"არ ვეთანხმები, რომ კენგურუ არ ვარგა და ბავშვს ფეხზე აუცილებლად წინდა უნდა ჩააცვა და ქუდი დაახურო" - ნატო სულხანიშვილის გულახდილი ინტერვიუ "დამხმარეები კი მყავდა, ბებიები, მაგრამ მე თვითონ მინდოდა ყველაფრის კეთება, მეხვეწებოდნენ ან დაგვაბანინე, ან საჭმელი გაგვაკეთებინე, მაგრამ არა, არ ვაძლევდი საშუალებას, მინდოდა ყველაფერი მე მეკეთებინა" - ამბობს ბავშვების ერთგული მეგობარი და მათი თანამოაზრე, ყველა პატარისთვის საყვარელი ბაბილინა, რომლის გამოჩენასაც ჩვენი შვილები ყოველთვის გულებ და თვალებ ანთებულები ელიან. ნატო სულხანიშვილი 6 თვის წინ რეალურ ცხოვრებაშიც ბებო გახდა. მის ქალიშვილს გოგონა - სესილია შეეძინა, რომელმაც "მრავალგზის" ბებიას ახალი სუნთქვა გაუხსნა. ბაბილინას დედობასა და ბებიობაზე ვესაუბრეთ.
- ადრეული ასაკიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ვეწეოდი, შესაბამისად მყავდა სხვადასხვა ასაკის მოსწავლეები. სტუდენტობის პერიოდში კერძო საბავშვო ბაღებში ვმუშაობდი მუსიკის მასწავლებლად, ყოველთვის მიყვარდა ბავშვები და მათთან ურთიერთობა. მგონია, რომ ყველა გოგონა ოცნებობს გახდეს დედა, მეც არ ვიყავი გამონაკლისი და პირველად დედა 31 წლის ასაკში გავხდი. ეს უკვე ის პერიოდია, როცა მოთავებული გაქვს მეგობრებთან ერთად სიარული, გართობა და სხვა ფასეულობები – ოჯახი, სიმყუდროვე, შვილები – წამოწეულია წინა პლანზე.
უბედნიერესი ვიყავი, დედა რომ გავხდი, მთელ დღეებს ვატარებდი ბავშვთან. ძირითადად დაკავებული ვიყავი მისი მოვლით, კვებით, გასეირნებით. დამხამარეები კი მყავდა, ბებიები, მაგრამ მე თვითონ მინდოდა ყველაფრის კეთება, მეხვეწებოდნენ, ან დაგვაბანინე, ან საჭმელი გაგვაკეთებინეო, მაგრამ არა, არ ვაძლევდი საშუალებას, მინდოდა ყველაფერი მე მეკეთებინა, ასეთი ახირებები დედებს ჩვევიათ და მეც ასეთი აღმოვჩნდი. თუმცა არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი (იღიმის). ფაქტობრივად მთელი წელი გავატარე "მზიურში" - დილით რომ მივდიოდი, საღამომდე იქ ვიყავი, ჩემთვის მიმქონდა წიგნი, ფუნთუშა, ჩაი, ბავშვის კვება თავისთავად თან მქონდა, რადგან დიდხანს იყო ბუნებრივ კვებაზე. დევებთან საქანელები რომ იყო, იქ ვჯდებოდი, ბავშვის ეტლი გვერდით მედგა და დღეებს ასე, კითხვასა და სუფთა ჰაერის მიღებაში ვატარებდით. ეს იყო პერიოდი, როცა ძალიან ბევრს ვკითხულობდი, ბავშვის გაზრდასთან ერთად ამასაც ვახერხებდი. ბავშვს რომ ვაჭმევდი იმ პერიოდში, ვასწრებდი კითხვას და მიხაროდა, რომ მქონდა ამის საშუალება. სხვათა შორის, ძალიან დადებითად და ემოციურად მახსენდება ის პერიოდი. იმდენად ჩართული ვიყავი ჩემი შვილის აღზრდისა და გაზრდის პროცესში, თითოეული ნაბიჯი, ბგერა, რეაქცია, ემოცია ჩაწერილი მაქვს, რვეული მქონდა გამოყოფილი და ვაკეთებდი ჩანაწერებს. მაშინ არ იყო სიდი დისკები და მაგნიტოფონის კასეტებზე ვწერდი რაღაცებს. მერე, როცა შესრულდა 2 წლის და 6 თვის, შევიყვანე ბაღში, მეც დავიწყე მუშაობა და თანდათან ჩავერთე საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
ჩემი ქალიშვილი 6 წლის იყო, რომ მეორე შვილი გამიჩნდა - ვაჟი. ეს უკვე ის პერიოდი იყო, როცა ბებიები აღარ გვყავდა გვერდით, მე ვიყავი ბებიაც, ბაბუაც, დედაც. ჩემი მეუღლე ძალიან მეხმარებოდა, ვმუშაობდი კიდეც და ამიტომ საჭირო გახდა ძიძის აყვანა. მეორე შვილის შეძენიდან დაახლოებით სამ კვირაში უკვე სამსახურში გავედი, სხვანაირად არ გამოდიოდა... მიუხედავად ამისა, ბუნებრივად ვკვებავდი, ვიყავი სულ გადარბენაზე, რაღაცნაირად ყველაფერს ვასწრებდი. ჩემს თავს ვუმტკიცებდი, რომ მე შემიძლია, ვიყო დედა და პარალელურად დასაქმებული ქალიც. ვფიქრობ, ქალს შეუძლია ამის გაკეთება, თუ მოინდომებს, თან ისე, რომ ორივეს კარგად გააკეთებს, შეათავსებს ოჯახურ ცხოვრებას საზოგადოებრივ საქმიანობასთან.
