"სადაც ბევრი შვილია, მე მგონი, იმ ოჯახში სხვებზე მხიარული და იმედიანი ხალხი ცხოვრობს..." კაფანდარა და ჭკვიანი, მხიარული და კეთილი, მოგზაურობისა და კითხვის მოყვარული გოგონა - ასეთი მახსოვს ის... და საოცარია, რომ წლების გასვლის და ოთხი (!) შვილის გაჩენის შემდეგაც ზუსტად ასეთად დარჩა. ასევე, მხიარულად, ჯანსაღად და გონივრულად ზრდის პატარებს. ამაში ალბათ იმანაც შეუწყო ხელი, რომ სამსახურიც ყველაზე ჭკვიანური იპოვა - წიგნების გამომცემლობაში რედაქტორად მუშაობს და მის შვილებს წიგნები დაბადებიდან უყვართ; და რასაკვირველია, დაეხმარა მეუღლე, რომელიც მუდამ გვერდში უდგას და ნამდვილად სრულად იზიარებს ბავშვების აღზრდისა და მათზე ზრუნვის ვალდებულებას, რაც არც ისე ხშირია... ერთი სიტყვით, გაიცანით ნინო ილაშვილი, ოთხი ცელქი ბავშვის აქტიური დედა.
- ნინო, საინტერესოა, თავიდანვე გინდოდა, ბევრი შვილი გყოლოდა? ხომ არის, რომ გოგონები ბევრ შვილზე ოცნებობენ?
- კი, ნამდვილად მინდოდა მყოლოდა შვილები, თუმცა რაოდენობაზე არ მიფიქრია. ისე, 4 ბევრი არ არის, ამაზე მეტი დღეს ბევრ ოჯახს ჰყავს.
- თუმცა ყველანი პატარები არიან და ეს ორმაგად რთული იქნება. რამდენად რთულია თან პატარების მოვლა და თან საქმეების კეთება, თუნდაც საოჯახო საქმეების და რა გიადვილებს ამას? ვინ გეხმარება?
- ადვილი არ არის შვილების მოვლა და თან მუშაობა, მაგრამ იმდენად მიყვარს და მსიამოვნებს ჩემი საქმის კეთება, ვერაფრით ვერ ველევი... უბრალოდ, რაც მეოთხე გაჩნდა, სახლიდან ვმუშაობ ძირითადად. ახლა ადვილი ისაა, რომ მე თვითონ ვანაწილებ, რა დროს რა ვაკეთო, შვილებსაც არ მოვაკლდე და საქმესაც. ბაღში სანამაა ბავშვი, შედარებით ადვილია, ახლა ორი მოსწავლეა, წრეებზე დადიან, წაყვან-მოყვანა უნდათ. ორი წელია, მას მერე, რაც მეოთხე შეგვეძინა, ძიძა დავიხმარეთ, რომელიც სახლის საქმეებშიც მეხმარება და პატარასაც ვუტოვებ ხოლმე. ეს უზარმაზარი შეღავათია.
- რა პლუსები და მინუსები აქვს მრავალშვილიანობას, შენი გადმოსახედიდან?
- ალბათ, მხოლოდ პლუსები, თანაც - უამრავი. რამდენიმე მთავარს ვიტყვი. გლობალურიდან რომ დავიწყოთ, ბევრი შვილით ერს ამრავლებ, არადა გვჭირდება გამრავლება. სადაც ბევრი შვილია, მე მგონი, იმ ოჯახში სხვებზე მხიარული და იმედიანი ხალხი ცხოვრობს. ბავშვები უფრო ადვილად სწავლობენ სხვებზე ზრუნვას, სიკეთეს, სიყვარულს, ამას გარდა, ერთმანეთს ასწავლიან და წინამორედების გამოცდილებით იციან ბევრი რამ... მინუსი, რაზეც ვფიქრობ ხოლმე ზოგჯერ, ჩემთვის ის არის, რომ ყველას ყოველთვის ვერ ვაქცევ სათანადო ყურადღებას და ვნერვიულობ, რომ არ ვმუშაობდე, მეტ დროს დავუთმობდი-მეთქი ბავშვებს... თუმცა ისეთ საქმეს ვაკეთებ, თვითონ მოსწონთ და ჩართულებიც არიან ხშირად. თანაც შეიძლება უცნაურია, მაგრამ ჩემი საყვარელი საქმე თავისებურ ენერგიას მაძლევს. სათქმელია მატერიალური მხარეც, ბევრ ბავშვს ბევრიც სჭირდება, თუმცა ჩემი და ჩემ გარშემო მრავალშვილიანების გამოცდილებით ვიტყვი, რომ ღმერთი ყველას მოხედავს, იმედი არ უნდა დაკარგოს ადამიანმა.
