ყოველდღე ერთი და იგივე. ადექი, აჭამე, გაასეირნე, 300-ჯერ გამოუცვალე შარვალი, დააძინე, აჭამე და ისევ იგივე შემდეგ დღეს ცდომილება პირველი - ახლა კი დავისვენებ.
მოლოდინი: როგორ დავიღალე, ყოველდღე ერთი და იგივე: ავდექი, ვისაუზმე, წავედი სამსახურში. სამსახურში საგიჟეთია. გზა სახლისკენ, სახლში საქმეებია, საწოლი. როგორ მინდა გავაჩინო ბავშვი და დავჯდე სახლში. აი, ეს იქნება დასვენება.
რეალობა - როგორ დავიღალე. ყოველდღე ერთი და იგივე. ადექი, აჭამე, გაასეირნე, 300-ჯერ გამოუცვალე შარვალი, დააძინე, აჭამე და ისევ იგივე შემდეგ დღეს. როდისღა დავისვენებ? პენსიაზე გასვლა მინდა. აი, ეგ იქნება ნამდვილი დასვენება.
ცდომილება მეორე - არასოდეს დავუყვირებ ბავშვს.
მოლოდინი: მხოლოდ დებილი დედები უყვირიან ბავშვებს. როგორ შეიძლება ასე? ხომ შეიძლება მშვიდად და წყნარად აუხსნა ბავშვს ყველაფერი. მე ასე არასოდეს მოვიქცევი!
რეალობა - სად წახვედი? ხელი არ ახლო! ეხლა მიიღებ! როგორ შეიძლება არ დაგიყვირო, არაფერი შენ არ გესმის!
ცდომილება მესამე - ჩვენ არ ვართ ვუნდერკინდები...
მოლოდინი: არასოდეს შევადარებ ჩემს შვილს სხვას. თითოეული ბავშვი ხომ ინდივიდუალურია. არ მივიყვან 3-4 წლის ასაკში ინგლისური და ჩინურ ენების შესასწავლად. რა საჭიროა. მერეც ეყოფა. ჩემს შვილს ნამდვილად არ წავართმევ ბავშვობას!
რეალობა - რა მაგარია ადრეული განვითარების სკოლა! 2-3 წლიდან! აბა, ჩავიწეროთ ტელეფონი. რითი ვართ სხვაზე ნაკლები?
ცდომილება მეოთხე - არავითარი ნახმარი ტანსაცმელი!
მოლოდინი: ერთი შვილი მყავს და შეიძლება მეორე აღარც გავაჩინო. ყველაფერი საუკეთესო ექნებაა. არავითარი ნახმარი ტანსაცმელი!
რეალობა - ალო, ნანიკო? ადრე რომ მითხარი ბავშვს ტანსაცმელი დაუპატარავდაო, ვინმესთვის ხომ არ მიგიცია? ისე მალე იზრდება, ვერ ვასწრებ ყიდვას.
ცდომილება მეხუთე - საშინელი სათამაშოები
მოლოდინი: საჩხაკუნებელი და მომღერალი სათამაშოები რა საჭიროა. ახლობლებს ვეტყვი, არ მოუტანონ ასეთი გასართობები.
რეალობა - რა კარგია საჩხაკუნო და მომღერალი სათამაშოები. ვინც მოიგონა, ძეგლი უნდა დაუდგას ყველა დედამ. დააჭერინებ ხელში და წადი, აკეთე შენი საქმე... სანამ გესმის სათამაშოს ხმა - შეგიძლია მშვიდად იყო, ე. ი. ბავშვი ერთობა სათამაშოთი. უნდა ვუთხრა მეუღლეს, კიდევ მოუტანოს...
ცდომილება მეექვსე - უპასუხისმგებლობა
მოლოდინი: არ მესმის, როგორ შეიძლება ბავშვმა შემთხვევით შეჭამოს სარეცხის ფხვნილი. მაგისთვის გააჩინა, რომ უყურადღებოდ დაეტოვებინა?
რეალობა - აღარ შემიძლია, სულ კუდში დავდევ, მაგრამ მაინც ახერხებს ცხელი წყლით ხელის დაწვას და საშინელებების პირში ჩადებას...
ცდომილება მეშვიდე - რაც მეტი ჭუჭყია, მით უფრო ჯანმრთელია.
მოლოდინი: გაკაჟება, განიავება, მინიმუმი ტანსაცმელი, არანაირი წამალი - თუ ამის აუცილებლობა არ არის! ნამდვილად არ გავუფუჭებ ბავშვს ჯანმრთელობას!
რეალობა - ( პირველი სერიოზული ავადმყოფობის შემდეგ) ალეკო, რამდენი გრადუსია წყლის ტემპერატურა? 34? გაგიჟდი? ხომ გაიყინა ბავშვი! უი, ორპირია, გაცივდება! მოდი ჩავაცვათ წინდები. იატაკი ცივია... აბა სად არის წამლები? დროულად დავალევინოთ, თორემ ვეღარ გადავიტან მის კიდევ ერთ გაციებას.
სიყვარული
მოლოდინი: მე მეყვარება ჩემი შვილი და ვიქნები ბედნიერი!
რეალობა - მე მიყვარს ჩემი შვილი! ეს სიტყვები ვერ გამოხატავს ჩემს გრძნობას ჩემი შვილის მიმართ. როდესაც მე, ბავშვი და ჩემი მეუღლე ვეხუტებით ერთმანეთს - ეს არის ნამდვილი ბედნიერება. ბედნიერებაა, როდესაც ჩემი პატარა მოირბენს ჩემთან „დედა-დედას“ ძახილით და ჩამეხუტება. როდესაც ღამე ტირილით გაიღვიძებს, ჩამეკვრება, ცრემლიან სახეს კისერში ჩამირგავს და ჩემს თმებს პატარა ხელებით მოიცილებს სახიდან. მე კი ვამშვიდებ, ვეფერები, ვკოცნი და ვეუბნები, რომ ეს მხოლოდ ცუდი სიზმარი იყო და მე და მამიკო ყოველთვის მასთან ერთად ვიქნებით... ამ ბედნიერების სიტყვებით გამოხატვა უბრალოდ შეუძლებელია!
მე ვარ დედა და ამით ყველაფერი ნათქვამია!