მსახიობები გიორგი მახარაძე და
მარიამ ნადირაძე ხშირად ექცევიან საზოგადოების ყურადღების ცენტრში. მშობლებს პოპულარობით არც პატარა ნიკა ჩამორჩება. მშობლები ხშირად აზიარებენ სოციალურ ქსელში ქალიშვილის სახალისო ფოტოებს და ვიდეოებს, რასაც ყოველთვის დიდი გამოხმაურება მოჰყვება ხოლმე. სულ მალე ნიკას ცხოვრებაში დიდი სიახლეები იქნება - საბავშვო ბაღში მიდის...
როგორ ზრდიან გიორგი და მარიამი პატარა ნიკას, როგორ ატარებენ მასთან ერთად დროს, ამის შესახებ მარიამი გვესაუბრა.
- საოცარი და ამაღელვებელი შეგრძნება დამეუფლა, როცა გავიგე, რომ დედა უნდა გავმხდარიყავი. ზოგადად მე და გიორგი შვილის ყოლას ვგეგმავდით, მაგრამ იმ კონკრეტულ მომენტში არ ველოდებოდით და ეს განსაკუთრებული სიხარული იყო. როცა გავიგე, რომ ორსულად ვიყავი, თითქოს სხვა სამყაროში მოვხვდი და ჩემთვის უცხო, ამოუცნობ სიხარულს განვიცდიდი.
- ნიკას დაბადებით რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში?
- ძალიან ბევრი რამის გადაფასება მოგვიხდა. ყოველი დღე მეტად ხალისიანი და საინტერესო გახდა. უფრო მძაფრად შევიგრძნობ ბედნიერებას და გაცილებით მეტი მნიშვნელობა შეიძინა ცხოვრებამ. უფრო პასუხისმგებლიანი გავხდი. აქამდე თითქოს რაღაც გვაკლდა და შევივსეთ. ნიკასთან ერთად აბსოლუტურად ახალ რაღაცებს შევეხეთ და მასთან ერთად ვიზრდებით. დიდ დროს ვატარებთ მასთან ერთად, ვეთამაშებით, ვასწავლით და ბევრს ვმხიარულობთ კიდეც.
- გიორგი რამდენად არის ჩართული ბავშვის აღზრდის პროცესში?
- პირველივე წამიდან არ ყოფილა მომენტი, რომ ერთად არ მივსულიყავით გინეკოლოგთან, პედიატრთან და ა.შ. მეც და გიორგიც თანაბრად ვინაწილებთ მშობლების როლებს. ორივე აქტიურად ვართ ჩართული ნიკას აღზრდაში. ვცდილობთ ერთმანეთს დავეხმაროთ და შევუწყოთ ხელი. სიტყვა „მეხმარებას“ ვერ ვიტყოდი გიორგიზე, რადგან ორივე ერთნაირად ვუვლით ჩვენს პატარას. მაქსიმალურად ცვდილობთ, ჩვენი ცხოვრების ეს მომენტი ნაყოფიერად გამოვიყენოთ და დიდი დრო გავატაროთ ნიკასთან.
- ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის დავის საგანს წარმოადგენს ბავშვის აღზრდის მეთოდები. ზოგი მიიჩნევს, რომ ბავშვი მკაცრად უნდა აღზარდო, ზოგი პირიქით. თქვენ როგორი მეთოდების მომხრე ხართ?
- მე მკაცრი მიდგომები არ მომწონს. მიმაჩნია, რომ სიყვარულით, დათმობებით, მოფერებით, ბევრი საუბრით უფრო მეტს ვასწავლით პატარას. მე მაინც პოზიტიური აღზრდის მეთოდს ვანიჭებ უპირატესობას. ჯერ პატარაა და აკრძალვებით ვერაფერს გავაგებინებ, ამიტომ ამ მეთოდს არ ვიყენებ.
- როგორი ბავშვია, უყვარს ჭირვეულობა?
- საბედნიეროდ, ჭირვეული ბავშვი არაა. ძალიან იშვიათ შემთხვევაში ჭირვეულობს. მაგალითად, თუ რამე აწუხებს, რამე სტკივა, რაღაცა უნდა და ვერ გვაგებინებს. ვერ ვიხსენებ ერთ ღამესაც კი, რომ მისი ჭირვეულობის გამო გაგვეთენებინოს.
- ნიკა ძალიან პოპულარულია სოციალურ ქსელებში და ხშირად ექცევა ყურადღების ცენტრში... ამ ფაქტს როგორ უყურებთ?
