"სახლის საქმეები მოიცდის, ესაუბრეთ, მოეფერეთ შვილებს... ჩვენი შეცდომები არ გაიმეოროთ!" - რას ურჩევენ გამოცდილი დედები ახალბედა დედებს
"სახლის საქმეები მოიცდის, ესაუბრეთ, მოეფერეთ შვილებს... ჩვენი შეცდომები არ გაიმეოროთ!" - რას ურჩევენ გამოცდილი დედები ახალბედა დედებს
ახალბედა დედები ხშირად ძალიან დაბნეულები არიან. თავდაპირველად, არ იციან, როგორ მოიქცნენ კონკრეტულ სიტუაციაში, რა დროს რა მედიკამენტი მისცენ, როგორ გამოკვებონ სწორად ან კიდევ, როგორი ტანსაცმელი აირჩიონ. ბავშვის წამოტირებაც კი ხშირად მათთვის ძალიან დიდ სტრესსა და შფოთვას იწვევს, რადგან არ აქვთ გამოცდილება, რა გააკეთონ მსგავს სიტუაციებში. თუმცა, კიდევ ერთი გამოწვევა უფროსი თაობის, მეზობლებისა და ახლობლების მუდმივი რჩევებია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გახდნენ კარგი დედები, რა ჩააცვან და ასე შემდეგ. ამიტომაც, გამოცდილ დედებს ვკითხეთ, რას ურჩევდნენ ახალბედა დედებს ამ გადმოსახედიდან, რა უნდა
გაითვალისწინონ აუცილებლად, რა უნანიათ წლების
მერე, ან რას არ გააკეთებდნენ, ისინიც რომ ვინმეს წინასწარ დაერიგებინათ:
  • უფრო მეტად დავუჯერებდი საკუთარ ინტუიციას, არ დავუჯერებდი ყველა ექიმს და მხოლოდ რამდენიმეს. წამლების მიცემის დროსაც უფრო ფრთხილი ვიქნებოდი. ნაკლებად შევფუთნიდი და გარშემო მყოფების გათვალისწინებაზე მეტად, ჩემი შვილის საჭიროებებს პირველ რიგში გავითვალისწინებდი. მე მეორეზე ასე თუ ისე მომეცა საშუალება, პირველზე დაშვებული შეცდომები აღარ დამეშვა, მაგრამ მაინც რომ გავიხედავ უკან, იმდენი რამე არ მომწონს. იდეალური მართლა არავინ არის და აღზრდაც არაა წიგნივით, რომ გადაშლი, წაიკითხავ და გაიმეორებ. ინდივიდუალურია ყველა სიტუაცია, მთავარია, გიყვარდეს ძალიან შენი შვილი, აგრძნობინო და უთხრა ხშირად, რომ გიყვარს და მშობელთან ერთად, მისი საუკეთესო მეგობარიც გახდე.
  • ბავშვი თვითონ დაბანონ, როგორც გამოუვათ, ისე, თანდათან მიხვდებიან, თუ რამე შეცდომა მოუვათ.
  • ძალიან ბევრი თემაა... არასოდეს მისცეთ ბავშვს სიცხის დამწევი 38 ქვემოთ ტემპერატურის დროს, მიაჩვიეთ ბავშვი ქოთანზე დაჯდომას ერთი წლიდან, არ გაასინჯოთ ტკბილი, ასწავლეთ დამოუკიდებლად კოვზის ჭერა, რჩევების გასაგრძელებლად მთელი დღე დამჭირდება.
  • ისე გაზარდოს, როგორც თავად უნდა და არა ისე, როგორ მოსწონს მეზობელს, დედას, დედამთილს, ძმას და ა.შ. ასე ჯობს. ყველამ ისე უნდა გაზარდოს თავისი შვილი, როგორც საჭიროდ მიიჩნევს.
  • საკუთარ ინსტიქტებს მიენდონ... თანამედროვე გაიდლაინები უნდა გაითვალისწინონ, მაგრამ არა ბრმად, ყველანი ინდივიდუალურები ვართ, ისევე როგორც ჩვენი შვილები და რაღაც კომბინაცია უკეთესად მუშაობს ძველისა და ახლის ჩემს გამოცდილებაში.
  • არ იყიდოთ ყველაზე ძვირიანი ნივთები, არასდროს დაადანაშაულოთ საკუთარი თავი, თუ რაიმე არასტანდარტულად წავა და იცოდეთ, ყველა დედა-შვილი ინდივიდუალურია. ვისაც რამე არ მოსწონს, თავის შვილზე გამოსცადონ. თქვენ კი თქვენს ინტუიციას მიჰყევით.
  • უფრო მეტად მოვემზადებოდი ფსიქოლოგიურად, გაჯეტებთან არ მივაკარებდი.
