსახიობს ეს პრობლემა შეექმნა, რაციონიდან მთლიანად ამოიღო ნახშირწყლები, მენიუში ანტიოქსიდანტებით მდიდარი საკვები შეიტანა და სპორტით დაკავდა.
75 წლის სარანდონმა თქვა: "ყველაფერმა მარტივად და უმტკივნეულოდ ჩაიარა. მენოპაუზამ მხოლოდ ჩემს წონაზე იმოქმედა, მაგრამ ამ პრობლემას წარმატებით ვუმკლავდები. არ ვემორჩილები სიბერეს და ვცდილობ, ყურადღება ჩემს კარიერაზე გავამახვილო."
"დღეს თავს კარგად გრძნობ, ხვალ კი თითქოს მდუღარე წყლის ქვაბში ხარ ჩაძირული და დედამიწა ფეხქვეშ გეცლება", – ასე გრძნობდა თავს კიმ კეტროლი, როცა პირველად დადგა ამ გამოცდილების წინაშე.
თუმცა, მსახიობის თქმით, მენოპაუზას კატასტროფად არ თვლის: "ჩვენი ცხოვრება მუდმივად იცვლება, მენოპაუზა კი მხოლოდ მისი ახალი ეტაპია. ვცდილობ, არ ვიყო ცუდ ხასიათზე და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ახლა უფრო მიყვარს ჩემი სხეული, ვიდრე ოდესმე."
"მე არ მეშინია დაბერების. მენოპაუზა დაავადება კი არა, ბუნებრივი პროცესია. დიახ, თავიდან სხეული ცოტათი შეიცვლება, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ, მაქსიმუმ, ერთ წელიწადში ყველაფერი კარგად იქნება. ეს ჩვეულებრივი ცხოვრების წესია, ამაზე საერთოდ არ ვდარდობ. ნებისმიერ შემთხვევაში, ყველაფერი კარგად იქნება: კრიტიკული დღეებიც გაქრა! " - ამის შესახებ მონიკა ბელუჩიმ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა.
მენოპაუზის შესახებ ცნობიერების ამაღლების კუთხით გოლდი ჰოუნი უფრო შორს წავიდა, და გადაიღო ფილმი სახელწოდებით Hot Flash Havoc, რომელშიც მთხრობელის როლს ასრულებს. დოკუმენტური ფილმი არღვევს ყველაზე გავრცელებულ მითებს მენოპაუზის შესახებ, შეიცავს ინტერვიუებს ექიმებთან და ფსიქოლოგებთან.
მსახიობმა საკუთარი გამოცდილება სხვებსაც გაუზიარა: "ყველა ქალს მოვუწოდებ, არ გადადოთ გინეკოლოგთან მისვლა, რადგან ჰორმონჩანაცვლებითმა თერაპიამ ნამდვილად შეიძლება სასწაული მოახდინოს თქვენს ცხოვრებაში. მე თვითონ არ მეშინია დაბერების და მიმაჩნია, რომ თუ წამალი დამეხმარება უკეთ ვიგრძნო თავი ამ რთულ პერიოდში, ის უნდა გამოვიყენო".
"პირველად ვლაპარაკობ ამის შესახებ საჯაროდ. მენოპაუზის სიმპტომების აღმოსაფხვრელად ტესტოსტერონის მიღება დავიწყე", - თქვა ჯეინ ფონდამ რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში. თუმცა, მსახიობმა აღნიშნა, რომ გარკვეული დროის შემდეგ პრეპარატის მიღება შეწყვიტა, რადგანაც აკნემ შეაწუხა.