თამარ ივერი: "ბიჭმა ქუჩაც უნდა ნახოს, ცემაც უნდა გაიგოს, რა არის... მინდა კაცური იყოს, ვიდრე კარაქიან პურზე გაზრდილი მყავდეს"
თამარ ივერი: "ბიჭმა ქუჩაც უნდა ნახოს, ცემაც უნდა გაიგოს, რა არის... მინდა კაცური იყოს, ვიდრე კარაქიან პურზე გაზრდილი მყავდეს"
ქართველ სოპრანოს თამარ ივერს ინტერვიუს ჩასაწერად სახლში ვესტუმრე. საუბრის თემა შვილები – უგო ავთანდილი და ნინა ლიზა გახლდნენ, რომლებიც იმ დროისთვის იტალიაში ბებიასთან იყვნენ და რამდენიმე დღით საქართველოში წამოსული დედის დაბრუნებას სულმოუთქმელად ელოდნენ.

- დედობა სასწაული გრძნობა და სასწაული სიხარულია, შვილებმა სულ სხვა განზომილებაში გადამიყვანეს. აქამდე ჩემს ცხოვრებაში იყო მხოლოდ სცენა, წარმატება, ტრიუმფი, რის შემდეგაც ძალიან ჩვეულებრივად ვბრუნდებოდი სახლში, ოთხ კედელში. ახლა კი ბავშვებმა სულ შეცვალეს სამყარო, ყველაფერი სხვაგვარადაა. უნდა
ვთქვა, რომ შვილები ჩემთვის ძალიან რთულ პერიოდში დაიბადნენ, სწორედ მაშინ იყო, ჩემს ფეისბუკ კედელზე გარკვეული პოსტის გამო პრობლემები რომ მქონდა, და ბავშვებმა გადამატანინეს. მახსოვს, ამ საკნდალის გამო მაშინ რამდენიმე კონტრაქტი დავკარგე, ზოგი მე თვითონ გავაუქმე, ზოგთან თანამშრომლობაზე უარის თქმა მირჩიეს, შედეგად ნახევარ წელზე მეტი სახლში ვიყავი. ხანდახან მგონია, რომ ეს ყველაფერი ღმერთმა განგებ დაუშვა ჩემზე, რომ შვილებთან უფრო მეტი დრო გამეტარებინა, რათა მეგრძნო, რამხელა ბედნიერებაა დედობა.

