მარი მალაზონია: „ერთ წელიწადში გამიჩნდა ორი შვილი, არა ტყუპი და მე და ჩემმა ქმარმა ძიძების გარეშე გავზარდეთ..."
მარი მალაზონია: „ერთ წელიწადში გამიჩნდა ორი შვილი, არა ტყუპი და მე და ჩემმა ქმარმა ძიძების გარეშე გავზარდეთ..."
უკვე დიდი ხანია პირადი ექიმი მარი მალაზონია ჩვენი ჯანმრთელობის სადარაჯოზე დგას. ცდილობს, ყოლველთვის დააკმაყოფილოს მაყურებლის ინტერესი და ყოველ სამუშაო დღეს მეტი ინფორმაცია მოგვაწოდოს ამა თუ იმ სამედიცინო პრობლემის შესახებ. ქალბატონი მარი დამსახურებულად უყვარს ტელემაყურებელს, მის მიმართ ძალიან დიდი ნდობა და პატივისცემა არსებობს, ამიტომაც გადავწყვიტეთ მასთან ინტერვიუ ჩაგვეწერა... გაგვეცნო ის, როგორც დედა, დიასახლისი და იმავდროულად მოგვესმინა მისი პროფესიული მოსაზრებები მშობლებისთვის მეტად საიტერესო თემებზე.

- თუ საუბარს სატელევიზიო გამოცდილებით დავიწყებთ, მაშინ გეტყვით,
რომ "მარი მალაზონია – პირადი ექიმი", არ არის ჩემი პირველი სატელევიზიო პროექტი. ძალიან პატარა, სტუდენტი ვიყავი, როცა ამ ტელევიზიაში სამედიცინო გადაცემა მიმყავდა. სამდიცინო ინსტიტუტის სხვადასხვა თაობა ყოველთვის აღნიშნავდა სამედიცინო თარიღებს, მაგალითად ისეთს, როგორიცაა მედიცინის მუშაკთა დღე და ა.შ, რასთან დაკავშირებითაც მასშტაბური გადაცემები ეწყობოდა. მოხდა ისე, რომ ინსტიტუტმა როგორც წარჩინებული სტუდენტი, სხვა სპეციალისტებთან ერთად ჩაწერაზე მეც გამგზავნა. ჩაფიქრებული არ იყო ჩემი გადაცემაში ჩართვა, მაგრამ გადაცემაზე მომუშავე ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ სტუდენტს, ანუ მე, იქვე სახელდახელოდ მოფიქრებული რამდენიმე სიტყვა მეთქვა, შემდეგ კი ეს ყველაფერი ეთერში გავიდა. ასე მოვხვდი ტელევიზიაში და ამის შემდეგ შემომთავაზეს სამედიცინო გადაცემის წაყვანა. ჯერ იყო გადაცემა "ჯანმრთელობა", შემდეგ - "ოჯახის ექიმი", ეს იყო
პირველი გადაცემა, რომელიც პირდაპირ ეთერში მაყურებლის კითხვებს პასუხობდა. ამას გარკვეული პაუზა მოჰყვა, 2009 წლიდან კი ისევ ამ ტიპის პროექტით დავბრუნდი ეთერში, იყო "დილის რეცეპტი", "პირადი ექიმი", კვებასთან დაკავშირებული სამედიცინო რეკომენდაციები გადაცემა "დღის მასშტაბში".
რაც შეეხება უშუალოდ ჩემს პროფესიას, დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი, პოსტდიპლომური განათლება მიღებული მაქვს ენდოკრინოლოგიაში, ჰემატოლოგიაში, დეიტოლოგიასა და ნუტრიციოლოგიაში. ასევე დამთავრებული მაქვს დოქტურანტურა, დავით ტვილდიანის სახელობის უმაღლესი სამდიცინო სკოლა "აიეტი", ვარ პროფესორი, კვების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ექიმთა საერთაშორისო ასოციაცია 930-ის პრეზიდენტი. წლების მანძლზე ვიყავი სამედიცინო ენციკლოპედიის სარედაქციო ჯგუფის წევრი, პირველი სამედიცინო ჟურნალ "ჯანმრთელობის" მთვარი რედაქტორი და ერთ-ერთი დამაარსებელი.

- საკმაოდ დახუნძლული კარიერული ცხოვრება გაქვთ. რაც შეეხება პირადს, უფრო ზუსტად კი დედობას, გვითხარით, რა ასაკში გახდით დედა? როგორი იყო თქვენეული მიდგომები შვილებთან მიმართებაში?
- 27 წლის ასაკში გავხდი დედა. მე მყავს ერთ წელიწადში დაბადებული, არატყუპი ორი შვილი - წლის დასაწყისში შემეძინა ვაჟი და წლის ბოლოს, საახალწლოდ დაიბადა გოგონა. შვილების მიმართ ჩემი დამოკიდებულება ასეთია: ვთვლი, რომ შვილი არაა ჩვენი ბიოლოგიური პროდუქტი, შვილი არ არის ჩვენი განუხორციელებელი ოცნებების რეალიზაციის ინსტრუმენტი, შვილი და ზოგადად ბავშვი არ არის ზრდასრული ადამიანი მინიატურაში, ნებისმიერი ბავშვი არის განაკუთრებული მოვლენა და მას ასეთივე მიდგომა სჭირდება. არაა საჭირო ენის მოჩლექვით საუბარი, თუმცა არც დასჯის განსაკუთრებული მეთოდის შემუშავებაა აუცილებელი. მუდმივად უნდა ვიყოთ შვილთან კონტაქტში, მათთან ურთიერთობა, საუბარი სიცოცხლის პირველივე დღეებიდან მუცლადყოფნის პერიოდშივე უნდა დავიწყოთ. რასაკვირველია, ჩემი მოსაზრებები არაა სტანდარტი, მაგრამ ჩემი დამოკიდებულბაა ასეთია: თუ ჩვენ შვილების მოსმენა ვისწავლეთ მუცლადყოფნის პერიოდში და ამ ჩვევას არ ვღალატობთ მათთან ურთიერთობის არცერთ ეტაპზე, მაშინ აღმოვაჩნეთ, რომ მაშინაც კი, როცა შვილები არ ლაპარაკობენ, აუცილებლად გვიამბობენ საკუთარ ისტორიას. მაშინ კი, როცა ლაპარაკს იწყებენ, ჩვენ ვხდებით მათთვის საუკეთესო და საიმედო მსმენელები, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში დახმარების გაწევაც შეუძლიათ. ასეთი ურთიერთობის შემთხვევაში ყველა კრიტიკული ასაკი ადვილად გასავლელია, ზოგჯერ შეუმჩნეველიც კი.