  • მოეშვან, პირველ რიგში. შვილის გაზრდა უნდა იყოს სიამოვნება და არა შფოთვა და შიში, გრძნობს პატარა ამ ყველაფერს. აკეთონ ის, რაც სიამოვნებთ, ჭამონ აბსოლუტურად ყველაფერი (ნორმის ფარგლებში), ბავშვი როცა დაიძინებს აუცილებლად დაისვენონ თვითონაც, არაა სავალდებულო თითოეული წამი მოახმარონ სახლის საქმეს, გამოიფიტებიან ასე, ხშირად გაისეირნონ სუფთა ჰაერზე, ბუნებაში კიდევ უკეთესი, მიენდონ საკუთარ თავსა და ინსტინქტებს, ნუ მისცემენ უფლებას სხვებს ჩაერიონ მათ კვებაში, მოვლასა და გრაფიკში, არ უსმინონ "კეთილ რჩევებს", არ მოერიდოთ ჰქონდეთ ხშირი კავშირი პედიატრთან, მაგრამ ბრმადაც ნუ ენდობიან, მედიკამენტები ყოველთვის გადაამოწმონ vidal.ge-ზე, რამდენად მისაღები და შესაბამისია, კვებას რაც შეეხება, უმჯობესია, თანამედროვე რეკომენდაციებს მიჰყვნენ, უამრავი ინფორმაციაა ინტერნეტში, ხშირად ეს ინფორმაცია ურთიერთსაპირისპიროც კია, ამან არავინ დააბნიოს, საბოლოოდ მაინც ყველა პატარა არის ინდივიდუალური და რასაც თავად მისაღებად და საჭიროდ ჩათვლით, ისე უნდა იმოქმედოთ.
  • ადრეული ასაკიდან გაასინჯეთ კერძები, არ დაუბლენდეროთ არაფერი, ბევრი იძინეთ. არ ეჩხუბოთ და ელაპარაკეთ დაბადებიდან. მერე რა, რომ ჩვილია, ილაპარაკეთ და ელაპარაკეთ.
  • არ იყიდოთ უაზროდ ყველა ნივთი, რაც შეგხვდებათ, ნახევარზე მეტს ვერ გამოიყენებთ, ჯობს წინასწარ გაიკითხოთ, რა გჭირდებათ კონკრეტულად. ასევე, ბავშვი ახოხეთ აუცილებლად და ჩააცვით თხლად, ჩემსავით ნუ ჩაფუთნით.
  • ყველაზე მეტად, რასაც დედები განიცდიან ხოლმე, არის ის დრო, რომელსაც დაკარგულად მიიჩნევენ, დრო, რომელიც უაზრო ფუსფუსსა და ყოველდღიურ წვრილმანებში გაიხარჯა და შვილის გაზრდის სიამოვნებას მოაკლდნენ, არამხოლოდ ამ , არამედ სხვა მიზეზების გამოც. ჩვენს ქვეყანაში ძალიან რთულია დედების ცხოვრება, რადგან ძირითადად მათ აკისრიათ ოჯახური ვალდებულებების 80%, ამას დამატებული შვილთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი უმრავლეს შემთხვევაში, რაც ეკონომიკური პრობლემების მოგვარებასაც მოითხოვს სხვა ყველაფერთან ერთად. ახალბედა დედას ჰყავს უამრავი ადამიანი გარშემო, რომელიც მას ჭკუას არიგებს, თუმცა მხარს იშვიათად უჭერს. სამწუხაროდ, ასეთი ფსიქოლოგებიც კი მოგვეძებნება. არ არის აუცილებელი დედა იყოს იდეალური, საკმარისია იყოს მხოლოდ კარგი. ყველა ვართ ადამიანები, ყველანი ვუშებთ შეცდომებს, ყველა დედას დაუშვია შეცდომა და ისევ დაუშვებს, მთავარია ქალი უსმენდეს საკუთარ მოთხოვნილებებს პირველ რიგში, რადგან სხვაგვარად ბავშვის მოსმენა და გაგებაც გაუჭირდება.
  • მოეშვან და დააკავებინონ ბავშვი ქმრის ნათესავებსაც, არ შეჭამენ, ამ დროს შეუძლიათ დაისვენონ.
  • ბავშვს მიეცით თავისუფლება, მაგრამ ასწავლეთ წესრიგი და დისციპლინა, არჩევანის გაკეთება ასწავლეთ, მიეცით არჩევანის საშუალება. ეთამაშეთ ძალიან ბევრი. არ აუკრძალოთ სათამაშოების ძირს დაყრა, მაგრამ აუცილებლად მიაღებინეთ მონაწილეობა დღის ბოლოს მათ ალაგებაში. და კიდევ, არ ჩაერიოთ პროფესიის არჩევაში. მე ვცადე და კიდევ კარგი არ დამიჯერა.
