საყვარელმა ადამიანმა შინაგანი თავისუფლება არ უნდა წაგართვას, ცოლ-ქმარმა ერთმანეთს ანგარიში უნდა გაუწიოს მსახიობმა ანი ტყებუჩავამ ცოტა ხნის წინ შვილის 1 წლის იუბილე იზეიმა. გოგონა საკუთარ დაბადების დღეზე კარგად გაერთო, ტორტიც მოეწონა და საჩუქრად მიღებული საცურაო კოსტიუმიც მოირგო. გაცელქებულ ნენეს თვალებში ნაპერწკლები უბრწყინავს და გარშემო მყოფებს თავისი არსებობით აბედნიერებს...
- შინიდან გადაღებაზე შენი წასვლა ნენემ პირველად როდის გააპროტესტა?
- მას ბებიები ძალიან უყვარს, მათთან თავს კომფორტულად გრძნობს, ჭკვიანად იქცევა - წყნარად ზის და თამაშობს ხოლმე. ჩემთან ყოფნისას უფრო ჭირვეულობს, მით უმეტეს, თუ მობილური ტელეფონი ან "აიპადი" ავიღე. ახლანდელ ბავშვებს თანამედროვე ტექნოლოგიები ხომ ძალიან აინტერესებთ! მოკლედ, შვილი არასოდეს გამომტირებია, რის გამოც ბედნიერი ვარ. ბოლო დროს ადამიანების ამორჩევა ისწავლა: ვიღაცასთან მიდის, ვიღაც - არ მოსწონს... ცოტა არ იყოს, მერიდება ხოლმე, როცა ვინმეს ზურგს აქცევს (იცინის), მაგრამ ძალიან კომუნიკაბელური, უკომპლექსო ბავშვებიც არ მომწონს... ნენე ისეთი ვერ იქნება, რომელიც არ მომეწონება. დედა ვარ და შვილს ყოველთვის კრიტიკულად შევხედავ; ვეცდები, რაღაცები არ გამომეპაროს. იმედია, არ "დავბრმავდები", ნენეს აღზრდისას ყველაფერს (კარგსაც და ცუდსაც) შევამჩნევ და ყურადღებას მივაქცევ.
- გაიხსენე პირველი უთანხმოება მშობლებთან...
- მშობლები ჩემი მეგობრები არიან. უფრო ხშირად, მამასთან ვკამათობდი ხოლმე, ტვინს "ვუბურღავდი": დედა არაფერს ეუბნებოდა, მე კი ცოლივით თავზე დავადგებოდი და შენიშვნებს ვაძლევდი, - ეს ასე კი არა, ისე უნდა გააკეთო-მეთქი და ა.შ. ათას სისულელეს ვუხსნიდი, ერთსა და იმავეს ვიმეორებდი, ანუ ძირითადად, იმას ვამბობდი, რასაც თეატრალურ უნივერსიტეტში ჩემი ჯგუფელები ამბობდნენ, რომლებიც თავის მხრივ, ვიღაცის ნათქვამს იმეორებდნენ.
- პირველი როლი...
- "პიონერთა სასახლეში" კონკურსები იმართებოდა. სკოლაში ჩვენი პედაგოგი საკმაოდ შემოქმედებითი ქალი იყო და ყოველთვის საინტერესო რაღაცებს გვთავაზობდა. მახსოვს, სულხან-საბა ორბელიანის 2 იგავი სპექტაკლად დავდგით და პრიზებიც ავიღეთ. საოცარი შეგრძნება დამეუფლა, როცა ჩვენით ამაყობდნენ. უბედნიერესი ვიყავი!..
- პირველი სიურპრიზი მეუღლისგან...
- მაშინ ჯერ მეუღლე არ იყო. ისეთ მაისურებზე ვსაუბრობდით, რომლებზეც ცნობილი ადამიანები არიან გამოსახული. ლევანმა თქვა: რაღა ვიღაცის გამოსახულებიანი "მაიკა" ჩავიცვა? ცნობილი ხარ, "შენი" მაისურით ვივლიო. მისი ნათქვამი "გავატარე". მერე მახსოვს, წვიმიანი ამინდი იყო. ლევანმა მითხრა, - მანქანიდან გადავიდეთ, გავისეირნოთო. მივხვდი, რაღაცაში იყო საქმე. თხელი ქურთუკი ეცვა. უცებ გაიხადა და დაინიავა. ვიფიქრე, - ამ სიცივეში, წვიმაში ქურთუკს რატომ იხდის-მეთქი? თან, მომერიდა, რომ შემეხედა. ვერც კი წარმოვიდგენდი, ვინმეს მაისურზე ჩემი სახე რომ "ამოეპრინტა" (იღიმის). შემდეგ ასეთი მაისური მეც მაჩუქა.
- პირველი ღალატი...
- არ გამომიცდია. იმედია, ღალატზე სადარდებელი და საფიქრალი არასოდეს მექნება. საერთოდ, შეიძლება, რაღაც თვისება, განრიგი თუ სამსახური მსხვერპლად გაიღო, მაგრამ თუკი ამის გამო გული გწყდება და ტირი, ეს ძალიან ცუდია - შეიძლება, შენში რაღაც ცუდი "აგორდეს". საყვარელმა ადამიანმა შინაგანი თავისუფლება არ უნდა წაგართვას. ცოლ-ქმარმა ერთმანეთს ანგარიში უნდა გაუწიოს. მშობლების სახლიდან რომ მოვდივართ, დამოუკიდებელ ცხოვრებას ვსწავლობთ. ერთმანეთს თავისუფლება, დამოუკიდებლობა უნდა ვაცადოთ (ცხადია, ერთმანეთის აზრის გათვალისწინებით). საყვარელ ადამიანს ნუ "შევჭამთ". ადამიანის "შეჭმა" ძალიან მარტივია: ბოლოს და ბოლოს, ორ ისეთ რამეს სთხოვ, რისი შესრულებაც მისთვის ურთულესია და შეიძლება, ამის გამო დაშორდეთ...