ია მინდაძე-ასათიანი სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კულინარიული ჯგუფის ავტორია - დედების სამზარეულოსი. ჯგუფში უამრავი მოყვარული თუ პროფესიონალი კულინარი გააერთიანა და ერთამენთს სხვადასხვა საინტერესო რჩევასა და იდეებს უზიარებენ. ია 40 წლისაა, 4 შვილი ჰყავს, მათზე ზრუნვის პარალელურად, ჰობი საყვარელ საქმედ აქცია და ბევრი რეცეპტის ახლებური ვერსია შექმნა. სააღდგომოდ "იას პასკა" ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი რეცეპტია სოციალურ ქსელში. გარდა ამისა, ბოლო პერიოდში კიდევ ერთი გამოწვევა ჰქონდა - წონის დაკლება, რომელიც წარმატებით დაძლია და სხვებსაც უზიარებს რჩევებს. თავად გვიყვება, რა გზა გაიარა სტომატოლოგიიდან კულინარიამდე და რა მოსწონს ამ სფეროში ყველაზე მეტად:
- პროფესიით სტომატოლოგი ვარ. გარკვეული დროის განმავლობაში ამ მიმართულებით ვმუშაობდი, მაგრამ მას შემდეგ, რაც შვილები გამიჩნდა, თავის დანებება მომიწია. თუმცა, მალევე, დაახლოებით, 18 წლის წინ კულინარიაზე გადავერთე და ეს გახდა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი საქმე. კულინარია სულ მომწონდა და მერე უკვე უფრო სერიოზულად მივუდექი ამ მიმართულებას. უკვე სამი წელია საკუთარი საკონდიტრო-საცხობი მაქვს და ჩემი ჰობი პროფესიად ვაქციე. 6 წლის წინ სოციალურ ქსელში შევქმენი ჯგუფი "დედების სამზარეულო", სადაც ძალიან ბევრი ადამიანია გაერთიანებული. ჩემ მიერ გამოცდილ რეცეპტებს, რჩევებს ვუზიარებ და ისინიც ხშირად გვთავაზობენ საინტერესო კერძებს. ჯგუფის შექმნის იდეა უფრო მეტად ჩემი შვილების გამო გამიჩნდა. გარეთ ვერ ვყიდულობდი ისეთ პროდუქტებს, რაც მომწონდა და რაზეც ვფიქრობდი, რომ ჯანსაღი იყო. ამიტომ, გადავწყვიტე, თავად მომემზადებინა სასურველი საკვები და მერე სხვებისთვისაც გამეზიარებინა ცოდნა. დროთა განმავლობაში, ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოიყენა ჩემი რეცეპტები, კმაყოფილებას გამოხატავდნენ და ესეც კიდევ დამატებითი სტიმული იყო. პირველად, როდესაც ბებიაჩემის რეცეპტის მიხედვით მომზადებული პასკა გავუზიარე ჯგუფის წევრებს, ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მე ის რეცეპტი გავაცოცხლე, გადავაკეთე და უფრო გავამარტივე. დღეს "იას პასკის" რეცეპტი ძალიან პოპულარული და მოთხოვნადია. უამრავი განახლებული და ინტერპრეტირებული რეცეპტი მაქვს, რასაც ხშირად ვაზიარებ ჯგუფში. იქ ახლა 189 ათასი მომხმარებელია გაწევრიანებული და მუდმივად ვთავაზობთ ერთმანეთს ახალ-ახალ იდეებს.
- მრავალშვილიანი დედა ხართ, როგორ ახერხებთ საქმეებისა და დროის გადანაწილებას?
- რა თქმა უნდა, თავიდან დროის სწორად გადანაწილება ძალიან მიჭირდა. ერთი ბიჭი და სამი გოგო მყავს. ბიჭი 18 წლისაა, შემდეგ გოგონები - 16-ის, 10-ისა და 6-ის. უკვე მეხუთეჯერ ვარ პირველ კლასში და ანბანს ვსწავლობ. უფროსები რომ გაიზარდნენ, შემდეგ უკვე ერთად გავზარდეთ პატარები. ამის შემდეგ დავიწყე საცხობის გაკეთება და უფრო აქტიურად მუშაობა. ძიძა არასდროს მყოლია, მაგრამ ერთმანეთს ვუწყობდით ხელს. მეუღლეც მაქსიმალურად იყო ჩართული ამ პროცესში. ძალიან მინდოდა, სახლიდან გავსულიყავი, მემუშავა და ჩემი საყვარელი ჰობი საქმედ გადამექცია, რაშიც ყველამ ხელი შემიწყო.
- რა შეგიძლიათ ურჩიოთ სხვა მრავალშვილიან დედებს ან იმ ქალებს, რომლებსაც ბევრი შვილის გაჩენა აშინებთ?
- პირველ ეტაპზე, ჩვენი შვილების მომავალი სწორედ ჩვენზეა დამოკიდებული. მგონია, ყველაფერი დაძლევადია. მთავარია, მონდომება და ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ამ დროს ყველაფერს თავის ადგილს ვუჩენთ და დროსაც სწორად ვანაწილებთ. ჩემს შვილებს რომ ჰკითხოთ, გეტყვიან, რომ დედის დანაკლისის პრობლემა არ აქვთ. ზუსტად ისეთი საქმე ვიპოვე, სადაც არც შვილებს მოვაკლებდი ყურადღებას და არც საზღვარგარეთ მომიწევდა სამუშაოდ წასვლა. ჩემი მონდომებით და ძალიან დიდი სურვილით საყვარელი საქმე დავიწყე და ვფიქრობ, გამომივიდა. აუცილებელია, მრავალშვილიანმა დედამაც საკუთარი თავი იპოვოს. ვფიქრობ, როგორც ქალი, დედა შედგები მაშინ, როდესაც საკუთარი თავის რწმენა გაქვს. რა თქმა უნდა, ოჯახის წევრების მხარდაჭერასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
- თქვენს შვილებს თუ მოსწონთ თქვენი კერძები?
