როგორ ზრდის დედ-მამა 11 შვილს რამდენი მრავალშვილიანი ოჯახია საქართველოში, ამის ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, მაგრამ დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 10 ბავშვი ბევრ ოჯახში არ იზრდება. მამა ტარიელის (ჟღენტი) ოჯახი ამ მხრივ გამორჩეული და სამაგალითოა! ზუსტად 1 თვის წინ, მას მე-11 შვილი შეეძინა. პატარა ანა ქვეყანას 7 დეკემბერს მოევლინა. უფროსი შვილი- ქეთევანი 23 წლისაა, იაკობი- 22-ის, ლევანი- 19-ის, სიდონია- 17-ის, ეგნატე- 14-ის, წყალობა- 12-ის, აბო- 7-ის, მარიამი- 4-ის, დემნა კი 2 წლის გახლავთ.
მამა ტარიელი ღვთისმსახურებას მეტეხის ტაძარში ეწევა. ოჯახი სოფელ ნასაგურში ცხოვრობს. აქვს საოჯახო მეურნეობა, ფერმა, ზეთის სახდელი პატარა საამქრო. შვილებს შრომის სიყვარულს, ერთმანეთზე მზრუნველობას ასწავლის და ფოფოდია შორენასთან ერთად, დიდი სიყვარულის მაგალითს აძლევს.
უმეტეს შემთხვევაში, მრავალშვილიან ოჯახებში ეკონომიკურად არცთუ ისე კარგი მდგომარეობაა, მამა ტარიელის სახლში კი ეს პრობლემა არ არსებობს. მის ოჯახში არა მხოლოდ ბევრი ბავშვი, არამედ ხვავი, ბარაქა, სითბო, სიყვარული ტრიალებს. მე მათთან ვნახე, ჩავწერე და გადავიღე ბედნიერება, რომელსაც ახლა თქვენ გაგიზიარებთ.
მამა ტარიელის დედა, ქეთევან კობახიძე ამბობს, რომ მისი შვილი ბავშვობიდანვე გამორჩეული იყო. თანატოლებისგან განსხვავებით, ხშირად ჩაფიქრებული დადიოდა. მხოლოდ ჯვრებს ხატავდა, ძერწავდა, მაცხოვრის სახეს აქანდაკებდა. როდესაც თოიძის სახელობის სასწავლებელში ჩააბარა, თავი ყველას ნიჭიერებით დაამახსოვრა, მაგრამ მალე ეკლესიას დაუახლოვდა და სასწავლებლიდან ხშირად, მონასტერში იპარებოდა. მასწავლებლები მშობლებს ეუბნებოდნენ,- კარგი შვილი გყავთ, მაგრამ მღვდლებს თუ არ ჩამოაშორებთ, მისგან არაფერი გამოვაო. დედა მონასტერში მიდიოდა და მეუფეს სთხოვდა: გევედრებით, შვილს ნუ წამართმევთო.
მამა ტარიელმა ყველასგან მალულად, სასულიერო სემინარიაში ჩააბარა. მესამე კურსზე იყო, როცა ღვთაების მამათა მონასტერში წავიდა. ამ პერიოდიდან მტკიცედ გადაწყვიტა, უფლის მსახური გამხდარიყო. 19 წლის ასაკში დიაკვნად აკურთხეს.
მამა ტარიელი:
- ეკლესიაში 1988 წელს მივედი. იმ დროს საქართველოში ეროვნული მოძრაობის მიტინგები იწყებოდა. ხშირად მესმოდა სიტყვები: "ბიბლიაში ასე წერია", "წმინდა მამები ასე ამბობენ"... დავინტერესდი და ეკლესიური ცხოვრება დავიწყე, მერე კი სემინარიაში ჩავაბარე. წარმოიდგინეთ, ისეთი დრო იყო, რომ როდესაც ვთქვი,- სემინარიაში ჩავაბარე-მეთქი, დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში, ოჯახის წევრები არ მელაპარაკებოდნენ. მანამდეც ეთაკილებოდათ, რომ სამღვდელოებასთან ახლოს ვიყავი.
