"ჩვენი ოჯახი არა ქართულ-თურქული, არამედ სიყვარულით შექმნილი ერთი პატარა ცხოვრებაა" – თურქეთში მცხოვრები ქართველი ბლოგერი დედიკოს საინტერესო ინტერვიუ გერდა კობერიძის სახელსა და გვარს შემთხვევით გადავაწყდი ინტერნეტში. ის თურქეთში მცხოვრები ქართველი გოგონაა, რომელსაც საკუთარი ბლოგი აქვს – "მეთეს დედიკო", და ძალიან საინტერესო და გულწრფელ ჩანაწერებს აკეთებს, როგორც ახალგაზრდა დედა. გერდას ბლოგიდან რამდენიმე ამონარიდს მოგვიანებით შემოგთავაზებთ, მანამდე კი გავიცნოთ თელავში დაბადებული გოგონა, რომელიც ამჟამად სტამბოლში ცხოვრობს ქმარ-შვილთან ერთად და ამბობს, რომ ბედნიერი ცოლი და დედაა.
- მე ვარ გერდა კობერიძე, 26 წლის. დავიბადე თელავში. დავამთავრე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი - საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები. ვმუშაობ იმპორტ/ექსპორტის ხელმძღვანელად კერძო კომპანიაში. ამჟამად ვცხოვრობ და ვმუშაობ სტამბულში. მყავს მეუღლე და შვილი.
- როგორ მოხვდით თურქეთში და როგორ დაოჯახდით?
- 2 წლის ვიყავი, მამა რომ დამეღუპა. გამზრდელი მამა (არ მიყვარს სიტყვა მამინაცვალი) თურქი ეროვნების არის, ამიტომ გარემო ჩემთვის უცხო არ ყოფილა.
ბავშობის დიდი ნაწილი სტამბულში მაქვს გატარებული.
რაც შეეხება ჩემს მეუღლეს, ჩვენ ერთმანეთი Fაცებოოკ-ის მეშვეობით გავიცანით, შემდეგ პირადად შევხვდით ერთმანეთს, შეგვიყვარდა და დავოჯახდით.
- როგორია თქვენი ქართულ-თურქული ოჯახი?
- მე და ჩემი მეუღლე არ ვყოფთ ადამიანებს ეროვნების, სარწმუნოების, ენის, ორიენტაციის მიხედვით. ამიტომ ჩვენი ოჯახი არა ქართულ-თურქული, არამედ სიყვარულით შექმნილი ერთი პატარა ცხოვრებაა.
- ჩანაწერებში ხშირად აქებთ მეუღლეს, როგორც კარგ მამას. როგორია ეს კარგი მამა?
- ჩემი მეუღლე ჩემთვის იდიალური ადამიანია. მოსიყვარულე, გამგები, დამხმარე და რაც მთავარია, შესანიშნავი მამა. მან იცის, რომ შვილის ბედნიერებისთვის ჯერ დედიკოს ბედნიერებაა მთავარი. თანაცხოვრება ჩვენთვის თანადგომას და თანასწორობას ნიშნავს. ჩვენს ოჯახში არ არსებობს ქალის და კაცის საქმე, რომელს როგორ გვცალია, იმის მიხედვით ვინაწილებთ საქმეს. ვფიქრობ, კარგ მაგალითს ვაძლევთ შვილს და იმედი მაქვს, ისიც ასეთივე იქნება თავის ოჯახში.
- რატომ მოგინდათ ბლოგის დაწერა?
- ბლოგის დაწერა დიდი ხანია მინდოდა, მაგრამ ყველაზე სასურველ თემას ვერ ვარჩევდი. მას შემდეგ, რაც ჩემი პატარა მოევლინა, მივხვდი, რომ ეს იყო ის თემა, რომელიც ყველაზე მეტად მაინტერესებდა.
ახალი დაწყებული მაქვს და ვიცი, რომ ჯერ კიდევ დასახვეწია, წინ გრძელი გზა მაქვს.
გადატვირთული გრაფიკის გამო ხშირად ვერ ვახერხებ წერას თუმცა გაგრძელებას, რა თქმა უნდა, ვაპირებ.
- რა გამოხმაურება მოჰყვა, ვინ გყავთ მკითხველი და ვისთვის არის ეს ბლოგი? ქართულ-თურქულად წერთ, ვინ კითხულობს უფრო ხშირად?
