"მესამე კლასში იყო ჩემი ვაჟი... ძალიან უწყინარი ბავშვია და მითხრეს, რომ ხრჩობა დაუწყო მეგობარს. ზუსტად გაიმეორა ის სცენა, რაც იყო სახლში" ანა თოდუა, 38 წლის, ზუგდიდი
"თითქმის ყველა ფორმის ძალადობა გამომიცდია დიდი ხნის მანძილზე. მე ადრეული ქორწინების და პირველი დღიდანვე ძალადობის მსხვერპლი ვარ, რადგან მანქანაში ჩამაგდეს და ისე წამიყვანეს. საზოგადოების დამოკიდებულება იყო, რომ არ შეიძლებოდა 18 წლის მონატაცები გოგო უკან დაბრუნებულიყო. ამ და სხვა გარემოებების გამო, ვამჯობინე დავრჩენილიყავი იმ ადამიანთან, ვისაც მანამდე არც კი ვიცნობდი. სანათესაომ და მშობლებმაც ასე გადაწყვიტეს...
თავიდანვე მძიმე ძალადობა არ ყოფილა, თუმცა სხვადასხვა ფორმა, ცხადია, იყო. ახლა კი ვამბობ, როგორ შეიძლებოდა ამაზე თვალი დამეხუჭა, მაგრამ რადგან სწავლის გაგრძელების უფლება მომცეს მეგონა, რომ იდეალურ პირობებში ვიყავი. სწავლის დროს ჯერ ერთი, მერე მეორე შვილი გავაჩინე და ჰარმონიული ოჯახური ურთიერთობები იყო. უფრო სწორად, მე ვქმნიდი ამას იმით, რომ ჩემი ქმრისგან რაც არ უნდა აკრძალვები ყოფილიყო, ვცდილობდი ის არ გაბრაზებულიყო და ამ ფონზე რამე არ მომხდარიყო. ასე მივყვებოდი დინებას, სულ ვთმობდი და ვთმობდი... ამ დროს ძალიან მეამბოხე სულის ადამიანი ვარ, მაგრამ ჩაბეჭდილი მქონდა, რომ ოჯახი წმინდა უნდა ყოფილიყო, რომ მისი ამბები გარეთ არ გასულიყო და დედაჩემის ყურამდეც არ უნდა მისულიყო. ამიტომ, ისე ლამაზად ვფუთავდი ამას, ყველას ეგონა, რომ ვარ ძალიან კარგ სიტუაციაში და იდეალურ პირობებში. ქორწინების მეთოთხმეტე წლისთავზე მან ოფიციალურად გაიჩინა სხვა. არც მანამდე დამკლებია ხელი, მაგრამ ამის მერე უფრო გახშირდა აგრესია და უპატივცემულობა უფრო მეტი იყო, რომ „შენ საერთოდ რას წარმოადგენ, ან ვინ ხარ და რას ჰგავხარ... „. სწორედ ამან იმოქმედა ჩემზე, რომ მებრძოლა იმის წინააღდეგ, რაც ჩემს თავს ხდებოდა.
მისი ყოველი სიმთვრალე, ჩემთვის იყო ნერვიული შეტევა. ვკანკალებდი ხოლმე, რომ მოვიდოდა და რამეზე შარს მოგვდებდა. ერთ-ერთი პათოლოგიური სიმთვრალის და ჩხუბის შემდეგ, როდესაც პრაქტიკულად მახრჩობდა და შემდეგ დედამისზეც გადავიდა, რადგან დედა მე მიცავდა, გამოიძახეს პატრული. პატრულმა გამოწერა შემაკავებელი ორდერი. იმ დღის მერე, ჩემი ქმარი, თითქმის, ნახევარი წელი არ მოსულა სახლში, საკუთარ დასთან ცხოვრობდა. ბოლოს, საახალწლოდ შვილი ძალიან მოენატრათ მის მშობლებს და სთხოვეს წამოსულიყო სახლში. ის მოვიდა ახალ წელს და მე 7 იანვარს წამოვედი სახლიდან, იმდენად გაუსაძლისი გახადა ის 6 დღე. მახსოვს კონფლიქტი და ჩემი სამი შვილის 6 შეშინებული თვალი, რომელიც ამბობდა „დედა, პასუხი არ გასცე ახლა, არ მოგვკლას!„ იმ დღიდან გადავწყვიტე, რომ საბოლოოდ უნდა დამესრულებინა ეს ურთიერთობა. წამოსვლის მეორე დღიდანვე იმდენად თავისუფლად ვსაუბრობდი ამაზე, რომ ზოგჯერ ვფიქრობდი - ხალხს სულელი ხომ არ ვგონივარ, 18 წლიანი ოჯახი დავანგრიე და მიხარია მეთქი. კი, მიხაროდა, რადგან შეგრძნება მქონდა, რომ ბორკილები მომხსნეს და გავთავისუფლდი. თავისუფლება რას ნიშნავს?! აკეთო ის რაც გინდა, იფიქრო ისე, როგორც გინდა და არ იყო შებოჭილი. ყველაზე დიდი გარდატეხა ჩემში, სხვათა შორის, ჩემმა შვილებმა მოახდინეს. მეუბნებოდნენ, „დედა, რატომ აკლავ თავს?!“.