- შვილების ცხოვრებაში აქტიურად ჩართული დედა ყოფილხართ, როგორი აღმოჩნდა ბებიობა... როგორია თქვენი შეგრძნებები, ემოციები?
- სულ მაინტერესებდა რა სხვაობა იყო დედობასა და ბებიობას შორის და ვეკითხებოდი ხოლმე ჩემს მეგობრებს, რომლებიც ჩემამდე გახდნენ ბებიები. ყველას უნდა, რაღაც ჯადოსნური სიტყვა მოუძებნოს ამ შეგრძნებას და გასნაკუთრებულად ახსნას. მეც ალბათ ზუსტად ვერ გადმოგცემთ, როგორი შეგრძნებაა, მაგრამ უკვე განვიცადე და შევიგრძენი ეს ბედნიერება. როცა ჩემი შვილიშვილი იბადებოდა, იქ ვიყავი, მერე ჩემს ქალიშვილს ვეხმარებოდი და ამ პროცესში მივხვდი, რა იყო ბებიობა. უკვე ძალიან, ძალიან დაღლილი რომ ხარ, ასაკიც რომ ის არაა, რაც შვილების პერიოდში გქონდა და ამ დროს ხედავ ახალშობილს, რომელიც შენი შვილი არაა, მაგრამ შენია, შენი შვილის შვილია. გეხსნება ახალი სუთქვა, ძალიან დაღლილი ხარ, არაფრის თავი არ გაქვს, მაგრამ უცებ გარტყამს დენი, წამოხტები და ყველაფრისთვის მზად ხარ, ყველაფერს აკეთებ მომართული. ესაა ის მდგომარეობა, როცა არ არსებობს თქვა სიტყვა "არა".
- პირველი შვილის გაზრდა მარტივი არაა, როგორც დედა, თქვენს ქალიშვილს თუ აძლევთ რჩევებს და თუ ერევით ბავშვთნ დაკავშირებულ საკითხებში?
- თავს არ ვაბეზრებ ნამდვილად, როცა დახმარება სჭირდებათ, იციან, რომ მე მათ გვერდით ვარ. რასაკვირველია, ვურეკავ და ვკითხულობ, რამე ხომ არ სჭრიდებათ და სიამოვნებით ვრჩები პატარასთან. რაც შეეხება რჩევებს და სწავლებას, პირველი შვილის დროს დედას არ აქვს გამოცდილება, უფრო დაძაბულია, ჩემს დროს იყო ამ თემასთან დაკავშირებული წიგნები და ვკითხულობდი, ახლა ინტერნეტია და უფრო მეტი საშუალებაა ინფორმაციის მოძიების მე ვარ პროგრესის მომხრე, იმას, რომ კენგურუ არ ვარგა და ბავშვს ფეხზე აუცილებლად წინდა უნდა ჩააცვა და ქუდი დაახურო – არ ვეთანხმები. მედიცინა მიდის წინ, პროგრესირებს ყველა სფერო, იდება ახალი დასკვნები, კვლევები, ჩანს წინსვლა და ვფიქრობ, ამას ფეხი უნდა ავუწყოთ. მე ჩემს შვილებს შაქარს ფაფაში არ ვუყრიდი, დედაჩემი ყრიდა და ჩემს საქციელს არ იწონებდა, მაგრამ გავაპროტესტე არგუმენტირებულად და ვაკეთებდი ისე, როგორც მე მიმაჩნდა სწორად. ამბობდნენ, რომ მე ძალიან ჯიუტი ვიყავი, მაგრამ დედის პოზიციას ვიცავდი, რადგან დედას აქვს ის ინსტინქტი, რაც არ აქვს არავის. ბებიას აქვს გამოცდილება, ინსტინქტი აქვს დედას. მე ვცდილობ, ჩემი შეხედულებები არ მოვახვიო თავზე, რასაკვირველია, რჩევას ვაძლევ, ან შეიძლება ვთქვა, რომ ეს კონკრეტული საკითხი, ჩემს დროს ასე იყო და ხომ არ ჯობია გადავამოწმოთ პედიატრთან. ჩემი გოგო კარგი დედაა, ინსტინქტი მუშაობს ძლიერ. მიუხედავად იმისა, რომ უფრო ადრე გათხოვდა, ვიდრე მე, ჩვენს შორის განსხავავება არაა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ის ამ ყველაფრით უფრო "თამაშობს", ერთობა და რაც მთავარია, სიამოვნებს.
- რა ხნისაა ახლა თქვენი შვილიშვილი?
- 6 თვის გახდა, სახელად ჰქვია სესილია, არის ძალიან ლამაზი, ჭკვიანი, კეთილი და პოზიტიური ადამიანი, უყვარს მუსიკა და ბებო ზღაპრებს უყვება ხოლმე. ეს არის ჩემი ყველაზე დიდი შენაძენი, შვილები და შვილიშვილები ჩემთვის ყველაზე დიდი სიმდიდრეა.
ციცი ომანიძე