- ეს ძალიან ექსპრომტად მოხდა. რაღაცნაირი ბავშვია და იზიდავს ადამიანებს. ნამდვილად არ გვქონდა განზრახული, რომ პოპულარული გამხდარიყო. დიდი გამოხმაურება მოჰყვება ხოლმე მის ფოტოებს, ვიდეოებს, რაც ძალიან გვახარებს. ამასთან, ყველა კომენტარი პოზიტიურია. მიხარია, რომ უყვართ ჩემი შვილი და თბილ სიტყვებს არ იშურებენ.
- ძიძის დახმარებით თუ სარგებლობთ?
- ნიკას ჩვენ ვზრდით, ძიძა არ ვყავს. თუმცა ძალიან ბევრ ჩემს მეგობარს ჰყავს ძიძა და არ ვთვლი, რომ რაიმეს არასწორს აკეთებენ. ყველა მშობელს უჭირს, რომ სხვა ადამიანს მიანდოს თავისი შვილი. დიდი გამართლებაა, თუ კეთილსინდისიერი ადამიანი შეგხვდება და მას ანდობ შენს შვილს. თუ მუშაობ და ბავშვს ძიძა ზრდის, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ცუდი დედა ხარ. ბევრი დედა, რომელიც მუშაობს და მხოლოდ რამდენიმე საათს ატარებს შვილთან, შესაძლოა ამ მცირე დროს უფრო ნაყოფიერად იყენებდეს, ვიდრე ის, ვინც მთელი დღე შვილთან ერთადაა. ყველაფერი ინდივიდუალურია.
- ბაღში ხომ არ აპირებთ მის შეყვანას?
- დიახ, ბაღში მიგვყავს, თუმცა ეს პერიოდი იქნება შეუების პერიოდი და მთელი დღით არ დავტოვებთ. მომავალი წლიდან უკვე მეტ დროს გაატარებს. ძალიან მინდა, ბაღში იაროს, ბავშვებთან კომუნიკაცია ისწავლოს და მეტად სოციალური იყოს. იქ თავისი თავგადასავლები ექნება და დამოუკიდებლობასაც მიეჩვევა.
- რა კრიტერიუმებით შეარჩიეთ ბაღი?
- პირველ რიგში მინდოდა ისეთი ბაღი ყოფილიყო, სადაც ბავშვს ასწავლიდნენ დამოუკიდებლობას, გამოუმუშავებდნენ სასურველ უნარ-ჩვევებს, ექნებოდათ ჰუმანური მიდგომები. ამასთან, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იყო უსაფრთხოება. იმედი მაქვს, ძალიან მოეწონება ბაღი და ადვილად შეეჩვევა ახალ გარემოს, ბევრ სასარგებლო რამეს ისწავლის და გამოიყენებს ცხოვრებაში.
- როგორც ვიცი ჯანსაღი პროდუქტით კვებავთ. როგორ მიაჩვიეთ და როგორია მისი მენიუ?
- ვცდილობთ. სახლში ყველამ ვიკვებოთ ჯანსაღად. მე და გიორგი ხორცეულს არ მივირთმევთ, შესაბამისად ვცდილობ არ მოვამზადო. თუ სტუმრად ვარ, ნიკას აუცილებლად ვთავაზობ ხორცს და თევზს. ვცდილობ ისეთი პროდუქტი შევურჩიო, რაც ბავშვის ორგანიზმს სჭირდება ზრდა-განვითარებისთვის. ხშირად ვთავაზობ ბოსტნეულს, ხილს, მაგრამ ზოგჯერ პირსაც არ აკარებს და არც ვაძალებ. რაც ცოტა წამოიზარდა და ბავშვებთან უწევს ურთიერთობა, ხშირად ხედავს როგორ მიირთმევენ ისინი შოკოლადებს, ჩიფსებს და ამ დროს რომ მთხოვს, ვცდილობ არ ავუკრძალო. თუმცა სახლში არასოდეს ვყიდულობ.
- ისევ თუ აწოვებთ ძუძუს და რას ფიქრობთ საჯაროდ ძუძუთი კვებაზე?
- დიახ, ძუძუს ისევ ჭამს. ნელ-ნელა ვცდილობ გადავაჩვიო. შუადღეს უკვე აღარ ჭამს, ძირითადად ღამე გეახლებათ. რაც შეეხება საჯარო სივრცეებში ძუძუთი კვებას, მიმაჩნია, რომ ეს ძალიან ეხმარება მშობელს, არ იყოს იზოლაციაში. ჩემს შემთხვევაში, ნიკას როცა უნდებოდა, მაშინ იკვებებოდა და ამის გამო დისკომფორტი არ მქონია. ასე რომ არ მოვქცეულიყავი, სულ სახლში მომიწევდა ჯდომა. კანონითაც და მორალურადაც გვაქვს დედებს უფლება. ნებისმიერ დროს და ადგილას გამოვკვებოთ ბავშვი. ეს არის ძალიან დიდი კომფორტი ბავშვისთვისაც და დედისთვისაც.
მერი ბლიაძე