ქეთევან კობახიძე: - სასწავლებლიდან მონასტერში იპარებოდა, მაგრამ ყოველთვის იბარებდა, რომელ მონასტერში მიდიოდა. როგორც კი ამ ამბავს შემატყობინებდნენ, მასთან მივდიოდი. ასე რამდენჯერმე გამეორდა. ერთხელ მეუფე იობმა მითხრა,- შვილს არ გართმევ. უფალი როგორც ინებებს, ყველაფერი ისე იქნებაო. თოიძის სახელობის სასწავლებელი რომ დაამთავრა, სასულიერო სემინარიაში ჩუმად ჩააბარა. მესამე კურსზე რომ იყო, ღვთაების მონასტერში წავიდა და იქ სასულიერო პირებთან ერთად დიდხანს ცხოვრობდა. სასწავლებლიდან დამირეკეს, ნიჭიერი სტუდენტია და გული გვწყდება, რომ ლექციებზე არ დადის. მოვიდეს, გამოცდები მაინც ჩააბაროსო. ღვთაების მონასტერში წავედი და წამოვიყვანე. 14 წლიდან სასულიერო გზას ადგას. ჩემი მეორე შვილი შავი სამღვდელოების წარმომადგენელია- ბერია. ის 41 წლის გახლავთ. მამა საბა ყინწვისის მონასტერში მსახურობს. კლდეში ნაკვეთი სარკინეთის მონასტერი მის მიერაა გამოკვეთილი. ძალიან ბევრი იშრომა. უკვე გითხარით, მამა ტარიელი
გამორჩეული ბავშვი იყო. ერთხელ თაბაშირით მაცხოვარიც გამოაქანდაკა. ყოველთვის მორწმუნე გახლდათ, მაგრამ მეორე შვილი, რომელიც ახლა ბერია, ცელქი, მოუსვენარი იყო და უფროსი ძმის არ ესმოდა. მე ზესტაფონში ვცხოვრობ, მეუღლე გარდაცვლილი მყავს, ახლა შვილიშვილის სანახავად ჩამოვედი.
მამა ტარიელი:
- სემინარიას ვინც ამთავრებს, ყველა მოძღვარი არ გამოდის. ეს არც არის აუცილებელი. ჩემზე დიდი გავლენა მეუფე იობმა მოახდინა. მისი დამსახურებაა, რომ სასულიერო პირი ვარ. ის მაშინ არქიმანდრიტი და მარტყოფის მამათა მონასტრის წინამძღოლი გახლდათ. მასთან ერთ-ერთ დღესასწაულზე მოვხვდი და მერე მონასტერში მთელი წელი დავრჩი. შემდეგ წამოვედი, დავოჯახდი. მაშინ ძალიან ახალგაზრდა, 19 წლის ვიყავი. 21 წლისა მღვდელი გავხდი. ეკლესიას ამ დროს ძალიან უჭირდა. სასულიერო პირების სიმცირე იყო. სწორედ ამიტომ, გამონაკლისი დაუშვეს და მაკურთხეს, თორემ ეს წესის დარღვევა გახლდათ.
მამა ტარიელმა მეუღლე - შორენა მონდაძე თოიძის სახელობის სასწავლებელში გაიცნო და შეუყვარდა, მაგრამ გოგოს გულის მოგება ცოტათი გაუჭირდა.
შორენა მონდაძე, ფოფოდია:
- ქცევებით სულ მაგრძნობინებდა, რომ ჩემ მიმართ ინტერესი ჰქონდა. მაშინ მორჩილი იყო. მითხრა,- თუ ცოლად არ გამომყვები, სხვას არავის მოვიყვანო. თავიდან უარზე ვიყავი, მერე ქორწინებაზე დავთანხმდი. ტარიელი ჯგუფელებისგან ნიჭიერებით გამორჩეული იყო. კარგი თვისებები ჰქონდა. სტუდენტობის წლები დასამახსოვრებელი იყო. ამ ნაბიჯის გადადგმა იმან გამიადვილა, რომ მორწმუნე გახლდათ და ეს ურთიერთობაშიც იგრძნობოდა.
მშობლებმა ტრადიციული ქორწილი გადაგვიხადეს. ნიშნობა ჩემს დაბადების დღეს დავამთხვიეთ, მერე ჯვრისწერა და ქორწილი გვქონდა. განაგრძეთ კითხვა