შეიძლება წყვილი ოჯახად ვერ შედგეს და ეს არაა ტრაგედია, მაგრამ ბავშვებს მშბობლებთან ურთიერთობა აუცილებლად უნდა ჰქონდეთ ნატო გელაშვილი ორი ბიჭის დედაა, უფროსი შვილი გიო - უკვე სტუდენტია, ლუკა კი - აბიტურიენტი. შვილები მიყოლებით გააჩინა. მიუხედავად იმისა, რომ დამხმარე ჰყავდა, მათი ცხოვრების მაჯისცემაზე ხელი ყოველთვის ეკიდა, ალბათ ამის შედეგია ის, რომ დღეს ბიჭები მისი საუკეთესო მეგობრები არიან.
- დედა 25 წლის ასაკში სრულიად მომზადებული გავხდი, განცობიერებული მქონდა ის პასუხისმგებლობა, რაც დედობას ახლავას თან, შვილი არ გამიჩენია სხვისთვის, ჩემთვის გავაჩინე და მევე ვზრდიდი. მართალია, 5 თვიდან მყავდა დამხმარე, მაგრამ ეს არ ნიშნავდა იმას, რომ მე ჩემს შვილს ყურადღებას ვაკლებდი. უბრალოდ, მოსწავლეები მყავდა და ამიტომ დამჭირდა დახმარება, თორემ თავად ვუკეთებდი საჭმელს, მყავდა ბუნებრივ კვებაზე და რაც საჭირო იყო, ყველაფერს ვაკეთებდი და ვასწრებდი.
- მეორე რამდენ ხანში გააჩინეთ?
- ძალიან მალე, გიო 8 თვის იყო, როცა ფეხმძიმედ დავრჩი. შვილები მივაყოლე ერთმანეთს, როცა ლუკა დაიბადა, გიომ სიარულიც კი არ იცოდა ჯერ, მაგრამ ვუმკლავდებოდი ორ პატარა ბავშვს ერთად. ახლა ხშირადაა შემთხვევა, როცა აჩენენ შვილებს და არ აქვთ გააზრებული, ერთი სული აქვთ, ოღონდ ბავშვი ვინმემ მოაშოროთ, მე ნამდვილად არ მქონია ეს განცდა, სულ მათთან მინდოდა ყოფნა და მათთან ვატარებდი დროს, ტყუპივით გავზარდე ორივე და გამიადვილდა. ლუკა რომ გაჩნდა, გიო უკვე ძალიან დიდი მეგონა და როგორც დიდს, ისე ველაპარაკებოდი, ვეუბნებოდი, გიო შენ დიდი ხარ, ეს არ უნდა შეგეშალოს, ეს ასე უნდა გააკეთო და ა.შ. ლუკა იმდენად პატარა იყო იმ მომენტში, მის ფონზე გიო უკვე დიდი კაცი მეგონა..
ბიჭები დღემდე ტყუპებივით არიან, ბაღში ერთად იყვნენ, იმიტომ, რომ უერთმანეთოდ ვერ ძლებდნენ, სკოლაში ერთი კლასით წინ იყო გიო, ახლა ის სტუდენტია, ლუკა - აბიტურიენტი. სამეგობრო წრეც ერთი ჰყავთ და სხვათა შორის, მადლობაც კი უთქვამთ ჩემთვის იმის გამო, რომ ერთმანეთი ჰყავთ. თუ ვინმე დამიჯერებს, ვიტყვი, რომ მიყოლებული შვილები ძალიან კარგია. მართალია, პირველი პერიოდი რთული და დამღლელია, მაგრამ ეს არაჩვულებრივია.
- ორი ბიჭის გაზრდა ალბათ მაინც სირთულეებთანაა დაკავშირებული...
- ჩემი მეგობრებისგან ხშირად მსმენია გარდატეხის ასაკის სირთულის შესახებ, მაგრამ პირადად მე არ მიგრძნია ამათი გარდატეხის ასაკი და არც მისი სირთულე. ვფიქრობ, რომ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი შვილებთან ურთიერთობაა. ჩემი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა, რომ მათგარეშე არ მიცხოვრია. რაც ყველაზე მთავარი და პირველია ჩემს ცხოვრებაში – ეს შვილებია. როგორც კი დედა შორდება შვილს ან ამბობს, რომ შვილისთვის დრო არ რჩება, შვილი უკვე დაკარგულია. როგორც კი მათ თუნდაც მცირე დროით ჩამოსცილდები და გახდები უცხო, ჩათვალე, რომ იმ პერიოდს ვეღარ იბრუნებ. ჩვენ ყოველთვის ერთი პრობლემით, ერთი სიხარულით ვცხოვრობთ და არ არსებობს თემა, რომელზეც ვერ ვსაუბრობთ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მე სახლში საუკეთესო მეგობრები მყავს. არ ვაჭარბებ, ჩემი პირველი მეგობრები ჩემი შვილები არიან. როცა ბიჭები გყავს, ცოტა ხანს კაციც უნდა გახდე და კაცურად იაზროვნო, გვერდით დაუგდე, მოუსმინო და დაეხმარო პრობლმების გადაჭრაში.