- რას ეტყვი მას, ვისაც ეშინია ორზე მეტი შვილის გაჩენის და რა რჩევას მისცემდი მას, ვისაც უჭირს სამსახურისა და ოჯახის შეთავსება?
- ნუ შეშინდებიან, თუმცა გააჩნია სამსახურს. პირადად მე ძალიან კარგად ამეწყო და ვათავსებ ორივეს. გაგიკვირდებათ ალბათ, მაგრამ ძიძას ვერ დავუტოვებდი პატარას მთელი დღით.
- როგორები არიან შენი პატარები, თუ არიან ცელქები და რას უხერხებ მათ სიცელქეს?
- ძალიან ცელქები არიან, განსაკუთრებით თუ ერთად თამაშობენ. როცა ზედმეტი მოსდით, ან ცალ-ცალკე საკეთებელ საქმეს ვაძლევ, ან ისეთ თამაშს ვთავაზობ, დედ-მამაც რომ ვიყოთ ჩართულები.
- რამდენად განსხვავდებიან ბავშვები ერთმანეთისგან და რამდენად რთულია, ოთხ სრულიად სხვადასხვა პიროვნებასთან ურთიერთობა, სითბოსა და ყურადღების თანაბრად განაწილება?
- ნამდვილად განსხვავებულები არიან ერთმანეთისგან. ყველასთან სხვადასხვანაირი მიდგომა მაქვს სხვადასხვა სიტუაციაში. ყველა დედა ასეა ალბათ. აი, მაგალითად, ერთს ტირილისას აუცილებლად უნდა მოეფერო, მეორეს საერთოდ გაერიდო, სანამ არ გაუვლის, მესამეს უბრალოდ გამოელაპარაკო და ასე დააწყნარო, მეოთხე წრიპაა ჯერ და ჩახუტება უნდა.
- თუ გეხმარებიან უკვე უფროსები?
- კი, მეხმარებიან. მთავარი დახმარება ის არის, რომ უკვე ბევრი რამ ესმით. დამოუკიდებლად მეცადინეობენ, გოგო კარგად ათამაშებს უმცროსებს, აცმევს-აჭმევს, უვლის, თუმცა ყოველთვის არა.
- თემიდან ოდნავ გადავუხვიოთ. არ შემიძლია ეს არ გკითხო... ვიცი, რომ მეუღლის საქმიანობიდან გამომდინარე, წლები ცხოვრობდი თურქეთში და იქ მოგიწია ორი შვილით ყოფნამ გარკვეული პერიოდი. საინტერესოა, რით არის განსხვავებული ბავშვების იქ აღზრდა და აქ, ამბობენ, რომ სრულიად განსხვავებული მიდგომებია ორსულობის, მშობიარობის, პედიატრიის საკითხებისადმი...
- ორი ბავშვი იქ გავაჩინე. მხოლოდ ერთ ექიმთან დავდიოდი და მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ერთნაირი ორსულობა მქონდა, აქ სულ რაღაც წამლებს და სხვადასხვა ვიტამინს თუ მინერალს მასმევდნენ, იქ მხოლოდ ორსულებისთვის განკუთვნილი ვიტამინების კომპლექსი მქონდა გამოწერილი. იქ კარგი ის არის, რომ ნებისმიერი გინეკოლოგი ექოსკოპიასაც იღებს და არ გიწევს ვიღაცებთან 1 თვით ადრე რიგში ჩაწერა. ერთი შევამჩნიე, რომ ფიზიოლოგიურად ცოტა მშობიარობდა, არც ვიცი ეგეთი ჩვენ გარშემო, ყველა საკეისრო კვეთით ირჩევდა გაჩენას.
კიდევ აღსანიშნავია, რომ ჩვენთან ყველა ფეხის ნებიჯზეა აფთიაქი, იქ ეგრე არ იყო. სხვათა შორის, ჩემი დაკვირვებით, ნაკლებად ავადმყოფობდნენ ბავშვები, შეიძლება იმიტომ, რომ შედარებით პატარა საუნივერსიტეტო ქალაქში ვცხოვრობდით, ჰავაც კარგი იყო, ვირუსი იმ 4 წელიწადში თითქმის არც შეგვყრია, მაგრამ ისედაც მგონია, რომ აქ ძალიან ბევრ წამალს ნიშნავენ ექიმები. დაახლოებით 6 თვეში ერთხელ მაქვს ვადაგასული წამლების გადაყრის სახალისო რიტუალი, დიდი სიამოვნებით ვყრი ხოლმე ცოტა ხანს ნახმარ ან საერთოდ უხმარ გამოწერილ ვადაგასულ წამლებს.
