რა გავლენა მოახდინა პოპულარობამ მის პირად ცხოვრებაზე - "კაცი ძნელად ხარშავს მეორე ნახევრის პოპულარობას..." პოპულარობამ მარინა ბერიძეს ბევრი დადებითი მოუტანა და ბევრიც- უარყოფითი, მაგრამ მაინც ფიქრობს, რომ ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ადამიანებს უყვარხარ. თვითონ ყველგან გრძნობს ამ სიყვარულს.
- ძალიან ბედნიერი დღეები გვაქვს, მეოთხე შვილიშვილი, ანიტა შემეძინა. ზუკა 14 წლისაა, კატო- 11 წლის, ქეთო- 7-ის. ანიტა სულ ორი კვირისაა. მართალია, თავიდან, ეს ამბავი რომ გავიგე, ძალიან გავაპროტესტე, რადგან რთულია, მაგრამ ანიტამ ძალიან დიდი სიხარული მოგვიტანა. ბავშვებიც სხვანაირები გახდნენ, დედას ეხმარებიან, ძალიან კარგი ჩინელი გოგო გვყავს, წვრილი თვალებით.
- ვიცი, რომ პატარის აღზრდაში ჩართული ხართ.
- ვეხმარები, განსაკუთრებით დილას, როცა ბავშვები სკოლაში არიან გასაშვები.
- ოთხი შვილის დედობა უფრო რთულია, ვიდრე ბებიობა.
- რა თქმა უნდა, თუმცა მე რომ ვიხსენებ, დედობა არ გამჭირვებია. ეს რა სალაპარაკოა, მაგრამ შვილთან ძალიან მეგობრული ურთიერთობა მაქვს. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. რაც უნდა წარმატებას მიაღწიო და კარიერაზე იყო გადამკვდარი, თუ შვილი კარგად არ გაზარდე, არაფერს აზრი არ აქვს. ქალის დანიშნულება, პირველ რიგში, ეს არის.
- თქვენი შვილი რას ფიქრობს თქვენს პოპულარობაზე?
- მოსწონს და სადღაც ამაყობს კიდეც, შეჩვეულია. პოპულარობისთვის მიზანდასახულად არ მიმუშავია, ყოველთვის ჩემს საქმეს ვაკეთებდი. ჩვენ ვიცით ადამიანები, რომლებიც ამაში დიდ ფულს ხარჯავენ, მიდიან შავ პიარზეც, ასეთი პოპულარობა სწორად არ მიმაჩნია და მოკლევადიანია. პოპულარობა ისაა, როცა შენდა უნებურად, საქმიდან გამომდინარე ხდები ცნობილი. რასაკვირველია, იღბალიც უნდა გქონდეს. სანამ ტელევიზიაში მოვიდოდი, მეგონა, რომ ძალიან პოპულარული ვიყავი. მყავდა დიდი სამეგობრო წრე და საქმიანობაშიც წარმატებული გახლდით, მაგრამ ტელევიზიაში გამოჩენამ ეს პოპულარობა გააასმაგა.
- თუ მოქმედებს პოპულარობა პირად ცხოვრებაზე?
- ძალიან მოქმედებს და აგერ ვზივარ ცოცხალი მაგალითი. ჩემი ცხოვრების ყველაზე მტკივნეული მომენტი იყო ჩემი პოპულარობის რეზულტატი. კაცი ძნელად ხარშავს მეორე ნახევრის პოპულარობას. ვიღაც რომ იტყვის, გაიცანით, ეს მარინა ბერიძის ქმარიაო… იქ ინთება წითელი. ალბათ, ძალიან ინტელექტუალურ მამაკაცს, მიმტევებელს და იუმორის გრძნობის მქონეს ეს არ დაემართება. ჩემს შემთხვევაში ძალიან დიდ პოპულარობას მოჰყვა დროის დეფიციტი. თავშიც გივარდება და ეს არავინ უარყოს. მერე სახლში რომ ქმარი რაღაცას გეუბნება, სერიოზულად არ იღებ, ამიტომ ამას სიფრთხილე უნდა. სხვა საქმეა, თუ მამულიჩა ხარ და იმავე სფეროში მოღვაწეობ. აღფრთოვანებული ვარ ნინა სუბლატის ქმრით, რომელიც არის ფენომენალური მუსიკოსი და ძალიან კარგი პროდიუსერი, რომელიც ცოლს ეხმარება. მეც ასეთი ოჯახი მქონდა, ორი მუსიკოსის, მაგრამ რაღაც ეტაპზე მე ძალიან გავვარდი წინ და ეს დამანგრეველია. კაცის პოპულარობას მეტ-ნაკლებად იტანენ ცოლები. მეც მქონია ასეთი პერიოდი, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ჩემი ქმარი არანორმალურად პოპულარული იყო. მართალია, სულ ვიყავი მარინა ბერიძე და არა მისი გვარ-სახელის ცოლი, მაგრამ მომწონდა, მას რომ კარგად ხვდებოდნენ.
გზის დასაწყისშივე უნდა მიხვდე და დააბალანსო, თუ გინდა პირადი ცხოვრებაც და კარიერაც. მე ძალიან ბევრი წელი მეგონა, რომ გამონაკლისი ვიყავი. ისიც საშიშია, ვინ გამოჩნდება მის ცხოვრებაში (იცინის). თუ გამოჩნდა საყვარელი, კარგი გოგო, რომელსაც აქვს მიზანი, რომ ეს ყველაფერი დაანგრიოს, მაშინ ინგრევა ოჯახი, თორემ რამდენი კაცი გინახავთ, მიდის-მოდის და ცოლები ამას ვერ გრძნობენ. გაგრძელება
ასევე იხილეთ: "ძიძის აყვანა იმისთვის, რომ დედა კაფეში დაჯდეს, ჩემთვის მიუღებელია..."