რას ფიქრობენ ამ საკითხზე ცნობილი ქართველები და რატომ დაესწრო გია ჯაჯანიძე ქალიშვილის მშობიარობას შვილის ამქვეყნად მოვლინება ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, თუმცა უნდა დაესწროს თუ არა ამ ფაქტს მამა, ან სხვა ადამიანი დედის გარდა, ეს ჯერ კიდევ სადავო საკითხია. საზოგადოების ნაწილი ამბობს, რომ არაა სასიამოვნო, ქმარმა ცოლი მშობიარობის არაესთეტიკურ მომენტში ნახოს, მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ მშობლებმა ერთად უნდა გაიზიარონ შვილის დაბადების სიხარული.
ამ საკითხზე ახალგაზრდა ცნობილ დედებს ვკითხეთ აზრი, მაგალითად, ანუ გიუნტერს, რომელსაც მეუღლე ესწრებოდა მშობიარობის დროს. არც გია ჯაჯანიძე გამოგვრჩენია, რომელმაც ამ მხრივაც გამოიჩინა ორიგინალურობა და არათუ საკუთარი შვილის, არამედ შვილიშვილის დაბადებას დაესწრო.
ანი გიუნტერი: "კაცი ცოლის მშობიარობას კი არა, საკუთარი შვილის დაბადებას ესწრება"
- ჩემი მშობიარობა არაპრეტენზიული ორსულობის გაგრძელება იყო. ზოგადად, ქალი ორსულიც და არაორსულიც ისე იქცევა, რის საშუალებასაც ქმარი აძლევს. ჩემი მეუღლე, კახა, ყოველთვის ხაზს უსვამდა იმას, რომ უპრეტენზიო და უპრობლემო ორსული ვიყავი და მეც როლში შევიჭერი (იღიმის). ჩემმა გერმანულმა გაკაჟებამ ფეხმძიმობისა და მშობიარობის დროს, არც ისე კარგი სამსახური გამიწია, რადგან ამ ყველაფრის შემდეგ ჩემი ქმარი დარწმუნებულია, რომ არ შეიძლება, მე რამე მტკიოდეს. ამის მაგალითად ჩემი მშობიარობა მოჰყავს - რასაც სხვა ქალები ჭკუიდან გადაჰყავს, შენ ისე გადაიტანე, იმის ფონზე ძნელი დასაჯერებელია, რამე გტკიოდეს ან გაწუხებდესო.
- ამბობენ, მშობიარობაზე დასწრების შემდეგ მამაკაცები ცოლების მიმართ კიდევ უფრო მგრძნობიარეები ხდებიანო...
- არ მოვქცეულვარ ბლოკში ისე, რომ ჩემი მეუღლე შემეწუხებინა და ეს მიხაროდა. ჩუმად დავდიოდი და სუნთქვით ვარჯიშებს ვაკეთებდი. სიცილის თერაპიაც დამეხმარა მდგომარეობის შემსუბუქებაში. ეგ კი არა, ჩემთვის განკუთვნილ ლოგინზე კახას ჩაეძინა. რომ გაიღვიძა, გაოცებულმა მკითხა, რას დადიხარ აქეთ-იქითო? ძალიან მშვიდად ვუპასუხე, ვმშობიარობ-მეთქი. უშუალოდ ბავშვის დაბადების წინ ექიმმა მკითხა, მეუღლე გავაღვიძოთო? შევყოყმანდი, ვიფიქრე, იქნებ უკვე დაბადებული ბავშვი ჩავახუტო-მეთქი, ავტომატურად ისევ მის კომფორტზე ვფიქრობდი, მაშინაც კი გავუფრთხილდი, როცა ერთად უნდა გაგვეზიარებინა ის დიდი სიხარული, რაც შვილის დაბადებაა... ბოლოს, რა თქმა უნდა, მაინც შევაღვიძე და... ზუსტად 3 წუთში, ოჯახში უკვე სამნი ვიყავით. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემი შვილების მამას იმ ყურადღებისთვის, რაც ჩემ მიმართ გამოუხატავას.
