ოჯახი პირველია, რასაც ვხედავ, როცა ვიღვიძებ და ბოლო, როცა ვიძინებ ამერიკასა და ევროპის ბევრ ქვეყანაში დედის დღე აღნიშნეს. 41 წლის ყოფილი მომღერალი, ახლა კი დიზაინერი და ოთხი შვილის დედა, ემოციურად გამოეხმაურა ამ დღეს და დაწერა წერილი იმაზე, თუ რა არის მისთვის დედობა. ვარსკვლავს დედობა მთავარ მიღწევად მიაჩნია ცხოვრებაში.
"დედობა მთავარი მიღწევაა ჩემს ცხოვრებაში, მთავარი თავგადასავალი, რომელიც კვლავაც მაოცებს და ახალ-ახალს მასწავლის", - წერს დიზაინერი.
"ემოციური კავშირი, რომელსაც ვგრძნობ ბავშვებთან, - ეს არის საოცარი სიხარული და იმავდროულად გამუდმებული ღელვა მათზე. ისინი მაოცებენ. თითოეულთან ურთიერთობა, მოზარდი ბიჭიდან პატარა გოგონამდე, ისეთი სხვადასხვა ენერგიითა და განცდებით არის სავსე. ისინი უსასრულოდ კეთილები, გამაოგნებლად ჭკვიანები, თავაზიანები არიან – ეს ზეციური საჩუქარია, ყველაზე ძვირფასი, რაც მაქვს", - აღიარებს ვიქტორია.
ვიქტორიამ იმასაც გაუსვა ხაზი, თუ რა ფასეულობებზე ზრდიან ის და მისი მეუღლე დევიდ ბექჰემი შვილებს: "რაკი ჩემი და დევიდის შვილები თავდაპირველად განსაკუთრებულ, პრივილეგირებულ პირობებში იზრდებოდნენ, მნიშვნელოვანი იყო, მათ არასდროს დაეკარგათ, რა არის მოკრძალება და ყოველთვის სცოდნოდათ, რა რთული შრომით ერგო ყველაფერი მათ მშობლებს. ისინიც ყოველთვის მზად უნდა იყონ, იშრომონ და დააფასონ ის, რაც აქვთ".
ვიკის თქმით, ოჯახი მისი მთავარი პირორიტეტია ცხოვრებაში და ცდილობს ყველაფერი გააკეთოს, რომ სამსახური არ აისახოს პირად ცხოვრებაზე. როცა დედა საქმიან ვიზიტებში მიდის, ბექჰემებს მაშინაც მუდმივი კავშირი აქვთ.
"ჩემოდანში მილაგებენ პატარა ბარათებს და სადმე რომ მივდივარ, იქ ვხსნი. ყოველთვის თან დავატარებ ოჯახურ ფოტოებს და საწოლთან ვდებ. ოჯახი პირველია, რასაც ვხედავ, როცა ვიღვიძებ და ბოლო, როცა ვიძინებ".
შეგახსენებთ, დევიდსა და ვიქტორიას ოთხი შვილი ჰყავთ: 16 წლის ბრუკლინი, 12 წლის რომეო, 10 წლის კრუზი და 3 წლის ჰარპერი.