- ბავშვების სახელების ისტორია მინდა მომიყვეთ, ორ-ორი სახელი ჰქვიათ – უგო-ავთანდილი და ნინა-ლიზა...
- ავთანდილი მამაჩემის სახელია და ამიტომ დავარქვით, სხვათა შორის, სახითაც ჰგავს, მამაჩემის ქერა ვარიანტია. გოგონასთვის გვინდოდა, ლიზა დაგვერქმია, მაგრამ ტყუპი დაიბადა ზუსტად ნინოობას, პირველ
ივნისს. რომ მითხრეს, ნინოობაა და აუცილებლად ნინო უნდა დაარქვაო, დავფიქრდი, ლიზი მაქვს გადაწყვეტილი და რა ვქნა-თქო, ბოლოს გადავწყვიტეთ, ორივე სახელი დაგვერქმია, ნინოც და ლიზაც, ასე რომ, გვყავს ნინა-ლიზა. მერე, რადგან ლიზიკოს დავარქვით ორი სახელი, ბიჭსაც მეორე სახელი შევურჩიეთ. რაულმა თქვა, იტალიური სახელი მინდა ერქვას ჩვენს ბიჭსო და მისი მეგობრის პატივსაცემად უგო დაარქვა. ბავშვს იქ უგოს ეძახიან და სახელი – ავთანდილი ცოტა დაიჩაგრა, უცხოელებს მაინც უჭირთ ამის გამოთქმა, საქართველოში რომ ჩამოვალთ, ძირითადად ავთანდილს დავუძახებთ, რომ მეტად გაუჯდეს ყურში ორივე სახელი.
mshoblebi
- ორი შვილის ერთად გაზრდა მარტივი არაა, მითუმეტეს ამბობენ, რომ ტყუპს ჭამა, ძილი, გართობა - ყველაფერი ერთად უნდებაო...
- რთულია ორი შვილის ერთად გაზრდა, მით უმეტეს, რომ ძალიან ცელქები არიან. არ მომწონს, რომ ასეთი პატარები უკვე მიჩვეულები არიან კომპიუტერს, პლანშეტს. თუ პარალელურ რეჟიმში აიპედზე მულტფილმებს არ უყურებენ, ისე არც კი ჭამენ. თუ გინდა ცოტა ხანს დაამშვიდო, გააჩერო -  უნდა ჩაურთო ვთქვათ, "მაშა და დათვი", თორემ ისე გაგიჭირდება. არ მინდა, ასე მიჯაჭვულები იყვნენ, მით უმეტეს, რომ გამოსხივება აქვს ამ ყველაფერს და უარყოფით გავლენასაც ახდენს, მაგრამ არ ხერხდება სხვანაირად... ჯერ ორი წლისანი არ არიან და უკვე მშვენივრად იციან, როგორ უნდა მოიხმარონ ესა თუ ის ნივთი, აიპედი, მობილური და ა.შ.
აუცილებლად მინდა დიდი მადლიერება გამოვხატო ჩემი დედამთილის მიმართ, რომელიც შვილების დაბადების წუთიდან გვერდში დამიდგა და იქიდან მოყოლებული დღემდე ძალიან მიმსუბუქებს საქმეს, იცის, რამდენად რთული პროფესია მაქვს და ყველანაირად მეხმარება ბავშვების გაზრდაში. სხვათა შორის, იყო მომენტი, როცა საქმიანი მოგზაურობის დროს, შემეძლო ერთ-ერთი შვილის წაყვანა, მაგრამ იმდენად არიან ერთმანეთზე მიჯაჭვულები, ვერ შევძელი დაცილება. ბავშვები ამ პერიოდში იტალიაში არიან. როცა ძალიან მნიშვნელოვანი გამოსვლა მაქვს, დედამთილს ვუტოვებ. ერთი ბავშვს "გაუმკლავდები", მაგრამ როცა კონტრაქტი გაქვს, საჭიროა იყო გამოძინებული, დილის ათ საათზე გიწევს რეპეტიციებზე მისვლა, შემდეგ - სპექტაკლი. წარმოუდგენელია, ეს ყველაფერი ორ ბავშვთან ერთად მოახერხო. ახლა ცოტა ხნით ვიყავი ჩამოსული და დავტოვე, მაგრამ ერთ-ორ თვეში ჩამოვიყვან თბილისში და უფრო მეტად აქეთ იქნებიან, იმიტომ, რომ ჩემი დედამთილი ამერიკაში გეგმავს წასვლას.

- როგორც მივხვდი, ბავშვებს თქვენ და თქვენი დედამთილი ზრდით ძიძის გარეშე...
- პრაქტიკულად ასეა, მაგრამ ჩემს დედამთილს ეხმარებიან იქ მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ქალები.

- უგო-ავთანდილი და ნინა-ლიზა ქართულად საუბრობენ?
- ჯერ ორი წლისანი არ არიან და გამართულად ვერ მეტყველებენ, თუმცა სიტყვებს ამბობენ ქართულად, რა თქმა უნდა. თავიანთი ენა აქვთ და გვახვედერებენ, რისი თქმა უნდათ.