ისეთ მომენტში, როცა შვილი უნდა გაგიჩნდეს, საყვარელი ადამიანის გვერდით ყოფნა, როგორ მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს ის, მაინც სასიამოვნოა. ამიტომაც, მეორე შვილზე მშობიარობისას კახას დასწრება-არდასწრების საკითხი არც განიხილებოდა, თუმცა დარწმუნებული რომ არ ვყოფილიყავი იმაში, თუ როგორ შემიძლია და შემეძლო გავმკლავებოდი ტკივილს და ამეტანა ეს ყველაფერი, ალბათ არ ვისურვებდი მეუღლის ჩემთან ერთად ყოფნას. იმდენად ჩუმად ვიყავი, რომ თვითონ კახამ მითხრა, ზრდილობის გულისთვის მაინც წამოიკივლეო.
- მშობიარობაზე ქმრის დასწრების ნეგატიური მხარე რა არის? ამბობენ, ეს ესთეტიკური არაა და უმჯობესია, თუ ქმარი ცოლს ასეთ მდგომარეობაში არ ნახავსო...
- პროცესის წარმართვა ექიმის საქმეა, მაგრამ როცა თავთან გიდგას მეუღლე და შენი ხელი უჭირავს, ეს ბევრს ნიშნავს. თან ექიმის შემდეგ ის მეორე ადამიანია, რომელიც ბავშვს ხედავს. შეიძლება, იმ მომენტში დედამაც კი ვერ დაინახოს შვილი. ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში ის ცოლის მშობიარობას კი არა, საკუთარი შვილის დაბადებას ესწრება. ეს ის შემთხვევა გახლდათ, როცა მე ჩემი პოზიცია დავთმე და ყველანაირი ეჭვიანობის გარეშე, ეს პირველობა დავუთმე ქალს, რომელიც ჩემი შვილია.
გია ჯაჯანიძე: "ქალად დაბადება გმირობაა"
- გია, გაგვიმხილე, რატომ გადაწყვიტე, დასწრებოდი შვილის მშობიარობას და შვილიშვილის დაბადებას?
- ჩემი შვილის, ნინოს პირველი ფეხმძიმობა ტრაგიკულად დასრულდა, ეს ცალკე ისტორიაა, რომლის დეტალებსაც არ მოვყვები, საზოგადოება უფრო მეტად რომ არ დავამძიმო... მაგრამ ამ ფაქტმა გადამაწყვეტინა, მეორე მშობიარობას დავსწრებოდი.
მეორე ფეხმძიმობამ კარგად ჩაიარა. სამშობიაროდ რომ მივიყვანეთ, ვიკითხე, შეიძლება, დავესწრო-მეთქი? ყველას გაუკვირდა, ჩემი შვილის გარდა, რადგან მან იცის, როგორიც ვარ. ვიცოდი, სტრესი მექნებოდა, მაგრამ ცნობისმოყვარეობა და შვილის გვერდით დგომის სურვილი მამოძრავდება... მიუხედავად ამისა, გამოგიტყდებით, მეგონა, უარს მეტყოდნენ. ექიმებმა კი არჩევანის წინაშე დაგვაყენეს, ან ბავშვის მამა შევიდეს მშობიარესთან, ან კიდევ - ბაბუაო, ანუ მე. რასაკვირველია, უპირატესობა ჩემს სიძეს დავუთმე, მაგრამ ჩემს შვილს, ნინოს, სამშობიარო ტკივილები რომ დაეწყო, მისმა ქმარმა ისე განიცადა, ფერდაკარგული გამოიყვანეს. მითხრა, ვერ გავუძლებ ამ ყველაფერსო. ექიმებმაც მაშინვე მიხმეს, გოგოს მამა მობრძანდესო. თქვენ მტერს, მე იქ დღე დამადგა, მაგრამ ხომ უტეხი ვარ?! ძალიან დაწყობილი სახით შევედი, თან ვფიქრობდი, რა მალაპარაკებდა-მეთქი... მაგრამ ადამიანები ყველაზე მეტად ხომ თავად ვვნებთ საკუთარ თავებს!
მოკლედ, მიჭირავს ჩემი შვილის ხელი ხელში, მეორეზე წვეთოვანი უდგას და ყვირის, მიშველეთ, მიშველეთო. ცოტა ხნის მერე, რომ გადავირიე, კი ვუთხარი, რომ თხოვდებოდი, მაშინ რატომ არ ყვიროდი, მიშველეთო... (იცინის) მერე და მერე აღვიდგინე, რომ სამშობიარო ბლოკში ყოფნისას ტრანსში ვიყავი. ეს ყველა ადამიანმა უნდა ნახოს. იმ დღის შემდეგ ჩემში საოცარი გადატრიალება მოხდა, მას შემდეგ ვცდილობ, ადამიანებს გული არც ერთ შემთხვევაში არ ვატკინო, არავინ გავლანძღო, მეტიც - იმ მომენტში მინდოდა, ყველასთვის ბოდიში მომეხდა, პატიება მეთხოვა, მაგრამ რისთვის, არ ვიცი.
ქალად დაბადება გმირობაა. დედაჩემი ხომ ისედაც სიგიჟემდე მიყვარდა და ამის შემდეგ მასზე უფრო "გადავირიე", გულში კი სამივე ჩემს ცოლს ბოდიშს ვუხდიდი. კაცმა უნდა ნახოს, რა ჯოჯოხეთი და რა ტკივილია შვილის გაჩენა. ადამიანები ამის შემდეგ უფრო დააფასებენ ერთმანეთს და განსაკუთრებით - მშობლებს. ასეთი ტკივილით გაჩენილ შვილს დედა რომ გთხოვს, დამირეკე, როცა დაგაგვიანდება და გამაგებინე, რომ კარგად ხარო, ეს როგორ არ უნდა შეუსრულო?! კიდევ ერთ რამეს მინდა გავუსვა ხაზი, რძალ-დედამთილის ურთიერთობაზე ვამახვილებ ყურადღებას. ხშირად ქალი სიყვარულით მიჰყვება მამაკაცს, მაგრამ დედამთილს ვერ იტანს. როგორ შეიძლება, პირობითად, ავეჯის გადადგმა-გადმოდგმის გამო გძულდეს ადამიანი, რომელმაც გააჩინა შენთვის საყვარელი მამაკაცი?!
- ისეთი ემოციებით საუბრობთ მშობიარობაზე, რომ მაინტერესებს, შვილების დაბადებას არ დასწრებიხართ?
- იმ დროს სად იყო დასწრება, ეგ კი არა, კარის კაცი თვალებში გიყურებდა, ფულს რამდენს მისცემდი. ისე, მაშინ არც მიფიქრია დასწრებაზე, მაგრამ ჩემი შვილი მეკითხება ხოლმე, კიდევ რომ გავაჩინო, დაესწრებიო? არ ვიცი, იმ მომენტში როგორ მოვიქცევი, მაგრამ ჩემი შვილიშვილის, ალექსანდრე ალიმბარაშვილის დაბადებამ დადებითად იმოქმედა ჩემზე და დიდი გავლენა მოახდინა...
მანიკა ასათიანი: "თვითონ არ მქონდა სურვილი, რომ იმ მომენტში ჩემი ქმარი ჩემთან ყოფილიყო"
- ორსულისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული ნიშნები არ მქონია, ბექაზე ისედაც ვარ დამოკიდებული და ფეხმძიმობისასაც ასე იყო. რაც შეეხება მშობიარობაზე დასწრებას, მე თვითონ არ მქონდა სურვილი, რომ იმ მომენტში ჩემი ქმარი ჩემთან ყოფილიყო. ჯერ ერთი იმიტომ, რომ კაცები უფრო სუსტები არიან და შეიძლება, იქით მისახედები გახდნენ. გარდა ამისა, სულაც არ მიმაჩნია, რომ აუცილებელია, კაცმა ნახოს ეს პროცესი.
- თუმცა, ამბობენ, რომ კაცების დამოკიდებულება ქალების მიმართ მეტად იცვლება ამ მომენტის შემდეგ...
- ჩემს ქმარს ისედაც მშვენიერი დამოკიდებულება აქვს ქალების მიმართ (იღიმის). მსმენია მსგავსი ისტორიების შესახებ, მაგრამ ქმარს რომ შვილს უჩენ, თავისთავად ყველაფერი სხვანაირად ვითარდება და დამოკიდებულება ისედაც იცვლება, ამისთვის პროცესზე დასწრება სულაც არაა საჭირო.
- ზოგადად, შვილმა შეცვალა ბექა?
- კი, რა თქმა უნდა. უფრო დიდი პასუხისმგებლობა შესძინა და სულ ოჯახში უნდა ყოფნა. რამეს რომ აკეთებს, პირველ რიგში ჩემზე და გიოზე ფიქრობს. შვილი ხომ სასწაულია!
ციცი ომანიძე