  • დიახ, შვილის გაზრდა სიამოვნება და არა დაძაბულობა. კატეგორიულად არ უსმინონ გავრცელებულ ცრუ აზრებს, მოუსმინონ მხოლოდ წინასწარ კარგად შერჩეულ პედიატრს. საერთოდ დაივიწყონ მეზობლები და ჩვენს წელთ აღრიცხვამდე რომ ზრდიდნენ, ის მეთოდები! ნუ მოგერიდებათ თქმა, თუ ერევიან თქვენი შვილის აღზრდაში თქვენი სურვილის საწინააღმდეგოდ! მეტიც, იყავით კატეგორიული. ბავშვის დაბადებამდე წინასწარ გაეცანით ყველაფერს, (რაც ზოგადია) რომ იყოთ მეტ-ნაკლებად მზად! თორემ, ისეთი გამოცდილებიც "გამოჩნდებიან", ახალდაბადებულს წყალს დაალევინებენ და მაწონზეც გადაიყვანენ, შუა ზაფხულში ხელთათმანებს ჩააცმევენ და მილიარდი რამე კიდევ!
  • 9 წლის წინ გავაჩინე პირველი შვილი, ვკვებავდი ძუძუთი, ვიყავი დიეტაზე, რადგან ყველა მეუბნებოდა და მეც დარწმუნებული ვიყავი, რომ ძუძუთი კვების დროს შესაძლოა დედის რძემ გაზები დაუგროვოს ბავშვს და მუცელი ატკინოს. გამოფიტული ვიყავი, ყველგან ვვარდებოდი. ახლა მყავს ჩვილი თითქმის 5 თვის, დაბადების დღიდან მივირთმევ რაც მინდა და რამდენსაც მინდა. ბავშვი არ მყავს შერეულ კვებაზე, მხოლოდ ბუნებრივზეა. არასოდეს მქონია პრობლემა შეკრულობასთან ან მუცლის ტკივილთან დაკავშირებით.
  • ტკბილს არ მიაჩვიო, დღემდე ვიტანჯები, აჭამე საათობრივად, აჭამე ბოსტნეული.
  • უნდა ესაუბროთ ყველა მოვლენაზე, ყველა დეტალზე, ყველა საქციელზე, საღამოს წიგნი წაუკითხოთ ილუსტრირებული, 1 წლამდე და მერეც. ეზო, ჰაერი, ძილის წინ საუბრები, ძალიან კარგი გაიზრდება ამ შემთხვევაში ბავშვი.
  • ბევრი ტანსაცმელი არაა საჭირო.
  • ტკბილეული დაუმალეთ, არ გაასინჯოთ. გარეთ, ჰაერზე აუცილებლად ასეირნეთ ხშირად, სეირნობისას გექნებათ მასთან განმარტოების საშუალება, სახლის საქმეები მოიცდის და ესაუბრეთ, ესაუბრეთ. დღის სინათლე, დღის შუქი აუცილებელია ბავშვებისთვის, მხედველობისთვის... არ შეჩერდეთ, რასაც გააკეთებთ, ელაპარაკეთ. არ გააკაროთ მობილურს, ტექნიკას. როცა ბევრი საქმეა, ახლოს გყავდეთ, უსაფრთხოდ, ესაუბრეთ, თან საქმე აკეთეთ. ნივთები დაუსახელეთ. ადრეული ასაკიდან შეაჩვიეთ წვნიანებს, ხილი, ბოსტნეული. ტანსაცმელი უცებ უპატარავდებათ. ბედნიერი დედიკოები ყოფილიყავით დედიკოებო,ყველანი. ბედნიერება, მშვიდობა და ულევი სიკეთე-სიხარული თქვენ და თქვენს შვილებს.
  • ახლა ისე მენატრება ის დრო. ახლა რომ პატარები მყავდნენ, არ დავკარგავდი იმდენ დროს სახლის საქმეებში და უფრო მეტ დროს ჩემს შვილებთან გავატარებდი. მე კიდევ ჯერ სახლი და საჭმელი, რეცხვა და მერე უკვე თავიც აღარ მქონდა მათთან ყოფნის. გაითვალისწინეთ, იმ დროს ვეღარ დაიბრუნებთ. მოეფერეთ თქვენს შვილებს, რაც შეიძლება გააბედნიერეთ თქვენი ალერსით. დამიჯერეთ, რაც არ უნდა აკეთოთ, საქმე მაინც კიდევ ბევრი იქნება და შვილზე დაკლებული ყურადღება ორივესთვის აუნაზღაურებელია.
  • მოერიდეთ ნეგატიურ ხალხს და არამკითხე ახლობლებს.


3190
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები