ინტერვიუ "დედების ფონდის" დამფუძნებელ ვიკა ჩიმჩიურთან ბოლო დროს ძალიან ხშირად გვხვდება სოციალურ ქსელში პატარების ფოტოები, რომელთაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აწუხებთ. ამ ბავშვებზე გარკვეულწილად სახელმწიფოც ზრუნავს, თუმცა ფასდაუდებელია ის დახმარება, რომელიც თითო-თითო ლარით გროვდება დედების მიერ. ვესაუბრეთ დედების ფონდის დამფუძნებელ ვიკა ჩიმჩიურს, რომელსაც ბევრი დედა იცნობს მისი საქველმოქმედო საქმიანობის გამო.
ვიკას 3 შვილი ჰყავს - 7 წლის ლექსო, 5 წლის გიორგი და 2 თვის ნიკოლოზი. როგორც თავად გვითხრა პირველ რიგში პროფესიით დედა, შემდეგ კი - სამართალმცოდნე. მიუხედავად იმისა, რომ 3 შვილის დედაა, ყველაზე პატარა კი 2 თვის ჰყავს, 24 საათის განმავლობაში ზრუნავს პატარებზე, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ დახმარება.
(ინტერვიუ სამი დღის წინ არის ჩაწერილი, სანამ ვიკაც და მთელი საქართველოც გაიგებდა პატარა ანასტასიას მოულოდნელ გარდაცვალებას - ავტ.)
- როდის და როგორ გაჩნდა ფონდის შექმნის იდეა?
- ფონდის იდეა როგორც ასეთი, არ ყოფილა დაგეგმილი. 2 წლის წინ, როდესაც ჩემი შვილი, ლექსო გახდა ცუდად და დავიწყე ერთი საავადმყოფოდან მეორეში სიარული, აღმოვაჩინე, რომ სისტემური დაავადებები არ ფინანსდებოდა. ჩემი შვილის სავარაუდო დიაგნოზი არაჰოჯკინის ლიმფომა იყო. გაუკეთდა რამდენიმე ციტოლოგია, ბოლოს ბატონმა კოტე მარდალეიშვილმა გაუკეთა ოპერაცია ბიოფსიის მიზნით... ბევრი რომ არ გავაგრძელო, სასწაულად გადამირჩა შვილი უფლის წყალობით. ბატონმა კოტემ მითხრა, ღმერთს ჰყვარებიხარო და ვისაც ულოცია, შენთვის ულოციაო... არაფერს შევპირებივარ ღმერთს, უბრალოდ ვთქვი, რომ ასეთ ბავშვებს დავეხმარებოდი, მაშინ იდეაშიც არ მქონდა ეს ყველაფერი. სოციალურ ქსელში შევქმენი დედების ჯგუფი. სულ ასიოდე დედა თუ ვიქნებოდით, ასე ვაგროვებდით საკვებს - თითო მუჭა წიწიბურას, ზეთს თუ შაქარს და ვეხმარებოდით გაჭირვებულ და სოციალურად დაუცველ ბავშვებს... შემდეგ გავხსენით საბანკო ანგარიში, სადაც 200 ლარამდე ძლივს ვაგროვებდით და სიხარულით ცამდე ავდიოდით. 6 თვის წინ, როდესაც დედების რაოდენობამ 10000 წევრს გადააჭარბა, ოფიციალურად დავარეგისტრირეთ ფონდი და მას შემდეგ ვეხმარებით სხვადასხვა გაჭირვების მქონე ადამიანებს... ამჟამად ფონდში 40 000-ზე მეტი დედაა. ფონდის ძირითადი საქმიანობაა, სოციალურად დაუცველ ოჯახებს გაუწიოს როგორც ფინანსური დახმარება, ასევე საკვები პროდუქტები შეუძინოს, ტანსაცმელი, დაუფაროს კომუნალური გადასახადები და სხვა. ვეხმარებით ყველაფრით, რითაც შეიძლება ადამიანს დახმარება გაუწიო, საკვებით, ტანსაცმლით, ბინის ქირის დავალიანების და კომუნალურების დაფარვითაც კი, მედიკამენტებით, ასევე თბილი სიტყვით და იმედით.
- 6 თვის განმავლობაში რამდენი ბენეფიციარის დახმარება შეძელით?
