როგორ ზრდიან ცნობილი დედები ტყუპ შვილს - რა სირთულეები ახლავს ერთდროულად ორი შვილის გაზრდას
როგორ ზრდიან ცნობილი დედები ტყუპ შვილს - რა სირთულეები ახლავს ერთდროულად ორი შვილის გაზრდას
მართალია, როგორც ჩვენი ბებიები ამბობენ, დღესდღეობით ბავშვის გაზრდა, პამპერსის, სარეცხი მაქანის, ბლენდერის და სხვა თანამედროვე ტექნიკისა თუ მიდგომის გამო, შედარებით გაიოლებულია, მაგრამ ალბათ ახალგაზრდა დედები დამეთანხმებიან, რომ ჩვენს დროში ბევრი სხვა სირთულეა წინ წამოწეული, რომელთან ბრძოლაც ყოველდღიურად გვიწევს მშობლებს. ტყუპი შვილი - ორმაგი სიხარული, მაგრამ ასმაგი დარდი და საზრუნავია, მათი ზრდისა და განვითარების ყველა ეტაპზე მშობელს დიდი ძალა და მოთმინება ჰმართებს. საინტერესოა, როგორც გაზარდეს და როგორ უმკლავდებიან ცნობილები ტყუპი შვილის აღზრდა-განვითარების
საკითხებს.  

მუსიკოს მაია კაჭკაჭიშვილს ტყუპი ბიჭი 23 წლის ასაკში შეეძინა, თუმცა ჩვენთან ინტერვიუში ნათქვამი აქვს, რომ მაშინვე ვერ გააცნობიერა, რას ნიშნავს იყო დედა. 

„- ორსულობის პერიოდში რომ გავიგე, ტყუპს ველოდი, თავიდან შოკში ვიყავი, მაგრამ მათ დაბადებამდე გავითავისე ეს ყველაფერი. პირველ შვილებად, გამოუცდელს რომ ტყუპი გიჩნდება, რასაკვირველია, რთულია. მათ გაზრდაში დედა მეხმარებოდა და და, ფაქტობრივად მათი გაზრდილები არიან. მოგეხსენებათ, ტყუპის გაზრდა ადვილი არაა, ამიტომ ჩემთან ერთად ბევრი ხალხი იყო ჩართული.
mshoblebi
- ტყუპზე ამბობენ, ერთად შივდებათ, ერთად ეძინებათ, ერთად უნდებათ ყველაფერი და ეს კიდევ არ
თულებს მათ გაზრდასო. თქვენს შემთხვევაში როგორ იყო?
- ჩემები არ არიან იდენტური ტყუპები, ამიტომ ერთდროულად არ უჩნდებათ რაღაცების კეთების სურვილი. თუმცა თუ ერთი ცუდად ხდებოდა, მეორე დღეს – მეორეც არ "ჩამორჩებოდა", ანუ ერთი დღე ჰქონდათ შუალედი. ზოგადად, შვილის გაზრდა მარტივი არაა, მით უმეტეს ტყუპის, მაგრამ ეს სირთულე ბავშვებს არ უგრძნიათ, ნერვიულობა, შიშები, პასუხისმგებლობა – ეს გამანადგურებლად მოქმედებს ადამიანზე, მაგრამ თან ახლავს შვილების გაზრდას. დღეს ჩემი შვილები 11 წლისები არიან დ ვერ ვიტყვი, რომ ახლა მომეხსნა თუნდაც შიშები, ახლა უფრო მეშინია და ალბათ დაუსრულებლად ასე იქნება.

- გარდატეხის ასაკში შედიან თქვენი შვილები, ამჩნევთ უკვე სირთულეებს?
- თამამად შემიძლია ვთქვა, რომ უკვე მუსიკოსები არიან, განსხვავებული ხასიათები აქვთ ისედაც. რაც შეეხება გარდატეხის ასაკს, ვიცი, რომ ზედმეტად არ უნდა გავაღიზიანო, არ უნდა ვუყვირო, წინააღმდეგობაში არ უნდა შევიდე მათთან, ამას ჯობია მეგობრულად დაველაპარაკო და ასეც ვიქცევი.