- განიცდიან თქვენს არყოფნას?
- ალბათ გარკვეულწილად განიცდიან, მაგრამ იმდენად პატარები არიან ჯერ, რომ ბოლომდე ვერ აღიქვამენ. ერთის ისაა, რომ გატირება იციან, ამიტომ ვცდილობ, ისეთ დროს წავიდე, როცა სძინავთ. ჩემს არყოფნას მამა უმსუბუქებთ ძალიან, ბებო ზრდის და მის მიმართ ძალიან თბილი დამოკიდებულება აქვთ, საბოლოო ჯამში თბილ გარემოში არიან და ვერ ვიტყვი, რომ უჭირთ უჩემობა.
mshoblebi
- თქვენი მეუღლე, როგორც ვხვდები, აქტიურადაა ჩართული ბავშვების აღზრდაში...
- მინდა აღვნიშნო, რომ რაული ძალიან კარგი მამაა, იმდენად თბილი, ყურადღებიანია, რომ ხანდახან თავისი საქმეც კი უზარალდება. როცა იცის, რომ გამოსვლა მაქვს, ან დედას უჭირს, ქალები არ არიან და მარტოა, ეხმარება ყველანაირად. ეს ბიჭი სულ ცდილობს, იყოს იქ, სადაც უფრო მეტად სჭირდებათ, გახლეჩილია, ან არის ბავშვებთან და დედასთან, ან - ჩემთან, ყველაფერს აკეთებს, რომ ხელი შეგვიწყოს, ეს ხშირად საკუთარი საქმის დაზარალებადაც კი უჯდება, მაგრამ საბედნიეროდ, რაულს საკუთარი ეგო, ეგოიზმი არ აქვს, არ ფიქრობს და მით უმეტეს არ ამბობს, რომ მთავარია ჩემი საქმე გავაკეთოო. შვილები მისთვის პრიორიტეტულია და როცა მე დაკავებული ვარ, მათთან დიდ დროს ატარებს.

- ქალბატონო თამარ, აღზრდის თანამედროვე მეთოდებს როგორ აფასებთ, თუნდაც ის, რომ გარკვეულ ასაკამდე ბავშვს შენიშვნა არ უნდა მისცე, არ უნდა დაუშალო მისთვის სასურველი საქმიანობის კეთება – ეს რამდენად მისაღებია თქვენთვის?
- საერთოდ არ მიყვარს, ბავშვებს რომ ათამამებენ და ფუფუნებაში ზრდიან. პრაქტიკამ აჩვენა, რომ მილიონერების შვილებს არ აქვთ ის ცხოვრებისეული ფხა, რაც ქუჩაში გაზრდილ ღარიბ ბიჭს შეიძლება ჰქონდეს. ვთვლი, რომ ბიჭმა ქუჩაც უნდა ნახოს, ცემაც უნდა გაიგოს რა არის, შეიძლება თვითონ სცემოს ვინმე, ან თავად გაილახოს, საქმის გარჩევასაც შეესწროს და ა.შ. ეს ყველაფერი გამოცდილებად გროვდება ადამიანში, მინდა კაცური იყოს, ვიდრე კარაქიან პურზე გაზრდილი მყავდეს. მსოფლიოში არის პრაქტიკა იმისა, რომ შეძლებული ოჯახის შვილები, თუნდაც პრეზიდენტის შვილები "მაკდონალდსში" მიმტანებად, ან ბენზინგასამართ სადგურებში ჩამსხმელად მუშაობენ. ამას მშობლები იმიტომ აკეთებენ, რომ შვილებმა გაითავისონ, რა არის შრომა, სიღარიბე, მომენტი, როცა ჯიბეში ფული არ გაქვს. მე თვითონ ასე გავიზარდე. მძიმე პერიოდი, 1991 წელი იყო, მამა რომ გარდამეცვალა, უცბად დავრჩით ყველაფრის გარეშე. მე პატარა გოგო გახლდით, რომელსაც მუშაობაც არ შეეძლო, დედა იყო დიასახლისი, იმიტომ, რომ მამა ოპერის მომღერალი იყო და გვარჩენდა. მამას მეგობარი ბარამ ბარამიძე გაახარა ღმერთმა, დედას ქორეოგრაფიულ სასწავლებელში ბიბლიოთეკაში შესთავაზა სამუშაო, დედა გერმანული ენის სპეციალისტი იყო, მაგრამ იმ წუთში ომის დროს რომელ სპეციალისტობაზე იყო საუბარი, ოღონდ სადღაც სამსახური გეშოვნა. რა თქმა უნდა, დედა დათანხმდა. არ დამავიწყდება, დედა საღამოს ბაზარში რომ დადიოდა, პროდუქტი შედარებით იაფ ფასებში რომ ეყიდა. მაკარონით წვნიანს ვაკეთებდით და ამით გავდიოდით იოლად. მე ეს ყველაფერი რომ საკუთარ თავზე მაქვს გავლილი, თვლი, რომ ამან გამომაწრთო. ღმერთმა ნუ ქნას, ჩემმა შვილებმა ასეთ ვითარებაში იცხოვრონ, მაგრამ ვფიქრობ, რომ სხვაზე არაფრით მეტი და შეძლებულები არ უნდა იყვნენ, თორემ ასეთი ადამიანები მერე ცხოვრებაში "ბლაგვდებიან". როცა იცი, დედიკო მოგცემს რაღაცის ფულს, უფრო არხეინად ხარ და ფიქრითაც არ იწუხებ თავს, არ ცდილობ, შენ თვითონ გამოიმუშავო.