- დღეს, როცა აჩქარებულია ცხოვრების რიტმი, არსებობს დროისა და ურთიერთობების დეფიციტი, როგორ უნდა მოიქცეს ქალი, რომ სწორად გაანაწილოს დრო ყველასთვის?
- უნდა ვაღიაროთ, რომ ქალი ყველაზე ბევრი პროფესიის მატარებელია, იმიტომ, რომ ქალი არის შვილი, ქალი ხდება მეუღლე, რაც თავისთავად გულისხმობს, იმას, რომ ისაა მეგობარი, საყვარელი, ცხოვრებისეული ტვირთის გამზიარებელი, დედა, დიასახლისი, მე აღარ ვლაპარაკობ, რომ მას აქვს კონკრეტული პროფესია. შვილებთან ურთიერთობაში დრო ისევე მნიშვნელოვანია, როგორც დანარჩენ სხვებთან. განა შეიძლება, ქალმა დრო მოაკლოს და ურთიერთობის დეფიციტი შუქმნას მშობლებს, ქმარს ან საყვარელ საქმეს? მაგრამ, უნდა ვაღიაროთ, რომ ყვლაფრის ერთად და უნაკლოდ გაკეთება ერთ ადამიანს ზოგჯერ არ შეუძლია, ამიტომ რესურსების სწორად გადანაწილება და იმ უპირატესობების ხაზგასმა, რომელიც შვილის აღზრდას უკავშირდება, სულაც არაა სირცხვილი, პირიქით, საზოგადოებას ეს უფრო სჭირდება ჩვენგან. შვილებთან ურთიერთობა ნიშნავს მუდმივად მოდარაჯე პოზიციას. ჩვენ ვართ არა მარტო შვილების ფიზიკური ჯანმრთელობის გუშაგები, არამედ ჩვენ ვართ გუშაგები, რომელთაც მოეთხოვებათ სიფხიზლე შვილების ცხოვრების ყველა ეტაპზე. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ჩავერიოთ იქ, სადაც არაა საჭირო, მაგრამ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ თანადგომისთვის, თუ ეს ჩვენ შვილებს სჭირდებათ. როგორ გამოვყოთ დრო, როგორ მოვახერხოთ დატვირთული გრაფიკის მიუხედავად შვილებთან ურთიერთობა? როდესაც ჩვენი და შვილების რეჟიმი ჩამოყალიბებულია წლების მანძილზე, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ყველაფერი დროში გვაქვს გადანაწილებული და გარწმუნებთ, ასეთ შემთხვევაში ურთიერთობები ნაკლებად ზარალდება. ხშირად ჩვენ რომ არაფრის მომცემი გვგონია, სწორედ ის ფუჭი საუბრები ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდება ხოლმე ჩვენი შვილებისა და საკუთარი თავისათვის. ამიტომ დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ყველა ასაკში აუცილებლად უნდა გვქონდეს ასეთი საუბრებისთვის დრო, იმიტომ, რომ ეს ერთი შეხედვით არაფრის მომცემი საუბრები ჩვენი ურთიერთობისათვის საუკეთესო ბონუსია, მნიშვნელოვანი ემოციური ძაფი სწორედ ამ საუბრების დროს ყალიბდება.

- მაყურებელი მუდმივად ხედავს ფორმაში მყოფ მარი მალაზონიას, როგორია ის ოჯახში, თუ გრჩებათ დრო სამზარეულოში ფუსფუსისთვის და საოჯახო საქმეებისთვის?
- გარწმუნებთ, რომ მეც ჩვეულებრივი ქალი ვარ. ვაკეთებ ყველაფერს, რასაც აკეთებს ქალი ოჯახში, ვალაგებ, ვტრიალებ სამზარეულოში... დიახ, მე ვამზადებ საჭმელს, დამხმარის გარეშე ვუვლი ოჯახს და ვთვლი, ის, რომ მე და ჩემი მეუღლე, რაოდენ არამოდურიც უნდა იყოს, ძიძის გარეშე, ერთად ვზრდიდით შვილებს, არის დიდი სიმდიდრე და ჩვენი ცხოვრების გამორჩეული ეტაპი.
(ინტერვიუს მომდევნო ნაწილში ქალბატონი მარი ორსულობასა და ბავშვის კვების რეჟიმზე გვესაუბრება. დაგველოდეთ!)

ციცი ომანიძე
41922
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (31)
თაკო
0
მიყვარს ძალიან
17:17 / 13-01-2017
მაიკო
0
ძალიან მინდა მარისთან შეხვედრა.სად შეიძლება ვნახო.ასეთი მრავალმხრივ განათლებული ექიმი იშვიათია.მიხარია ყოველ დღე მისი მოსმენა
08:29 / 26-09-2016
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?