- 6 თვეა არსებობს ფონდი და საკმაოდ ბევრი ადამიანის დახმარება მოვახერხეთ. სოციალური დახმარება 200-მდე ოჯახს გავუწიეთ. ჩვენს ფონდში პატარა ანასტასია ზაალიშვილისთვის, 125 000 ლარი, 13 000 დოლარი და 3 000 ევრო შეგროვდა, ეს ყველაზე დიდი თანხა გახლდათ, რაც ამ 6 თვის განმავლობაში შეგვიგროვებია. ეს იყო არნახული აქტივობა, როგორც დედების, ისე ემიგრანტების მხრიდან, რომლებიც მუდმივად გვერდით გვიდგანან. ჩვენი ამჟამინდელი ბენეფიციარი 7 თვის ნიკოლოზი გახლავთ, რომელიც ასევე თურქეთის კლინიკაში მკურნალობს. ბავშვს 6-თვიანი მკურნალობა სჭირდება, ერთი დღე კი 1750 დოლარი ჯდება. ბავშვის მკურნალობის პროცესში აღსანიშნავია პროგრესი, ამიტომ ჩვენც მაქსიმალურად ვუდგავართ გვერდით, რომ რაც შეიძლება მეტი თანხა შეგროვდეს.
- გარდა ფინანსურისა, უდიდესი ძალა აქვს მორალურ მხარდაჭერას, რომელსაც დედებს უცხადებთ, იქნება ეს გარკვული დოკუმენტაციის მოგვარება, სახელმწიფო უწყებებთან კონტაქტი, თუნდაც ტელევიზიის მობილიზება და ა.შ. როგორ ახერხებთ ამ ყველაფერს?
- არ ვიცი, რა ძალას მაძლევს ღმერთი, როგორღაც ვახერხებ, მეხმარებიან უცნობი ადამიანები, ჯგუფის წევრები, ისინი ხომ დედები, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები არიან. მაწვდიან ინფორმაციას, საკონტაქტო ნომრებს, რისთვისაც თითოეულ მათგანს მადლობას ვუხდი, მათ გარეშე ჩვენი ფონდი ვერ იარსებებდა, დედები ის ძალაა, სამყაროს რომ შემოაბრუნებს საუკეთესო კუთხით.
- როგორია სახელმწიფო უწყებების დამოკიდებულება ფონდის მიმართ? იცნობენ ფონდის საქმიანობას?
- სულ ახლახან საქართველოს პრეზიდენტმა რეზიდენციაში მიგვიწვია. საინტერესო საღამო იყო იმედი მომეცა. მადლობელი ვარ მათი...
მიხარია, რომ ასეთ წამოწყებებს მხარს უჭერს ქვეყნის პირველი პირი და ქალბატონ მაკაზე ხომ საერთოდ სიტყვებიც ზედმეტად მიმაჩნია, ძალიან კარგი და გულისხმიერი ადამიანია.
- როგორც ყველგან, ალბათ 40 000-იან ჯგუფში უკმაყოფილო წევრებიც არიან ხოლმე, რომლებიც გაკრიტიკებენ რა პასუხი გაქვთ მათთვის?
- კი, არიან უკმაყოფილო წევრებიც. მე შემიძლია ნებისმიერ დროს გადავაბარო ჩემი საქმიანობა იმ ადამიანს, ვინც ჩემზე უკეთ გაართმევს თავს. ასევე მზად ვარ, ნებისმიერ ადამიანთან ერთად დეტალურად მიმოვიხილო ჩვენი საბანკო ანგარიშის ამონაწერი და გაწეული ქველმოქმედების დეტალები.
- როგორია ფონდის სამომავლო გეგმები?
- ჩვენი მიზანია ყველა დედა ჩაერთოს ერთი ლარის აქციაში, რომელიც ყოველ ორშაბათს გვაქვს. ვრიცხავთ ყველა 1 ლარს და ამ დღეს ჩვენს ჯგუფში სიკეთის დღე ჰქვია. 1 ლარს ვრიცხავთ და ვიწვევთ მეგობრებს, ვინც მხოლოდ 1 ლარად გააკეთებს უდიდეს საქმეს და 1 აგურს დადებს ამ დიდ და კეთილ წამოწყებაში... აქვე მინდა მოვუწოდო ყველა ქართველს, 1 ლარი ის თანხაა, რომელიც არავის მიაყენებს მნიშვნელოვან ზიანს. თუნდაც თვეში ერთხელ გაიღეთ ეს მცირედი, მაშინ აღარ იქნებიან უსახსრობით გარდაცვლილი ბავშვები, მშიერი და შიშველი ადამიანები... და ბოლოს - სიკეთე გადამდებია!
სალომე გორგოშიძე