- რა აკრძალვები და მოთხოვნები გაქვთ შვილებთან? თუ დგება მათი დასჯის საჭიროება და როგორია თქვენეული მეთოდი...
- გამორიცხულია, რომელიმე დავსაჯო, ეს არასდროს გამიკეთებია და არც გავაკეთებ, არ მიყვარს კუთხეში დადგომის მსგავსი პრინციპები და მიდგომები. ჯობია, თავისუფლად იყვნენ და მერე თვითონ უფრო კარგად მიხვდებიან, როგორ უნდა მოიქცნენ, თუნდაც ჩემთან მიმართებაში. რაღაცების ძალით გაკეთება, ეს უბრალოდ წყლის ნაყვაა, რადგან თუ არ უნდა, ვერავის ვერაფერს გააკეთებინებ". - ამბობს მაია MSHOBLEBI.GE-სთვის მიცემულ ინტერვიუში.


ტყუპ ქალ-ვაჟს ზრდის ოპერის მომღერალი, ქართველი სოპრანო თამარ ივერი:

„- დედობა სასწაული გრძნობა და სასწაული სიხარულია, შვილებმა სულ სხვა განზომილებაში გადამიყვანეს. აქამდე ჩემს ცხოვრებაში იყო მხოლოდ სცენა, წარმატება, ტრიუმფი, რის შემდეგაც ძალიან ჩვეულებრივად ვბრუნდებოდი სახლში, ოთხ კედელში. ახლა კი ბავშვებმა სულ შეცვალეს სამყარო, ყველაფერი სხვაგვარადაა. უნდა ვთქვა, რომ შვილები ჩემთვის ძალიან რთულ პერიოდში დაიბადნენ, სწორედ მაშინ იყო, ჩემს ფეისბუკ კედელზე გარკვეული პოსტის გამო პრობლემები რომ მქონდა, და ბავშვებმა გადამატანინეს. 
mshoblebi
- ბავშვების სახელების ისტორია მინდა მომიყვეთ, ორ-ორი სახელი ჰქვიათ – უგო-ავთანდილი და ნინა-ლიზა...
- ავთანდილი მამაჩემის სახელია და ამიტომ დავარქვით, სხვათა შორის, სახითაც ჰგავს, მამაჩემის ქერა ვარიანტია. გოგონასთვის გვინდოდა, ლიზა დაგვერქმია, მაგრამ ტყუპი დაიბადა ზუსტად ნინოობას, პირველ ივნისს. რომ მითხრეს, ნინოობაა და აუცილებლად ნინო უნდა დაარქვაო, დავფიქრდი, ლიზი მაქვს გადაწყვეტილი და რა ვქნა-თქო, ბოლოს გადავწყვიტეთ, ორივე სახელი დაგვერქმია, ნინოც და ლიზაც, ასე რომ, გვყავს ნინა-ლიზა. მერე, რადგან ლიზიკოს დავარქვით ორი სახელი, ბიჭსაც მეორე სახელი შევურჩიეთ. რაულმა თქვა, იტალიური სახელი მინდა ერქვას ჩვენს ბიჭსო და მისი მეგობრის პატივსაცემად უგო დაარქვა. ბავშვს იქ უგოს ეძახიან და სახელი – ავთანდილი ცოტა დაიჩაგრა, უცხოელებს მაინც უჭირთ ამის გამოთქმა, საქართველოში რომ ჩამოვალთ, ძირითადად ავთანდილს დავუძახებთ, რომ მეტად გაუჯდეს ყურში ორივე სახელი.

- ორი შვილის ერთად გაზრდა მარტივი არაა, მითუმეტეს ამბობენ, რომ ტყუპს ჭამა, ძილი, გართობა - ყველაფერი ერთად უნდებაო...
- რთულია ორი შვილის ერთად გაზრდა, მით უმეტეს, რომ ძალიან ცელქები არიან. არ მომწონს, რომ ასეთი პატარები უკვე მიჩვეულები არიან კომპიუტერს, პლანშეტს. თუ პარალელურ რეჟიმში აიპედზე მულტფილმებს არ უყურებენ, ისე არც კი ჭამენ. თუ გინდა ცოტა ხანს დაამშვიდო, გააჩერო - უნდა ჩაურთო ვთქვათ, "მაშა და დათვი", თორემ ისე გაგიჭირდება. არ მინდა, ასე მიჯაჭვულები იყვნენ, მით უმეტეს, რომ გამოსხივება აქვს ამ ყველაფერს და უარყოფით გავლენასაც ახდენს, მაგრამ არ ხერხდება სხვანაირად... ჯერ ორი წლისანი არ არიან და უკვე მშვენივრად იციან, როგორ უნდა მოიხმარონ ესა თუ ის ნივთი, აიპედი, მობილური და ა.შ. აუცილებლად მინდა დიდი მადლიერება გამოვხატო ჩემი დედამთილის მიმართ, რომელიც შვილების დაბადების წუთიდან გვერდში დამიდგა და იქიდან მოყოლებული დღემდე ძალიან მიმსუბუქებს საქმეს, იცის, რამდენად რთული პროფესია მაქვს და ყველანაირად მეხმარება ბავშვების გაზრდაში. სხვათა შორის, იყო მომენტი, როცა საქმიანი მოგზაურობის დროს, შემეძლო ერთ-ერთი შვილის წაყვანა, მაგრამ იმდენად არიან ერთმანეთზე მიჯაჭვულები, ვერ შევძელი დაცილება.