- ჩემი შვილები გიჟდებიან ჩემს კერძებზე. ძალიან მოსწონთ. გემრიელად ვამზადებ და ამას ბავშვებიც აღნიშნავენ და მეუღლეც. არა მარტო ისინი, ბევრი ადამიანი გამოხატავს მადლიერებას რეცეპტებისთვის, მოსწონთ დამზადებული პროდუქცია, რაც, როგორც გითხარით, კიდევ უფრო მეტ სტიმულს მაძლევს.
- როგორ ადგენთ ბავშვების დღის მენიუს?
- მაქსიმალურად ვეცადე, სასარგებლო კერძები გემრიელთან შემეთავსებინა. მაგალითად, ხშირად ბავშვებს ბროკოლი არ უყვართ. დაბლენდერებული მასისგან მწვანე ფერის ცომი გავაკეთე, რომელიც მაწვნით მოვზილე და ყველის გულსართი გავუკეთე. ვიცოდი, რომ აუცილებლად მიირთმევდნენ. სულ რომ არაფერი, მწვანე ფერის ცომი იქნებოდა მათთვის საინტერესო. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ჩემი შვილების კვებასთან დაკავშირებით პრობლემა არ მქონია და არ არიან ამ კუთხით ძალიან პრეტენზიულები. აუცილებლად უნდა ჰქონდეთ წვნიანი, კარგი საუზმე. ბუნებრივია, არაჯანსაღ პროდუქტებსაც მიირთმევენ, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ, ბალანსირებული კვება ჰქონდეთ, რომ არ შეექმნათ კუჭ-ნაწლავისა თუ ჯანმრთელობის სხვა პრობლემა. მგონია, არსებობს ძალიან ბევრი ხერხი, რომლითაც სასარგებლო პროდუქტებს გემრიელადაც გარდავქმნით და ასე შევთავაზებთ. ვცდილობ, დღის განმავლობაში ხილიც მიიღონ, ბოსტნეულის წვნიანი, ცილოვანი პროდუქტები. მაგალითად, ხაჭო არ უყვართ. მაგრამ, ამ პროდუქტით ვაკეთებ მაჭკატებს, ნიგვზით, ქიშმიშით. თუნცაც, "ყიყლიყო" რომ ავიღოთ, ისე კარგად შეიძლება, სასარგებლოდ ვაქციოთ, მხოლოდ კვერცხითა და პურით კი არ გავაკეთოთ, კვერცხი გაჯერებული იყოს ნაღებით. დავუმატოთ კურკუმა, რომელიც ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის. შესაძლოა ცალკე აღებული კურკუმა არ მოსწონდეთ, მაგრამ საკვებში უნდა გამოვიყენოთ ისე, რომ არ დაკარგოს სასარგებლო თვისებები. ცხელ შოკოლადში შესაძლებელია ნუშის რძე გავურიოთ, კურკუმა, გემო სასიამოვნო დარჩება, თუმცა სასარგებლო დანამატებიც ექნება. მთავარია, მონდომება და ფანტაზია.
- საკმაოდ ბევრი კილოგრამი დაიკელით. მოგვიყევით, როგორ მიაღწიეთ სასურველ შედეგს?
- დაახლოებით, 19 წელია მუდმივად ვებრძვი წონას. იქამდე ჩემი სტაბილური წონა 58-59 კილოგრამი იყო. ძალიან ბევრი მეთოდი ვცადე და უამრავი კვების მოდელი გამოვიყენე, თუმცა ვერასდროს ვაღწევდი სასურველ შედეგს. ბოლოს 108 კილო ვიყავი და ეს ძალიან დიდ დისკომფორტს მიქმნიდა, ვერ ვმოძრაობდი. კარგი ნებისყოფა მაქვს, მაგრამ ვერც ერთხელ მოვახერხე ხანგრძლივად დაკლებული კილოგრამების შენარჩუნება. სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე ე.წ. "კეტო დიეტა" და კვების მოდელი, რომელიც ჯანსაღი ცხიმების მიღებას და ნახშირწყლების მაქსიმალურად შეზღუდვას გულისხმობს. კეტო კვება საკუთარ თავზე მოვირგე და ძალიან კომფორტულია. თავიდან სკეპტიკურად ვუყურებდი და ვფიქრობდი, ამდენი რომ მეჭამა, აუცილებლად წონაში მოვიმატებდი, მაგრამ ეს კვება 4 აგვისტოს დავიწყე და დღემდე 36 კილო დავიკელი. ნახშირწყლების მიღება შევწყვიტე და ორგანიზმი შიმშილს საერთოდ ვეღარ გრძნობს. ისევ ვაგრძელებ ე.წ. კეტო კვებას. დიდი განსხვავებაა ვიზუალურადაც და ძალიან მომწონს. საკუთარი გამოცდილებით კი სხვა ქალებს შემიძლია ვურჩიო: ამდენი წლის მანძილზე აღმოვაჩინე, რომ თუ საკუთარი თავი არ შევიყვარეთ, არაფერს აქვს აზრი. არასდროს დავკარგოთ ქალი ჩვენს თავში. მერე უკვე ძალიან მაგარი ცოლები და დედებ ვიქნებით, რადგან თუ ჩვენი თავი გვეყვარება, სხვასაც ვეყვარებით.
თამარ იაკობაშვილი