მაია ჯიშკარიანი ოთხი შვილის დედაა. მათ შორის სამი ტყუპია. სოციალური ქსელის საშუალებით მხიარულ, ცელქ ბიჭუნებს და მათ უფროს დაიკოს უკვე ბევრი ადამიანი იცნობს. როგორ უვლის ოთხ ბავშვს და მით უმეტეს, სამ ცელქ ბიჭუნას, ამაზე მაკა თავად ისაუბრებს.
- უფროსი გოგონა ანამარია 7 წლისაა, მეორე კლასის ყოჩაღი მოსწავლეა. ტყუპები 3 წლის არიან, მათე სანდრო და გაბრიელი.
- რა გრძნობა დაგეუფლათ, როცა გაიგეთ რომ სამი ტყუპის დედა გახდებოდით?
- როცა გავიგე, რომ სამი ტყუპის დედა გავხდებოდი, პირველი ეს იყო სიხარული, მეორე - შიში, მესამე - დაბნეულობა. არც არავის ვიცნობდი, ვისაც სამი ტყუპი ჰყავდა, ამან უფრო დამაბნია.
- ორსულობა როგორ წარიმართა, რაიმე გართულება ან პრობლემა ხომ არ გქონდათ?
- იმდენად რთული იყო ორსულობის პერიოდი, იმაზე ფიქრის დროც არ მქონდა, თუ როგორ გავზრდიდი ბავშვებს, რამდენად რთული იქნებოდა ეს ყველაფერი. მადლობა ღმერთს, კარგად ჩაიარა ყველაფერმა. იყო ბევრი შიში, ბევრი ცრემლი, მაგრამ მადლობა ღმერთს ყოველი დღისთვის, იმ გამოვლილი სირთულეებით კი უფრო ძლიერი გავხდი.
- ოთხივეს მცირე ასაკი აქვს. როგორ ანაწილებთ ყურადღებას, ზრუნვას? არ გიჭირთ?
- ალბათ მეპატიება თუ ვიტყვი, რომ რთულია სამი ცელქი ტყუპის მარტო გაზრდა, აღზრდა. მეუღლე სამსახურიდან გამომდინარე ვერ მეხმარება, როცა ახერხებს ჩვენთან ყოფნას, ყოველთვის ცდილობს გაგვიფერადოს დღე.
Videoროცა სახლში სამი ტყუპია
- ტყუპები რამდენად გვანან ერთმანეთს და რომელი უფრო ცელქია?
- ტყუპები ძალიან გვანან ერთმანეთს, ყველა მეკითხება, როგორ არჩევო. ხასიათით განსხვავდებიან, როცა ტირის ერთი, შორიდანვე ვიცი, რომელია. ანამარიაც არჩევს, არ შეშლია არასდროს, ძალიან თბილი ურთიერთობა აქვთ. ბედნიერებაა, როცა ხედავ, თუ როგორ უყვართ შენს შვილებს ერთმანეთი.
- ანამარია ზრუნავს ხოლმე ძმებზე?
- ჯერ თვითონაც პატარაა, თუმცა თავისებურად იჩენს მზრუნველობას და ეს ძალიან მახარებს. შვილი უფლის საჩუქარია, დედობა გმირობაა, მინდა, ყველა დედა იყოს ბედნიერი.
- მანამდე გიფიქრიათ, რომ მრავალშვილიანი დედა იქნებოდით?
- არ მიფიქრია მრავალშვილიან დედობაზე. უფალმა მაჩუქა ოთხი მზესავით შვილი. ვცდილობ და ვახერხებ, არც ერთს არ მოვაკლო სიყვარული და ყურადღება. დედისთვის ეს არაა რთული, სიყვარული ხომ გულიდან მოდის, ჩემი სამყარო ჩემი შვილებია.
მერი ბლიაძე