- როგორც მივხვდი, ბავშვებს თქვენ და თქვენი დედამთილი ზრდით ძიძის გარეშე...
- პრაქტიკულად ასეა, მაგრამ ჩემს დედამთილს ეხმარებიან იქ მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ქალები.

- თქვენი მეუღლე, როგორც ვხვდები, აქტიურადაა ჩართული ბავშვების აღზრდაში...
- მინდა აღვნიშნო, რომ რაული ძალიან კარგი მამაა, იმდენად თბილი, ყურადღებიანია, რომ ხანდახან თავისი საქმეც კი უზარალდება. როცა იცის, რომ გამოსვლა მაქვს, ან დედას უჭირს, ქალები არ არიან და მარტოა, ეხმარება ყველანაირად... შვილები მისთვის პრიორიტეტულია და როცა მე დაკავებული ვარ, მათთან დიდ დროს ატარებს.“


კიდევ ერთი ტყუპის ცნობილი მშობელი მსახიობი დიმა ტატიშვილი გახლავთ, რომელსაც უკვე სტაჟიანი ოჯახი აქვს. 28 წელია ის და მაია ცხვედიანი ერთად არიან და ტყუპ გოგონებს ზრდიან. მამის გზას არც ქეთი გაჰყვა, არც - ანა, ერთი იურისტია, მეორემ კი ბიზნესის სფეროში მოღვაწეობა არჩია. "რომ მეგრძნო, მათ მსახიობობის სურვილი აქვთ და რაც მთავარია, პოტენციალი, რასაკვირველია, ხელს შევუწყობდი ისე, როგორც შეიძლება, მშობელი შვილს დაეხმაროს. სიმართლე გითხრათ, განსაკუთრებული სურვილი არ გამოუვლენიათ და რატომ უნდა მეიძულებინა? პირიქით, ძალიან კარგი, რომ ასეა. მართალია, ჯერ კარიერა არ აუწყვიათ, თუმცა ცდილობენ, თავისი საქმე კარგად აკეთონ. ერთი იურისტია, მეორე ბიზნესმენეჯერი. მომწონს, რომ ამ პროფესიით მუშაობენ." - აცხადებს მსახიობი ერთ-ერთ გამოცემასთან საუბრისას.
mshoblebi
როგორც ამბობს, მკაცრი კი არა სამართლიანი მამაა. სხვას არ სთხოვს იმას, რასაც თავად არ გააკეთებს. გოგონებს არ აკონტროლებს, მაგრამ მათ შესახებ მეტ-ნაკლებად ყველაფერი იცის. "უხეში სიტყვა იქნება, თუ ვიტყვი, რომ მათ ცხოვრებაში ვერევი. საქმის კურსში ვარ. ისინი, ჯერჯერობით არ გათხოვილან, ასე რომ, პასუხისმგებლობა ჩემსა და დედამისზეა. დედამისთან უფრო მეგობრობენ, მაგრამ მეც მიყვებიან ბევრ რამეს. ისეთს არაფერს აკეთებენ, რომ საჩხუბარი გვქონდეს. ერთმანეთის გვესმის. ვთვლი, რომ ჭკვიანი ადამიანები არიან. კარგი განათლება აქვთ. აზრებს ვცვლით ხოლმე. ბევრი ისეთი რამ იციან, რაც მე არ ვიცი, ან პირიქით. თუმცა, ყოველთვის არის ის დისტანცია, რომ მე მამა ვარ და ისინი – შვილები."

ციცი ომანიძე
3548
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?