"მეუღლემ მთხოვა, ამ თემაზე არ მელაპარაკა"
"მეუღლემ მთხოვა, ამ თემაზე არ მელაპარაკა"
''ჩემი ცოლის დაქალებში'' ნუნუკას როლის შემსრულებელი, იმერელი დედამთილი, ქეთი ჩხეიძე ღორეშაში არასდროს ყოფილა.

- იმერეთს, შეიძლება ითქვას, არ ვიცნობ. დავიბადე თელავში და ბავშვობა ამ ქალაქში გავატარე. ჩემი ცხოვრება ისე წარიმართა, რომ იმერეთში ბევრი ადგილი არ მინახავს. როდესაც რუსთაველის თეატრში ვიყავი, ხშირად დავდიოდით თელავში, ლანჩხუთში, ბათუმში, სადაც არაჩვეულებრივი თეატრები იყო. იმერეთში მხოლოდ ქუთაისში ჩავდიოდით. ეს მხარე ძალიან მიყვარს. ბებია მყავდა იმერელი. კახეთში იმიტომ დავიბადე, რომ ბებიაჩემი სამშობიაროს მთავარი ექიმი იყო და თელავში ბინა მისცეს. ბებიას საუბრის ინტონაცია ძალიან კარგად მახსოვს. დაახლოებით ისეთი
იყო, როგორიც ნუნუკას აქვს.

- ანუ ნუნუკა თქვენს ბებიას ჰგავს?
- მხოლოდ საუბრის მანერით. ადრე კუთხური დიალექტით ძალიან რბილად ლაპარაკობდნენ. ახლა ქუთაისში რომ ჩახვიდეთ, მაშინვე ამოიცნობთ იმერლების კილოს. ჩვენი ბებიების თაობაში ასეთი რამ არ ხდებოდა. ბევრს კითხულობდნენ და ცდილობდნენ, ლიტერატურული ქართულით ელაპარაკათ.

- როგორ შეაფასებდით თქვენს გმირს?
- ჩემი აზრით, ნუნუკა მაყურებელს იმიტომ მოსწონს, რომ ძალიან ნამდვილია მისი პრობლემები. სიდუხჭირესა და ქალურ სიმარტოვეზე არც ფიქრობს. პრეტენზიები ნაკლებად აქვს. ნუნუკა თბილისში რომ გადმოიყვანო და საინტერესო საქმე დაავალო, შესაძლოა, ბევრად უკეთ გაართვას თავი.

- მგონია, რომ მიუხედავად ფიცხი ხასიათისა, კეთილი დედამთილია.
- თავიდანვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ კეთილი დედამთილის როლი მომერგო. მისი სიუხეშე, წივილი, კივილი და გულის წასვლა
სიდუხჭირიდან გამომდინარეობს. ბანოვანი ქალბატონი, რომელსაც დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე, შეიძლება, სულ არ დაელაპარაკოს რძალს, სიტყვის ღირსადაც არ გახდის. მეტი საქმე არ აქვს, ჩაჯდება მანქანაში და რძალს ჰკითხავს, რატომ შემარცხვინეო. ნუნუკა ალალი ქალია, როცა უხარია, იცინის, რაც არ უხარია, იმის გამო ყვირის.

- ამ როლამდე ''შუა ქალაქში'' მკაცრ სიდედრს თამაშობდით, თქვენს გმირებზე ბევრი რამ ვიცით. საინტერესოა, რა ხდება თქვენს პირად ცხოვრებაში?
- ამ თემაზე ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს. მყავს ორი შვილი, ელენე და ნიკა ღლონტები, რომლებიც უკვე დიდები არიან.

- ინტერვიუებში მეუღლეზე არასდროს ლაპარაკობთ.
- მეუღლემ მთხოვა, ამ თემაზე არ მელაპარაკა და მის სურვილს ვასრულებ.

- მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ხართ. რუსთაველის თეატრიდან რატომ წამოხვედით?
- რუსთაველის თეატრში დაახლოებით ათი წელი ვიმუშავე. ახლა უკვე დიდი ხანია გასული და შემიძლია ვთქვა, რომ საინტერესო და წარმატებული პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში. რუსთაველის თეატრის მცირე სცენის ახალგაზრდულ დასს გვეძახდნენ. მოკლედ რომ გითხრათ, დაიბადა ახალი თეატრი გიზო ჟორდანიას მეთაურობით. რეპერტუარი იყო და ბილეთები არ იშოვებოდა... შემდეგ რაღაცები შეიცვალა. ზოგი წავიდა თეატრიდან. პატარა, თეატრისთვის დამახასიათებელ განხეთქილებები ხდებოდა. წარმატებას ყოველთვის ომი მოსდევს. ყოველ შემთხვევაში, თეატრში ასეა. გიზო ჟორდანიამ რუსთაველის თეატრი ყოველგვარი სკანდალის გარეშე დატოვა. მივხვდი, რომ იქ ჩემი ადგილიც აღარ იყო. შეიძლება შემეშალა. რომ დავრჩენილიყავი, არ ვიცი, რა მოხდებოდა. საქართველოში ძალიან მძიმე პერიოდი იყო. დაიწყო ომი. ოჯახთან ერთად საცხოვრებლად მოსკოვში წავედი.

- მოსკოვში რომელიმე თეატრთან სცადეთ თანამშრომლობა?
- ამას არ გავაკეთებდი, რადგან ქართულენოვანი მსახიობი ვარ. მართალია, რუსული კარგად ვიცი, მაგრამ ისე კარგად არა, რაც სცენისთვისაა საჭირო. არააკადემიურ თეატრში უნდა მეცადა ბედი. ვაპირებდი კიდეც, მაგრამ არ გამოვიდა. შესვენება ძალიან გამიგრძელდა და მოსკოვში დიდხანს შევრჩი, დაახლოებით რვა წელი. რუსეთში ცხოვრება ჩემთვის ტრაგედია არ ყოფილა, შვილებს ვზრდიდი, დიასახლისი ვიყავი და გართობასაც ვახერხებდი. წლები რომ გავიდა, მი-ვხვდი, ძალიან მნიშვნელოვანი მაკლდა, მაგრამ დიდი იმედიც არ მქონდა, რომ წარმატებით დავბრუნდებოდი ქართულ თეატრში. ისეთი არაფერი მქონდა გაკეთებული, რომ დავბრუნებულიყავი და აღფრთოვანებულებს ეთქვათ, ეს ვინ მოვიდაო...
ზაფხულობით საქართველოში ჩამოვდიოდი. ერთხელ ქობულეთში ოთარ მეღვინეთუხუცესი შემხვდა. ცხოვრების შესახებ მოვუყევი, ძალიან გაუკვირდა, რომ არაფერს ვაკეთებდი. მითხრა, შენ მოდი ჩვენს თეატრში და ჩემი საქმისა მე ვიციო. სიმართლე გითხრათ, არ მიფიქრია, რომ ამ ამბავს გაგრძელება ექნებოდა, მაგრამ შევცდი.

მარჯანიშვილის თეატრში ოთარ მეღვინეთუხუცესმა ''ყვარყვარე თუთაბერის'' დასადგმელად ჩემი მეგობარი, ჯგუფელი და ახლა უკვე ძალიან ცნობილი რეჟისორი ლევან წულაძე მიიწვია. ლევანმა ერთ-ერთი მთავარი - გულთამზეს როლი შემომთავაზა. ოთარმა მარჯანიშვილის თეატრში მაქსიმალურად კარგი პირობებით მიმიღო. მოსკოვიდან მალევე გადმოვედი საცხოვრებლად. ''ყვარყვარე თუთაბერი'' წარმატებული სპექტაკლი გამოვიდა. მერე კი ნელ-ნელა თეატრალურ საზოგადოებას დავუბრუნდი.
ჟურნალი "რეიტინგი", 2015 წ.

alt"მადლობა ჩემს ყოფილ მეუღლეს, რომელმაც ორი შვილი მაჩუქა..."


ტეგები: ქეთი ჩხეიძე
32097
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები