მომღერლის ახალი სამსახური და ახალი იმიჯი
მომღერალ თიკა ჯამბურიას 4 წლის შვილი – ნინა ჰყავს, რომლის გაზრდაშიც დედა ძალიან ეხმარება. ამბობს, გამიმართლა, რომ გოგოა, ბიჭის უმამოდ გაზრდა უფრო გამიჭირდებოდაო.
- ნინა პრობლემური ბავშვი არაა, მაგრამ უკვე ჩამოყალიბებული ხასიათი აქვს, საკმაოდ ჯიუტია, თუ არ უნდა, ვერ გააკეთებინებ ვერაფერს და რასაც იტყვის, ვერ გადაათქმევინებ. დედა მეხმარება მის გაზრდაში ძალიან, ძალიან. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, თითქმის სულ გარეთ ვარ და ნინაც ძირითადად დედასთანაა. როცა ამის საშუალება მაქვს, თან დამყავს ყველგან, პრობლემას არ მიქმნის, უკვე ჩემი მეგობარია, დამყვება გადაღებებსა და ჩაწერებზე და ეს ძალიან მოსწონს.
- დაკავებული ვარო თქვი, რა ხდება საქმიანობის მხრივ?
- მოგეხსენებათ, პროფესიით მსახიობი ვარ. სულ ახლახან ჩამოყალიბდა ქართული ვოდევილის თეატრი, რომლის ხელმძღვანელიც მიშა ზაქარიაშვილია. ამიყვანეს დასში და ვმუშაობთ სპექტაკლზე - "ძნელი პროფესია", მთავარი როლი მაქვს და ძალიან საპასუხისმგებლოა... პრემიერა ალბათ იანვარში გვექნება.
- თიკა, ნინამ რა შეცვალა შენს ცხოვრებაში?
- აბსოლუტურად ყველაფერი. დაიბადა ადამიანი, რომელიც ჩემზე უფრო მნიშვნელოვანია ცხოვრებაში და ყველაფერს ვაკეთებ მისთვის.
- ბავშვი ხომ არ განიცდის იმას, რომ ძირითად დროს ბებოსთან ატარებს და დედა ასე დაკავებულია?
- ახლა უკვე არა. აქამდე მქონდა ისეთი სამსახური, როცა მთელი დღე, 9-იდან 9 საათამდე, დაკავებული ვიყავი და ამას მეც ძალიან განვიცდიდი, მაგრამ ახლა იმასთან შედარებით თავისუფალი ვარ, ხან რეპეტიციებზეც დამყავს და ყველანაირად ვცდილობ, ჩემთან ერთად იყოს.
- მართალია, ჯერ პატარაა, მაგრამ უკვე თუ აქვს სიმღერის ნიჭი?
- კარგად მღერის, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მომღერლობა უნდა, იქიდან გამომდინარე, რომ ექიმებთან აქვს ხშირი შეხება, ექიმობა მოსწონს. ჯერ ამ ყველაფერზე საუბარი ძალიან ადრეა, მაგრამ მე ახლაც და მომავალშიც ყველაფერში გვერდით დავუდგები, რაც მისაღები იქნება. ნინას ძალიან მოსწონს "ფროუზენის" გმირი ელზა, მისი გვაქვს ყველაფერი. ყველამ იცის, რომ ნინა ნამდვილი პრინცესაა და შევპირდი, რომ დაბადების დღეზე პარიზში წავალთ დისნეილენდში ელზას გასაცნობად.
- ზამთარი მოდის, ვირუსების საკითხს როგორ უმკლავდებით, ხომ არ გაქვთ მათთან ბრძოლის თქვენეული ხერხი?
- ნინას ძალიან პრობლემური ყელი აქვს, ხშირად უცივდება, ამიტომ წინასწარ ვიზღვევ თავს, დამყავს ექიმთან, უტარებენ რამდენიმე პროცედურას და მერე მთელი ზამთარი მშვიდად ვარ ხოლმე.
- იქნებ გვითხრა, რომელ ექიმთან დადიხარ, ან რითი იზღვევთ თავს?
- ესაა ექიმბაში, სახელი არ მახსოვს, სამწუხაროდ, ქალია, რომელიც ყელში აწვეთებს ბავშვებს რაღაც წვეთებს და ჩემი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ეფექტიანია.
- შვილის გაზრდა მარტივი არაა, ამ ოთხწლიანი გამოცდილებიდან რა შეგიძლია თქვა, რა სახის სირთულეებს წააწყდი?
- იცი რაშია საქმე? ჩვენს ოჯახში ბევრი ბავშვია, 9 წლის ვიყავი, რომ დეიდა გავხდი, მას შემდეგ ეტაპობრივად სულ გვყავს პატარა ოჯახში.. ყველა შეჩვეულია ამას და სირთულეს ვერ ვგრძნობ, ძალიან გამიმართლა იმაში, რომ გოგოა, ბიჭი რომ ყოფილიყო, ალბათ გაზრდა უფრო გამიჭირდებოდა, მით უმეტეს, რომ მარტო, მამის გარეშე ვზრდი. გოგოს ნაკლები სირთულე ახლავს, თან ვახერხებ იმას, რომ ყველაფერი ისე იყოს, როგორც საჭიროა.
- მამასთან თუ აქვს ბავშვს ურთიერთობა?
- ხანდახან.
- ამის გამო ხომ არ ღელავს?
- სიმართლე გითხრა, ჯერჯერობით ამ ყველაფერს ვერ აღიქვამს.
ციცი ომანიძე