ვერ აგიწერთ, როგორ მენანება ყოველი წუთი, რომელსაც ჩემი შვილის გარეშე ვატარებ არსებობს პროფესიები, რომლის არჩევაც გარკვეულ რისკს უკავშირდება. მათ შორის არის პოლიციელის პროფესია. ეს სამსახური ორმაგად უფრო მძიმეა ქალისთვის, მითუმეტეს, როცა პოლიციელი დედაა. ირმა კოტრიკაძე 25 წლის არის და უკვე 3 წელია ამ პროფესიას ემსახურება. მას ერთი წლის სანდრო ჰყავს. როგორ ახერხებს, დედობა და ეს რთული სამსახური ერთმანეთს შეუთავსოს, ამაზე თავად მოგვიყვება.
- რამდენად სარისკოა თქვენი პროფესია და სამსახური?
- უკვე 3 წელია ვმუშაობ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოში გამომძიებლად. მიწევს მორიგეობა, ანუ ყოველი მეოთხე დღე, 24 საათი ვარ სამსახურში, ხან მესამე დღეც, გააჩნია სიტუაციას და განრიგს. მყავს ოჯახი, ჩემი პატარა სანდრო ერთი წლის არის. საბედნიეროდ, საპატრულო პოლიციაში არ გვხვდება ისეთი კრიმინალი, როგორიცაა მკვლელობა, ყაჩაღობა, ქურდობა და ა.შ. საპატრულოს გამომძიებლები ვიძიებთ კონკრეტულად იმ საქმეებს, რომლებსაც უშუალოდ პატრული ავლენს. მაგალითად, ავტოსაგზაო შემთხვევა, ნარკომანია, სასამართლოს განაჩენის შეუსრულებლობა და სხვა მრავალი. განსაკუთრებით რთულია ავტოსაგზაო შემთხვევა, რადგან სამწუხაროდ, მქონია ისეთი შემთხვევა, როცა დედას გვერდით მჯდომი შვილი ეღუპება ავარიის შედეგად და ჩემდა გასაოცრად უნდა ვთქვა, რომ ასეთ შემთხვევებზე ორმაგი ძალა მეძლევა და ვცდილობ ყველაფერს თავი გავართვა.
ამ პროფესიით მუშაობა სარისკოა თუნდაც იმიტომ, რომ შემთხვევის ადგილამდე უნდა მიხვიდე სწრაფად და ამისთვის გიწევს ავტომანქანით საკმაოდ ჩქარა მოძრაობა. სამწუხაროდ, ჩვენი ბევრი თანამშრომელი გარდაიცვალა მსგავსი ამ სიჩქარის გამო. სარისკოა ასევე ისეთ ადამიანებთან ურთიერთობა, რომელთაც უბრალოდ არ უყვართ პოლიციელები, ან ზედმეტად გაღიზიანებულები არიან და ვერასდროს განსაზღვრავ, რა შემთხვევაში რას მოიმოქმედებენ. თუმცა მე პირადად მსგავსი შემთხვევა არ მქონია.
- ორსულობის პერიოდშიც მუშაობდით?
- კი, თითქმის მთელი ორსულობის განმავლობაში ვმუშაობდი და მიწევდა მორიგეობა. 8 თვის რომ გავხდი, მაშინ გავხსენი ბიულეტინი. ბოლო თვეებში ძალიან მიჭირდა განსაკუთრებით ღამის თენება, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ თანამშრომლები მიწყობდნენ ხელს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც ძალიან რთული იყო.
- კონკრეტულ შემთხვევებს ხომ ვერ გაიხსენებდით, რამაც ყველაზე მეტად იმოქმედა თქვენზე?
- რაც შეეხება დაბრკოლებებს, კონკრეტულად ორსულების პერიოდში გავიხსენებ ერთ შემთხვევას. 2 იავნარს მომიწია მორიგეობა, მაშინ დაახლოებით 3 თვის ფეხმძიმე ვიქნებოდი. ბედობა დღეს, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით მინდოდა სახლში ყოფნა. შუაღამისას საკმაოდ მძიმე შემთხვევაზე მომიხდა გასვლა, ისე ციოდა, ტირილს ძლივს ვიკავებდი, თან ირგვლივაც საშინელი სურათი იყო. ვერ გადმოვცემ ზუსტად რას განვიცდიდი იმ წამს, შეიძლება ისე ძალიან არ ციოდა, მაგრამ მე როგორც ორსული, ყველაფერს ორმაგად აღვიქვამდი. უცებ ერთმა ფიქრმა, რომელმაც თავში გამიარა, საოცრად გამათბო... წარმოვიდგინე ჩემი შვილი, რომელიც იდგა თანაკლასელებთან ერთად და სიამაყით უყვებოდა, რომ მისი დედიკო პოლიციელია.
- როგორ უთავსებთ ერთმანეთს ასეთ საპასუხისმგებლო სამსახურს და დედობას?
- ვფიქრობ, რომ საერთოდ დედობა ძნელია, რამეს შეუთავსო და მგონია, ამქვეყნად ყველაზე რთული პროფესიაა იყო დედა. ჩვენ, ქალებს, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, გვიწევს სხვა რაღაცების კეთებაც. სანამ გავთხოვდებოდი და, პრინციპში გათხოვების შემდეგ, სანამ სანდრო მეყოლებოდა, მორიგეობის მერე სამსახურში კიდევ რამდენიმე საათით დარჩენა ჩემთვის დიდ ტრაგედიას არ წარმოადგენდა, მაგრამ ახლა ვერ აგიწერთ, როგორ მენანება ყოველი წუთი, რომელსაც ჩემი შვილის გარეშე ვატარებ. როცა ვიცი, რომ მან უკვე გაიღვიძა და ელოდება დედას, ვეღარ ვახერხებ კონცენტრაციას და საშინლად მინდა ხოლმე მასთან გაქცევა.
- რას ურჩევთ დედებს, რომლებსაც მეტად საპასუხისმგებლო პროფესიით აქვთ გადაწყვეტილი მუშაობა?
- ზოგადად, დედებს ვურჩევ, რომ არ მოაკლონ შვილებს ყურადღება და მაქსიმალურად ეცადონ თავიანთი მძიმე სამსახურიდან გამომდინარე გაატარონ ''თავისუფალი'' დრო მათთან. აი, მე მაგალითად, მთელი ღამის უძილო როცა სახლში ვბრუნდები, საკმარისია ჩემი შვილის ერთი ჩახუტება, მაშინვე ვიმუხტები დადებითი ენერგიით, ვცდილობ ჩემი დაღლა გვერდზე გადავდო და დავიძინო მხოლოდ მაშინ, როცა მას სძინავს.
სალომე გორგოშიძე