- იქიდან გამომდინარე, რომ ახალი დაწყებული მაქვს, დიდი რაოდენობით მკითხველი ჯერჯერობით არ მყავს, თუმცა ნაწერებს სოციალურ ქსელში ქართულ-თურქულ გვერდებზე ვაზიარებ და ვცდილობ, რაც შეიძლება ბევრ ადამიანს მივაწვდინო ხმა. ჩემი ბლოგი უფრო მეტად დედებისთვის არის და საკმაოდ პოზიტიურ გამოხმაურებას პოვებს.
- როგორ ზრდიან ბავშვებს თურქეთში, რით განსხვავდება საქართველოსგან, რა მოგწონთ იქ და რა - არა?
- თურქეთი ძალიან დიდი და მრავალფეროვანი ქვეყანაა, ამიტომ განზოგადება, თუ როგორ ზრდიან ბავშვებს, ძალიან ძნელია. აღმოსავლეთი და დასავლეთი დღე და ღამესავით განსხვავდება ერთმანეთისგან ტრადიციებით.
ჩვენ სტამბულში ვცხოვრობთ, შემიძლია აქაური დაკვირვება გაგიზიაროთ.
ბოლო წლებში ერთ-ერთი მოთხოვნადი ფაკულტეტი "çucuk gelişimi" - ბავშვის განვითარებაა, ეს იმას ნიშნავს, რომ დიდი ინტერესია მომავალი თაობის სწორად აღზრდასთან დაკავშირებით. დედები სოციალურ ქსელში აქტიურად უზიარებენ ყველანაირ გამოცდილებას და არასოდეს შეურაცხყოფენ ერთმანეს. არსებობს სპეციალური დაწესებულებები, რომლის მხრიდანაც ტარდება უამრავი ტრენინგი თემებზე: ფსიქოლოგია, კვება, თამაში, ჰიგიენა და ა.შ.
ასევე წარმატებული სპეციალისტები სოციალურ ქსელში ძალიან ბევრ და კარგ ინფორმაციას უზიარებენ დედებს. ვიტყოდი, რომ თურქეთში უფრო დიდი დრო და ყურადღება ეთმობა ამ ყველაფერს.
- თავად უფრო როგორი მეთოდებით ზრდით - ქართულთან ახლოს თუ თურქულთან ახლოს?
- ვერ ვიტყოდი, რომ ქართული ან თურქული ადათ წესებით ვზრდით ბავშვს. მე და ჩემი მეუღლე ვციდოლბთ და გვინდა, რომ შეგნებული, თბილი, მოსიყვარულე და სამართლიანი ადამიანი გავზარდოთ. გვჯერა, რომ აღზრდა მუცლიდან იწყება.
ყველაზე მთავარი, რაც მშობელს შეუძლია შვილს ასწავლოს, სიყვარული და პატივისცემაა.
ამასთანავე დღეისათვის ძალიან ბევრი ინფორმაცია არსებობს ბეჭდურ თუ ინტერნეტ სივრცეში, როგორც ფსიქოლოგიურ, ისე ფიზიკურ აღზრდასთან დაკავშირებით. აქტიურად ვეცნობით და ვიყენებთ ამ ყველაფერს.
- რას ეტყვით ჩვენს მკითხველ ქართველ დედებს?
- არ არის ადვილი, იყო მშობელი და განსაკუთრებით დედა. ეს ყველაზე შესანიშნავი რამ არის, რაც კი ადამიანს ცხოვრების განმავლობაში შეიძლება შეემთხვეს. ეს არის სიყვარული და უდიდესი პასუხისმგებლობა. პასუხისმგებლობა მომავლის შექმნის.
სითბო და მოთმინება ალბათ ყველაზე მთავარია.
დედობას ალბათ ვერ გამოიმუშავებ, ეს შენშია. შვილის გაზრდა ტანჯვა არ არის.
ჩემთვის ძალიან საინტერესო პროცესია. მართალია, ძალიან დამღლელი, მაგრამ სასიამოვნო.
შვილი მშობლის საკუთრება არ არის, ჩვენ ვალდებულები ვართ, გარკვეულ ასაკამდე საკუთარი მაქსიმუმის გამოყენებით გავზარდოთ, აღვზარდოთ.
ეს დრო აღარასოდეს დაბრუნდება, ვცილობ, ყოველი წამი სავსე გავატარო და გონებაში ჩავიბეჭდო. არ მინდა, მომავალში ბევრი "ნეტა" დამიგროვდეს.
ლელა ზურებიანი