ჩვენი შვილი დადიოდა უნივერსიტეტის თანამშრომლების შვილებისთვის განკუთვნილ ბაღში, რომელიც ქალაქ კამპუსში იყო. ჩემთვის ის ბაღი გახლდათ იდეალური, საუკეთესო რეჟიმით და მასწავლებლებით. ჯგუფში 15 ბავშვი იყო. ცენტრში დიდი სივრცე ჰქონდათ სათმაშოდ ათასნაირი სასრიალოთი, სადაც რიგ-რიგობით გაჰყავდათ ჯგუფები, გარეთაც მშვენიერი სასეირნო ბაღი პატრა სახლუკებით, ხშირად დაჰყავდათ უნივერსიტეტის პატარა ზოოპარკში და თავლაში. თეთრეული ჩვენი მიტანილი იყო და ჩვენვე გვატანდნენ ყოველ კვირა გასარეცხად, ბაღში ბავშვები ჩუსტებით და სხვა ყველა ბახილებით შედიოდა, თუმცა შესასვლელის იქით არ უშვებდნენ. კიდევ ძალიან ბევრი კარგი რამ იყო...
- მამები რამდენად არიან ჩართული ბავშვების აღზრდაში? რას იტყვი ზოგადად მათ ოჯახურ ტრადიციებზე?
- თურქეთში არიან ძალიან მორწმუნე ოჯახები (თავდახურული ქალებით და ა.შ.) და ძალიან თანამედროვე ხალხიც, შეიძლება გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ, და-ძმანი იყვნენ. ძალიან თვალში საცემი იყო ჩემთვის ასაკიანი ადამიანებისადმი პატივისცემა, მიმართვისას და საერთოდ ყველანაირ ურთიერთობაში. მე რა მომწონდა ძალიან, ერთად სიარული უყვართ, ჩასხდებიან დიდ-პატარა ყველანი და წავლენ პიკნიკზე, საყიდლებზე თუ რესტორანში. ჩვენთან ვინ ატარებს ბებიას ასე? სტუმრობის ინსტიტუტი აქვთ ძალიან წინ წამოწეული. მიდიან-მოდიან ერთმანეთთან სადილადაც, ისედაც, უბრალოდ ჩაიზე.
- ახლა შენს პატარებს დავუბრუნდეთ. საინტერესოა, როგორი მეთოდებით ზრდით ზოგადად? რა არის ოჯახური პრიორიტეტები აღზრდის მხრივ და თუ მოგყვებიან პატარები ამაში?
- ძალიან მკაცრი არ ვარ, თუმცა ცუდ საქციელს აუცილებლად მოჰყვება ჩემი რეაქცია. ვუბრაზდები, როცა ერთი მეორეს უსამართლოდ ექცევა. არის რაღაცები, რაც შეზღუდულია ჩვენთან. მაგალითად, კომპიუტერული თამაშები, ინტერნეტში ძრომიალი. ტელევიზორი დიდხანს არ გვქონდა, ახლა კი გვაქვს, მაგრამ იშვიათადაა ჩართული. სამაგიეროდ ძალიან ბევრი წიგნი გვაქვს და ზოგი კითხულობს, ზოგი მაკითხებს, ზოგიც ათვალიერებს. ხშირად საღამოობით მე ვუკითხავ ხმამაღლა ან ყველანი ერთად ვუყურებთ რომელიმე მულტფილმს ან საბავშვო ფილმს.
ხშირად ვსაუბრობთ სკოლის თუ ბაღის ამბებზე. ჩემთვის მთავარია, არავინ დაჩაგრონ, არავის დასცინონ, არ უღალატონ, პასუხისმგებლობის გრძნობა ჰქონდეთ...
კიდევ, გვინდა, რომ ჩვენს შვილებს შრომა უყვარდეთ. გომბორისკენ გვაქვს ნაკვეთი, სადაც წელს პირველად დავამუშავეთ მიწა და მოვიყვანეთ მოსავალი. ამ პროცესში, გაზაფხულიდან მოყოლებული, გვიან შემოდგომამდე ბავშვები აქტიურად იყვნენ ჩართულები, დათესეს, მავნებლებს აცლიდნენ, რწყავდნენ და ასე შემდეგ.
ვაყვარებთ ჩვენს ქვეყანას, გვინდა რომ აქ გაიზარდნენ, მერე თვითონ იციან. სხვა ქვეყანაში გაზრდილი, სხვა ენაზე განათლებამიღებული ბავშვი არა მგონია, აქ დაბრუნდეს.
შეძლებისდაგვარად ვმოგზაურობთ. მამა ბიოლოგია და ხშირად არის ველზე, პატარებიც დაჰყავს რიგრიგობით, 5 წლიდან ყველამ დაიწყო და მთა-თუშეთიდან მოყოლებული, აჭარის მაღალმთიანეთით გათავებული, სად აღარ არიან ნამყოფები...
ლელა ზურებიანი