ბებია, რომელიც ახალბედა დედას ბავშვის მოვლაში დახმარებას სთავაზობს, ხშირად ნამდვილი საგანძურია. თუმცა, რა ხდება მაშინ, როცა მას და ბავშვის დედას აღზრდასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები აქვთ და ამის გამო კონფლიქტური სიტუაცია იქმნება - ფსიქოლოგები განმარტავენ:
შესაძლოა უფროსი თაობისგან ხშირად მოისმინოთ კრიტიკა ბავშვის მოვლასთან დაკავშირებით, გითხრან, რომ კონკრეტული ნივთების ყიდვა არ არის საჭირო და თავად შვილები ისე გაზარდეს, რომ ეს რაღაცები არ ჰქონიათ. ამ დროს კი თქვენ თქვენი პოზიცია გაქთ, შინაგან ხმას ენდობით და გსურთ, ისე გაზარდოთ ბავშვი, როგორც თავად თვლით სწორად. მსგავს შემთხვევებში კონფლიქტების ალბათობაც დიდია, რადგანაც დედები ამას მათ საქმეში უხეშ ჩარევად მიიჩნევენ და მუდმივი შენიშვნებიც არ სიამოვნებთ.
გამოსავალი მხოლოდ ერთია და სპეციალისტების განმარტებით, ეს ფსიქოლოგიური საზღვრების შემუშავებაა. ფსიქოლოგიური საზღვრები უხილავი ხაზია, რომელიც ჩვენს ცნობიერებაში ჰყოფს "ჩემსა" და "სხვის" სივრცეს. თუ კარგი საზღვრები გაქვთ, მაშინ გესმით, რომ დედა ან დედამთილი ცალკე ადამიანია, რომელსაც საკუთარი აზრი აქვს და ამ აზრსაც აქვს არსებობის უფლება. შესაძლოა, დისკომფორტს გიქმნიდეთ გამუდმებით ამ აზრების "თავსმოხვევა", მაგრამ თუ დარწმუნებული ხართ, რომ ყველაფერს სწორად აკეთებთ და ეს თქვენი შვილისთვის საჭიროა, სხვებთან კონფლიქტისა და განსჯის გარეშე მოიქეცით ისე, როგორც თქვენ თვლით სწორად. "ეს მხოლოდ სხვა ადამიანის აზრია. არ უნდა ავყვე მას. შემიძლია მოვუსმინო იმას, რაც სასარგებლოა. მაგრამ ეს ჩემი შვილია და მის განვითარებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე ჩვენ, მისი მშობლები ვიღებთ გადაწყვეტილებას", - საკუთარი თავისთვის ამის ჩაგონება შესაძლოა, სტრესისგან გათავისუფლებაში დაგეხმაროთ.
როგორ ვუპასუხოთ რჩევას?
თუ შესაძლებელია, მშვიდად. რატომ ხარჯავთ ენერგიას დარწმუნებაზე, კამათსა და იმის დამტკიცებაზე, რომ თქვენ დიდი ხნის წინ გამოხვედით ბავშვობის ასაკიდან და დამოუკიდებლად შეგიძლიათ გადაწყვეტილებების მიღება? უფროსი თაობის წარმომადგენლებს ნუ ჩაუდგებით ჯიბრში და, რა თქმა უნდა, გაითვალისწინეთ ის, რაც სასარგებლოა. თუმცა, არასათანადო რჩევებზე ძალიან მშვიდად შეგიძლიათ უთხრათ: "ჩვენი პედიატრი სხვაგვარად გვირჩევს და ჩემთვის სპეციალისტის რეკომენდაცია მნიშვნელოვანია."
კიდევ ერთი უნივერსალური გზავნილი: "შენ უკვე გაზარდე შენი შვილები. ახლა ჩემი ჯერია. საკუთარი გამოცდილება უნდა მივიღო. მხოლოდ ამ გზით შემიძლია ვისწავლო ჩემი თავის ნდობა და ჩემ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობის აღება". მსგავსი ფრაზა შესაძლოა, ნდობის აღდგენასა და კეთილგანწყობის შენარჩუნებაში დაგეხმაროთ.
თუ ბავშვის ბებია დამოუკიდებლად ნაბიჯის გადადგმის საშუალებას არ გაძლევთ და მეტიც, შეურაცხყოფას გაყენებთ, გახსოვდეთ, რომ ადამიანები ასე მაშინ იქცევიან, როდესაც საკუთარი ავტორიტეტის დამტკიცება სურთ და ამის ასრულებას თავის დროზე ვერ ახერხებდნენ.
გარდა ამისა, ხშირად ბებიები, ბაბუები როდესაც ბავშვის მშობლებისგან შენიშვნას იღებენ, შვილიშვილს მათგან ფარულად აძლევენ, მაგალითად, ტკბილეულს, სათამაშოს. აუცილებლად უნდა განუმარტოთ, რომ თქვენ მშობლები ხართ და ბავშვის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე პირველ რიგში, თავად აგებთ პასუხს. ზუსტი სტრატეგია გაუწერეთ, რა ნაწილში შეუძლია ჩარევა და რა არის თქვენი კომპეტენცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ყოველთვის ისე გააგრძელებს მოქცევას, როგორც თავად სურს და თქვენს მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს.
შეგიძლიათ მშვიდად უთხრათ: "არავითარ შემთხვევაში არ მინდა, რომ ჩემი სიტყვები კრიტიკას ჰგავდეს. მაგრამ, მსურს ვისაუბრო იმაზე, რაც მიუღებლად ან საზიანოდ მიმაჩნია ბავშვისთვის. თუ ბავშვი დღის განმავლობაში დროულად არ დაიძინებს, საღამოს ძალიან გაღიზიანებული იქნება. ამიტომ, გთხოვთ, დღის მანძილზეც დავაძინოთ." მსგავსი ფრაზები შეგიძლიათ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით გამოიყენოთ და აჩვენოთ ბებიას, რომ ეს თქვენი უბრალო ახირება კი არა, შვილის კეთილდღეობისთვის გადადგმული ნაბიჯია.
თუ ბებია ამ ყველაფერს არ ითვალისწინებს და თქვენს სიტყვებს ისე იღებს, თითქოს არც გითქვამთ, უფრო მკაცრად მოსთხოვეთ ან უარი თქვით მის დახმარებაზე. რაც მთავარია, გახსოვდეთ, რომ ზუსტად დაწერილი წესები არ არსებობს და ურთიერთობაში თავად უნდა განსაზღვროთ, რას მიანიჭებთ უპირატესობას.