ძნელია ამის აღიარება... მაგრამ ესეც დედობის ნაწილია!
ძნელია ამის აღიარება... მაგრამ ესეც დედობის ნაწილია!
წუხელ ისე ჩამძინებია, მთლად გავითიშე. რომ გამომეღვიძა, გულს შემომეყარა – ჩემს 4 წლის შვილს საბანი გადაეხადა და მთლად გათოშილი ჰქონდა ფეხები. შემოვიკარი თავში ხელი, ვლანძღე საკუთარი თავი უყურადღებობისთვის, თან გამალებით ვუთბობდი ფეხებს და ტირილს ძლივს ვიკავებდი ამ სიტუაციის გამო... ძნელია ასეთი რამეების აღიარება, მაგრამ ესეც დედობის ნაწილია... ყოველ შემთხვევაში, ჩემს ცხოვრებაში ასეთი რამეებიც ხდება და ამის გამო ისე გამიკიცხავს და გამილანძღავს თავი, მეგონა, მეორედ აღარ მოხდებოდა... მაგრამ დედის გარდა მე
ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, რომელიც ამ 10 წლის განმავლობაში, რაც დედაა, ხანდახან იღლება, ხანდახან გონება ეფანტება, ხანდახან იბნევა...
ერთხელ ფანჯარა დავტოვე ოდნავ ღია, გასანიავებლად – გვიან გაზაფხულზე. ბავშვებს ეძინათ, გამოვედი და რაღაც საქმის კეთებას შევუდექი. ისე მიმავიწყდა ის ფანჯარა, მხოლოდ ერთი საათის მერე გამახსენდა. გაგიჟებული შევვარდი – ნიავი ამოვარდნილიყო და მთლად გამოფრიალებულიყო სარკმელიც... კიდევ კარგი, მაშინ არ გაცივდნენ დედის უყურადღებობით...
ერთხელ ჩემს მეგობართან ტელეფონზე ლაპარაკს შევყევი და ამასობაში ბავშვს ჩასძინებია სავარძელზე... ისე შემრცხვა და ისე ვინერვიულე, კარგა ხანს გამყვა ეს გრძნობა...
ერთხელ საქმეებს შევყევი და სადილის გაკეთება დამავიწყდა. რამდენიმე ღამის უძილო ვიყავი და ამას დავაბრალე, მაგრამ სადილის გაკეთება მაინც როგორ უნდა დამვიწყებოდა? დრო ისე
გამეპარა, ვერ მივხვდი. რაღას ვიზამდი?! სკოლიდან გამოყვანილს გზად ვუყიდე პატარა ხაჭაპური, სახლში მოვედით და მერე დავიწყე ქვაბის თუხთუხი...
ჰო, ერთხელ კიდევ საოცრება დამემართა. მეორე ახალი გაჩენილი მყავდა, პირველი მაშინ 2 წლის იყო. პირველ დღეებში მართლა გავწამდი – ორივეს დედა უნდოდა, ორივე ტიროდა და რამდენიმე ღამე თვალი საერთოდ არ მქონდა მოხუჭული. გაზებისთვის ვასმევდი წამალს პატარას. წამლები ერთად მედგა თაროზე. ამ გაზების წამლის ბოთლი წყალბადის ზეჟანგის ბოთლში ამერია და ჩაის კოვზით პირში ჩავასხი... რომ აქაფდა, მერე დავხედე ბოთლს გადარეულმა და ისეთი ისტერიკა დამემართა, კინაღამ იქ გავთავდი. კიდევ კარგი, ექიმმა მაშინვე დამამშვიდა, რომ საგანგაშო არაფერი იყო, უბრალოდ მალევე ჩავუდე ძუძუ პირში და გავუსუფთავე ასე...
10 წლის განმავლობაში ასეთი შემთხვევები ბევრი არა, მაგრამ მქონია. მიზეზები მრავალი შეიძლება იყოს – დაღლა, ერთდროულად ბევრი საქმის კეთება, და რა ვიცი, კიდევ რა. მაგრამ ფაქტია, რომ მიუხედავად დიდი სურვილისა და მცდელობისა, ვიყო კარგი დედა, მაინც მქონია ასეთი ავად გასახსენებელი ამბები... ამას იმიტომ ვწერ, დარწმუნებული ვარ, რამდენიმე დედას მაინც ექნება ასეთი გამოცდილება, მინდა, ისინიც დავამშვიდო და მათაც დამამშვიდონ. ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ, ადამიანს კი რაღაც ყოველთვის ეშლება... ღმერთმა დაგვიფაროს ისეთი შეცდომებისგან, რომლებსაც შეიძლება ცუდი შედეგები მოჰყვეს... და ღმერთმა ყოველთვის ჯანმრთელები და ბედნიერები გვიმყოფოს ჩვენი შვილები.
ნინო, 35 წლის
23756
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (18)
0
ო ეს დანაშაულის გრნობა... ჯერ იმაზე ნერვიულობ რაზეც თავის შეკავება გიჭირს, მერე იმაზე თავი როგორ ვერ შევიკავეო. ან კიდევ სულ რომ გგონია რაღაც ისე ვერ გააკეთე და ახლა იმაზე ნერვიულობ... მერე იმას განიცდი შენი ნერვიულობა ბავშვმა არ შენიშნოს... მაგრამ როცა შვილს მოეფერები ყველაფერი ლაგდება
12:47 / 03-03-2017
Ruska
0
Ufalma yvela qals momadlos dedoba.rodesac Deda xar da gyavs janmrteli shvilebi msgavs wvrilmanebze agar unda ifiqro. Dzalian patara intervalit gavachine ori shvili da zogjer ise viglebigvian game sawolamde dzlivs mivfortxav xolme,wuwunic bevrjer wamomcdenia,magram Roca vfiqrob ramdeni qalia ushvilo,chemi tavis shemrcxveba xolme. Ase mgonia sxva ushvilo qals wavartvi shvili. Gmertma yvela Deda gaadzlieros.
08:43 / 10-07-2016
მსგავსი სიახლეები
```