კიდევ, SOS სიგნალი როდის ჩამერთო, იცით?! სკოლაში მივედი. მესამე კლასში იყო ჩემი ვაჟი მაშინ. ძალიან უწყინარი ბავშვია, ისეთია, არავის რომ არასდროს აწუხებს. და მითხრეს, რომ ხრჩობა დაუწყო მეგობარს. ზუსტად გაიმეორა ის სცენა, რაც იყო სახლში და მაშინ ვთქვი, რომ მორჩა! ანა, შენ შენი შვილი მოძალადე არ უნდა გაზარდო.
ახლა რომ მოვიდეს და შერიგება მთხოვოს?! არა. იცით, რომ გითხრათ სიმართლე, არანაირი გრძნობები მის მიმართ აღარ გამაჩნია, მათ შორის, აღარც ზიზღი. ის ჩემთვის უბრალოდ შვილების მამაა და ალბათ ამიტომაც ვსაუბრობ ასე მარტივად ამ თემაზე. ისიც სრულიად ინდიფერენტულია ჩემს მიმართ. მას ახლა ახალი მსხვერპლი ყავს და ჩემზე ამიტომ აღარ ძალადობს.
მახსოვს ერთ-ერთ ტრეინინგზე მოვხვდი, რომელიც ეძღვნებოდა ძალადობის გავლენას ბავშვების ფსიქოლოგიაზე, ძალიან კარგი ტრენერი იყო, ბავშვთა ფსიქოლოგი პოლონეთიდან და იქ მოვყევი ჩემი ძალადობის გამოცდილება ღიად. ეს ქალი მეკითხება, კვირაში რამდენ საათს ატარებდით ფსიქო-თერაპევტთანო. გამეცინა. სად უნდა მევლო, ან ვინ გამიშვებდა?! ეს რომ ვუთხარი, არც ერთი წამი არ მივლია მეთქი, ადგა და ჩამეხუტა. ძალიან ძლიერ ქალი ხარ, ეს მარტომ რომ შეძელიო.
სულ ვსაუბრობ ამაზე ხმამაღლა და ვცდილობ ჩემი გამოცდილების გაზიარებით, სხვა ქალებს დავეხმარო. დავარწმუნო, რომ ძალადობა არ უნდა მოითმინონ. ჯობია დროულად დააღწიონ თავი, რადგან ერთხელ ვინც იძალადა, ის მუდმივად იძალადებს მომავალშიც. მახსოვს, პირველად რომ გამარტყა ჩემმა მეუღლემ ხელი, მთელი 15-20 დღე მეხვეწებოდა, რომ შევრიგებოდი. მეორედ და მესამედ 5-10 დღე და მერე უკვე სულ აღარ ადარდებდა შევურიგდებოდი თუ არა, მაინც აგრძელებდა ძალადობას.
მნიშვნელოვანია იმაზე საუბარი, რას სთავაზობს სახელმწიფო ძალადობის მსხვერპლ ქალებს? მე არ მეკუთვნის, რადგან ჩემს შვილებს მამა ყავთ, მაგრამ მარტოხელა დედის სტატუსი რომც მომანიჭოს სახელმწიფომ, 50 ლარი უნდა მომცეს თვეში ერთხელ. ეს 50 ლარი როგორ უნდა გადავუნაწილო 3 შვილს?! მე კიდევ რაღაცას მოვახერხებ, მაგრამ რა უნდა ქნას ქალმა, რომელსაც არ აქვს განათლება და არანაირი რესურსი? იმ ქალს ხომ სჭირდება მხარდაჭერა?! მარტო მოძალადე ქმრის დაჭერა არ არის გამოსავალი. გამოვა და მოგკლავს, სუსტი და დაუცველი თუ ხარ.
10 თვეა რაც სახლიდან წამოვედი. ამის შემდეგ საზოგადოებაში უფრო აქტიურად გამოვჩნდი, არც ერთ ტრეინინგს აღარ ვტოვებ და ყველაფერზე დავდივარ. 38 წლის ვარ და მინდა გავიხანგრძლივო ეს ახალგაზრდობის პერიოდი. გათხოვებამდე, ანუ 18 წლამდე რა მებრძოლი ხასიათიც მქონდა, ზუსტად ის დამიბრუნდა და მგონია, რომ ისევ 18 წლის გოგო ვარ და თავიდან ვიწყებ ცხოვრებას!"
© 2016 სოციალური პროექტი „ქალები საქართველოდან“ ხორციელდება ქალთა საინიციატივო ჯგუფის „ქალის ხმა“ მიერ. (ავტ. მაიკო ჩიტაია; იდა ბახტურიძე; ნინო გამისონია). ფოტო: ნინა ბაიდაური; სალომე ცოფურაშვილი. პროექტი მიმდინარეობს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით. #ქალებისაქართველოდან