"დამიჯერე, ამ ერთიანობას არ დავარღვევ!" - ეს სიტყვები ერთმა ჩვეულებრივმა გოგონამ, 15 წლის მოზარდმა დაუწერა თავის დედას... ეს სიტყვები ერთმა ჩვეულებრივმა გოგონამ, 15 წლის მოზარდმა დაუწერა თავის დედას დაბადების დღეზე. ვფიქრობთ, ასეთი თბილი და გულწრფელი სიტყვები, შვილის მიერ დედისადმი მიძღვნილი, თანაც იმ ასაკში, რომელსაც გარდატეხის რთულ ასაკს ეძახიან ხოლმე, განსაკუთრებულად სათუთი და ემოციურად მოსასმენია. ალბათ ყველა დედას გაუხარდებოდა შვილისგან ასეთი სიტყვების მოსმენა:
"დედა, გილოცავ! ვიცი, გითხარი, არაფერს დაგიწერ-თქო და მგონი, ამას დაწერაც არ სჭირდება... ხშირად ვერ გეუბნები ამ ყველაფერს და მინდა იცოდე: "მე შენ მიყვარხარ" ისეთი ძალით, რომ სიტყვებიც მეუბრალოება ამ ყველაფერთან. ის ქალი ხარ, ყველაფერს საუკეთესოს რომ იმსახურებს, ის, ვისი აზრიც ჩემთვის უმნიშვნელოვანესია...
შენ დამანახე, როგორია სამყარო ვარდისფერი სათვალეებით და როცა საჭიროა, მის გარეშეც. მიხარია შენი ყველა ღიმილი და ყველა სიხარული, რომელიც მე გამოვიწვიე... მეამაყები და მინდა, ყველაზე ბედნიერი ქალი იყო და დიდხანს იყო ჩემ გვერდით.
იცი?! ხშირად მითქვამს, რომ ყველაზე ჭკვიანი ქალი ხარ, ის ქალი, რომელიც მაძლევს იმის საშუალებას, რომ ცუდიც გამოვიარო და კარგიც, მივხვდე, რომელია სწორი გზა. მინდა, დრო რომ გავა, ჩემს შვილ(ებ)საც იმ ძალით ვუყვარდე და მაფასებდეს, როგორც ახლა მე შენ... და ეს ისაა, რისი თქმაც მინდოდა და ბევრია, რაც არ გითხარი, მაგრამ დრო წინ გვაქვს...
ჯანმრთელობა, წარმატება და ბედნიერება - აი, ეს მინდა გისურვო მთელი გულით...
იყო დრო, მე და შენ ერთი გვერქვა და დამიჯერე, ამ ერთიანობას არ დავარღვევ!"
ნინი მენაბდე