როგორია დასვენება ბავშვებთან ერთად და როგორ ირჩევს კურორტს შვილებისთვის თიკო ნატროშვილი მოდელი და ჟურნალისტი თიკო ნატროშვილი აგვისტოს ცხელი დღეების გატარებას შვილებთან - მათესა და კახისთან ერთად, ურეკში გეგმავს. ამბობს, რომ მისთვის ბავშვებთან ერთად ყოფნა ყველაზე დიდი ბედნიერება და კომფორტია.
-10-დღიან შვებულებას ვიღებ და დასვენების დღეებს მთლიანად, კახისა და მათეს დავუთმობ.
- ამბობენ, რომ ურეკში, ქვიშაში თამაში პატარებისთვის ძალზე სასარგებლოა. დასასვენებელი ადგილი შენც ამ პრინციპით აარჩიე?
- რა თქმა უნდა! ურეკის ზღვის მაგნიტური ქვიშა ძალიან სასარგებლოა პატარების ჯანმრთელობისთვის. ყოველდღიურ სიტუაციაშიც და მით უმეტეს, კურორტის შერჩევისას პირველ რიგში, იმას ვაქცევ ყურადღებას, თუ რამდენად სასარგებლო იქნება ესა თუ ის ადგილი პატარებისთვის... საკუთარი თავი და პირადი სიამოვნება დროებით, გვერდზე გადავდე, რაც გასაკვირი ნამდვილად არ არის - ალბათ, ყველა მშობელი ასე იქცევა. ნელ-ნელა მათ ცხოვრებაშიც მოვა დამოუკიდებლობა.
- შენი შვილები რა ასაკის არიან?
- მათე 5-ის ხდება, კახი კი უკვე 2 წლისაა.
- მთაში დასვენება უფრო მეტად მოგწონს თუ ზღვისპირეთში?
- "ზღვის ადამიანი" ვარ. მზე და წყალი ჩემი სტიქიაა. რელაქსაციას ასეთ გარემოში უკეთესად ვახერხებ, ვიდრე მთაში, ჰამაკში წამოწოლილი. მთა ზამთარში მიყვარს. თოვლი, თხილამურებზე დგომა ჩემთვის განცხრომაა. თუმცა, ისევ ბავშვების გამო, რამდენიმე წელი თხილამურებით ვერ ვსრიალებდი, წელს კი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მოვახერხე და სრიალით გული ვიჯერე. მოყვარული მოთხილამურე ვარ და ცოტა მივიწყებულიც მქონდა, მაგრამ უცებ ავუღე ალღო. თოვლსა და თხილამურს საოცარი ადრენალინი ახლავს.
- როცა დასასვენებლად შვილებთან ერთად მიდიხარ, ბარგის ჩასალაგებლად ბევრი დრო გჭირდება?
- ბარგის ჩალაგებას დიდხანს არ ვუნდები, თუმცა, სამზადისს რამდენიმე დღით ადრე ვიწყებ. მივდივარ საყიდლებზე, ის ყველაფერი რომ შევიძინო, რაც კურორტზე დამჭირდება. მერე ყველაფერი უნდა გავრეცხო, დავაუთოო და ჩემოდანში ჩავალაგო... და კიდევ ერთი ჩვევა მაქვს: ფურცელზე ვწერ ყველა იმ ნივთის სახელს, რაც უნდა წავიღო და ჩანთაში მოთავსების შემდეგ იმასაც აღვნიშნავ, რომ უკვე ჩავდე (იცინის). ცუდი ჩვევაც მაქვს: მაგალითად, ყოველთვის იმაზე მეტი ტანსაცმელი მიმაქვს, ვიდრე დამჭირდება. გამოდის, ზედმეტ ბარგს დავატარებ, მაგრამ "ვაიდა დამჭირდეს" პრინციპით ვიქცევი ასე.
- როცა დასასვენებლად ბავშვებთან ერთად მიდიხარ, ძიძაც მიგყავს თუ დამოუკიდებლად ახერხებ ბავშვების მოვლა-პატრონობას?
- კახისა და მათესთვის "ძიძის ასაკი" დასრულდა. მათე უკვე საბავშვო ბაღში დადის, სექტემბრიდან კახიც უნდა წავიყვანო. მაგრამ გასულ ზაფხულს, სამსახურის გამო ვერ მოვახერხე, რომ ბავშვები დასასვენებლად თავად წამეყვანა, ამიტომ ისინი ძიძას ჩავაბარე. სხვა დროს დამხმარე ქალბატონს ჩვენგან დასვენების საშუალება ჰქონდა ხოლმე (იცინის).
- ბავშვებთან ერთად დასვენებას ახერხებ? ცელქები არიან?
- ბავშვებთან ერთად კარგად დასვენება ცხადია, გამორიცხულია. შვილების კვება, ძილი, გართობა, დაბანა, დაძინება - მთელი დღის მანძილზე ეს ჩემი საზრუნავია და როცა მათ დავაძინებ, მხოლოდ ამის შემდეგ ვაძლევ თავს უფლებას, მოვდუნდე. უმცროსი ვაჟი გაცილებით დინჯი და უპრეტენზიოა, რასაც მათეზე ვერ ვიტყვი - 5 წუთში ასჯერ მაინც მიწევს მისთვის დაძახება. სამაგიეროდ, იმდენად თბილი და მოსიყვარულეა, რომ მის სიცელქეს ეს თვისებები ფარავს, აბალანსებს. ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ უზრდელები არ არიან.
- შვილებს თავად თუ უსრულებ ყველაფერს?
- მკაცრი დედა ნამდვილად არ ვარ, პირიქით - ვცდილობ, მოსიყვარულე ვიყო და რაც შეიძლება მეტი სითბო მივცე მათ. თუ მაქვს შესაძლებლობა, რომ მათი სურვილების მიხედვით მოვიქცე, შვილების ნებას არ ვეწინააღმდეგები, მაგრამ როცა მათი კაპრიზების ასრულების დრო ან საშუალება არ მაქვს, მაშინ ისე ხდება, როგორც მე მინდა. ნამდვილად არ ვცდილობ მკაცრი დედის როლის მორგებას, მაგრამ ზოგჯერ მათ ტირილსა და კაპრიზს ყურადღებას არ ვაქცევ. როცა დამშვიდდებიან, მერე ვცდილობ ავუხსნა, რატომ მოვიქეცი ასე - ეს მეთოდი მათესთან უფრო მეტად ჭრის. კახი პატარაა და ზოგჯერ რაღაცას "აიტეხავს", თუ ყურადღებას სხვა რამეზე გადაატანინებ, 5 წუთში ავიწყდება. გაგრძელება