- სიმკაცრე, გაბრაზება ხშირი იყო?
- რასაკვირველია, მკაცრიც ვიყავი, როცა საჭირო იყო. აი მაგალითად, ჩემს პატარა ბიჭს თავიდან ძალიან უცნაური ხასიათი ჰქონდა, ჯიუტი იყო საშინლად, რაღაცები არ ესმოდა და მაშინ, რა თქმა უნდა, მკაცრიც ვიყავი. ვთქვათ, ეძახდი და იქვე იჯდა, შეიძლებოდა ერთი საათი ისე გასულიყო, არ გაეგონებინა. ამიტომ მეც ისე დავდიოდი სახლში, ვითომ არ მესმოდა მისი საუბარი, მინდა გითხრა, რომ ასეთმა ქმედებამ შედეგი გამოიღო. დღეს, როცა ვსაუბრობთ ხოლმე ამა თუ იმ თემაზე, ხშირად უთქვამთ, შვილს ამას ვერ ვაპატიებდითო, ჩვენც შენნაირად მოვიქცეოდითო.
- იყო პერიოდი, როცა მარტოხელა დედა იყავით...
- მე ვთვლი, რომ ახლაც მარტოხელა დედა ვარ, იმიტომ, რომ შვილების გაზრდის მთელი პასუხისმგებლობა მარტომ ავიღე საკუთარ თავზე და ასევე მარტო ვზრდი დღემდე. მე არავის ვთხოვ და ვავალდებულებ, ჩემს შვილებს რამე გაუკეთონ, მე ვცხოვრობ მათთვის და ვაკეთებ ყველაფერს, რაც შემიძლია. მართალია, მეუღლეს დავშორდი, მაგრამ ჩემს შვილებს მაშინაც და ახლაც ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ მამასთა.. არ მინდოდა ჰქონოდათ მამის დანაკლისი, თუნდაც სიტყვა მამას თქმის ან დაძახების კომპლექსი, ამიტომ ყველანაირად ხელს ვუწყობდი მათ ხშირ კონტაქტს. ეს უპირველსად ბავშვებისთვისაა მნიშვნელოვანი. არანაირი მიზეზით, არანაირი ქონებისა თუ სხვა საკითხების გამო, დედამ მამა-შვილი ერთმანეთს არ უნდა დააშოროს, ვინც ამას აკეთებეს, მაპატიეთ, მაგრამ ჩემს თვალში, ის ქალი არაა. დღემდე ჩვენ ნორმალური ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან, XXI საუკუნეში არ მგონია, ეს პრობლემა იყოს. შეიძლება წყვილი ოჯახად ვერ შედგეს და ეს არაა ტრაგედია, მაგრამ ბავშვებს მშბობლებთან ურთიერთობა აუცილებლად უნდა ჰქონდეთ. მათ უნდა იცოდნენ ყველაფერი. დღეს როცა ვსაუბრობთ ამა თუ იმ თემაზე, ისინი უკვე თვითონ აკეთებენ დასკვნებს. ჩვენ, მშობლებმა, ფაქტები უნდა მივაწოდოთ, რეზიუმეს კი თავად ძალიან ჭკვიანურად და შეგნებულად აკეთებენ.
- როგორ შეხვდნენ შვილები თქვენს მეორედ დაოჯახებას?
- ჩემთვის უმნიშვნელოვანესი იყო ის, თუ როგორ შეეგუებოდნენ ბავშვები ვახოს და როგორი იქნებოდა ის ჩემი შვილების მიმართ. მე რომ რაიმე არასწორი, არასასიამოვნო დამენახა, ამ ნაბიჯს არავითარ შემთხვევაში არ გადავდგამდი, მაგრამ საბედნიეროდ, ბიჭები ერთმანეთს ძალიან კარგად შეეწყვნენ, შესაბამისად, მეც გამიადვილდა მეორედ ამ საპასუხისმგებლო ნაბიჯის გადადგმა.
- თუ არის ისეთი რამ, რასაც ნანობთ შვილებთან მიმართებაში? მაგალითად, არის ხოლმე შემთხვევები, როცა ზოგიერთი ნანობს თუნდაც იმას, რომ მეტი დრო არ დაუთმო, რაღაც არ გააკეთა და ა.შ.
- არ მახსენდება ასეთი რამ, ალბათ იმიტომ, რომ რასაც საჭიროდ ვთვლიდი, ყველაფერს ვუკეთებდი შვილებს. საჭირო რომ ყოფილიყო, უარი მეთქვა ჩემს საქმიანობაზე, ამასაც გავაკეთებდი შვილების კეთილდღეობისთვის, იმიტომ, რომ მათზე მნიშვნელოვანი არაფერია ამ ქვეყანაზე.
ციცი ომანიძე