- მშობლებისა და შვილების ურთიერთობაში უმთავრესად რა მიგაჩნიათ?
- ყველაზე მთავარი არის ნდობის მომენტი და მეგობრობა. აი, მაგალითად, მე და დედას ცოტა სხვა ურთიერთობა გვქონდა, ის ყოველთვის მკაცრი იყო, მეუბნებოდა, არ გავიგო შენი რომანი, პაემანი, არაა საჭირო "ვეჩერინკებზე" სიარული სკოლაში და ა.შ. მამა უფრო მეგობრული იყო, მასთან არ მიჭირდა საუბარი თუნდაც იმაზე, ვის მოვეწონე, ვინ მირეკავს. უფრო გახსნილი ურთიერთობა ამ მხრივ მამასთან მქონდა. დედაჩემისთვის ეს რომ მეთქვა, ძალიან ხისტი რეაქცია ექნებოდა. ამის ფონზე მინდა, რომ ჩემი შვილების მეგობარი ვიყო, მინდა თამამად მოდიოდეს ჩემი გოგო და მეუბნებოდეს, ვინ მოსწონს, ვის მოსწონს, სად მიდის, რას აკეთებს და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში ვცხოვრობთ, ჩემს შვილებს მაინც ქართული, ქართული არა, უფრო კავკასიური პრინციპებით გავზრდი. სხვანაირად არ გამიგოთ, მაგრამ ნამდვილად არ მინდა, 13-14 წლის ასაკში ჩემმა ქალიშვილმა ჩანთით პრეზერვატივი და სიგარეტი ატაროს, ამ მხრივ ევროპას ნამდვილად ვერ ავყვები. იქ გოგოები 12-13 წლის ასაკში იწყებენ აქტიურ სექსუალურ ცხოვრებას, ღამეებს არ ათევენ სახლში, მშობლებს მეგობრებთან ჰგონიათ და კაცმა არ იცის, სად არიან, კვირაობით არიან გადაკარგულები... მე ნამდვილად არ მინდა, ჩემი შვილი ასეთ წრეში მოხვდეს, ასეთი ცხოვრების წესით იცხოვროს და ამას მკაცრად გავაკონტროლებ. ევროპაში 25 წლამდე ატარებენ დროს, შემდეგ იწყებენ სწავლას და ოჯახის შექმნას დაახლოებით 35 წლის შემდეგ ფიქრობენ. 20-25 წლის ევროპელი გოგონების უმეტესობას რომ შეხედოთ, უკვე გამოწურული ლიმონებივით არიან. იქაური 25 წლის გოგონები დიდ ქალებს გვანან, ნანახი აქვთ ყველაფერი, ნარკოტიკი, მარიხუანაც, სექსიც, ღამეების თენებაც და ა.შ. და მაშინ რაღაა სინორჩე? შეიძლება თავაშვებულობა ჩევნთანაც არის, მაგრამ ამავდროულად გვაქვს რაღაც პრინციპები, რომელთაც ბევრი ანგარიშს უწევს. გარდა ამისა, პატარა ქვეყნის შვილები ვართ და "ხალხი რას იფიქრებს" მაინც მუშაობს და ეს ბევრი ცუდი საქციელის ჩადენისგან "იცავს".

- ოჯახში სიმყარის შესანარჩუნებლად რა არის საჭირო? რა განაპირობებს აწყობილ ოჯახურ ურთიერთობებს?
- შეიძლება ბევრმა აქ ფინანსები დაასახელოს, რადგან ამის ფონზე უმარავი პრობლემა ჩნდება ოჯახში, ურთიერთობაში და ბოლოს სავალალო შედეგამდე მიდიან. მაგრამ, ამასთანავე მე ვიცი ისეთი ოჯახებიც, სადაც ეკონომიკური საკითხები სრულიად მოგვარებულია, მაგრამ მაინც ხოცავენ ერთმანეთს. ჩემი აზრით, უმთავრესია მეუღლეები მეგობრები იყვნენ, გაუგონ და გვერდით დაუდგნენ ყველა სიტუაციაში ერთმანეთს, თორემ სირთულეები ცხოვრებაში მრავლადაა. წყვილმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ოჯახი შეინარჩუნოს. იცით რა არ მომწონს? ოჯახის შექმნიდან გავა 4-5 წელი, რაღაცაზე ბრაზდებიან და მარტივად შორდებიან, ამბობენ, ვერ შევეწყვეთო. ხომ ხდება, რომ დედას, ძმას ვერ ეწყობი ხასიათით? მაშინ რას შვრები, ეყრები? მე იმას არ ვამბობ, ერთმანეთს შეაკვდნენ, მაგრამ რამენაირად თუ შესაძლებელია ურთიერთობის გადარჩენა, ყველანაირად უნდა იბრძოლონ ამისთვის. პრობლემა ყველა ოჯახშია, მაგრამ ვთვლი, რომ თუ ქმარი მოძალადე არაა, ცოლს არ ურტყამს, პათოლოგი არაა, არ თამაშობს და არ ფლანგავს ქონებას, არ მაქვს საუბარი ნარკოტიკებზე და ა.შ., ყველანაირად უნდა შეინარჩუნონ ოჯახი. ადამიანები ვიცვლებით ასაკის მატებასთან ერთად, 25-30 წლის ასაკში სხვანაირები ვართ, 30-35 წლისები კიდევ უფრო განსხვავებულად ვაფასებთ მოვლენებს, ხასიათიც გვეცვლება, შეიძლება ახლა გაქვთ აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ რამდენიმე წელიწადში ჰარმონიული გახდეს თქვენი ხასიათი და ყველაფერი თავის ადგილას დალაგდეს. სწორედ ამის გამო ვამბობ, რომ ასე მარტივად არ უნდა ჰკრას წყვილმა ხელი ერთიმეორეს. მით უმეტეს, თუ შვილები ჰყავთ, კიდევ მეტი დაფიქრებაა ამ გადაწყვეტილების მიღების დროს საჭირო. შეუღლებიდან მალევე თუ მიხვდნენ, რომ ერთად ვერ იცხოვრებენ, ეს კიდევ სხვაა, თუ ადამიანთან დისკომფორტი გაქვს, ეს ერთ წელიწადში გამოჩნდება, მაგრამ მიკვირს, ხალხი 5-10 წელი ერთად ცხოვრობს, შვილებიც ჰყავთ და ამდენი წლის შემდეგ მაინც შორდებიან იმ მიზეზით, რომ ერთმანეთს ვერ გაუგეს. სულ მიჩნდება კითხვა, აქამდე სად იყავით?

- მე ასევე მაკვირვებს ისიც, როცა წყვილი 4-5 წელს შეყვარებული სტატუსით ერთად ატარებს, დაქორწინედბიან და ერთ წელიწადში შორდებიან...
- ჰოო, ესეც რაღაც ამოუხსნელი ფენომენია, ის ერთი წელიც ყოფილიყვნენ შეყვარებულები და მერე დაშორებულიყვნენ მაშინ... სხვათა შორის, მე და რაული ორი წელი ვცხოვრობდით ერთად... ასე მარტივად, ერთი ხელის მოსმით ამ ნაბიჯის გადადგმა, როცა ცნობილი მომღერალი ხარ, ძალიან რთულია, მით უმეტე,ს რომ პატარა გოგო არ თხოვდები და 30-ს გადაცდი. სწორედ ამიტომ, 2 წელი ვიყავით ერთად, დავრწმუნდით ერთმანეთში და მერე დავიწერეთ ჯვარი, კიდე ცოტა ხნის შემდეგ მოვაწერეთ ხელი. ჩვენთან ერთბაშად აკეთებენ ყველაფერს, იწერენ ჯვარს, აწერენ ხელს და მერე ფიქდებიან, უნდათ თუ არა იმ ადამიანთან ცხოვრება, არადა, პირიქით ჯობია, რათა ნაკლები ოჯახი დაინგრეს. 
ციცი ომანიძე
ტეგები: თამარ ივერი
23337
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?