"მადლობა უფალს, რომ შენ ხარ ერთ-ერთი კარგი რამ, რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა..." ბევრი გოგონა ვიცი, რომელსაც ცუდად ექცევა მამა ან მამამთილი. ან ერთში უნდა გაგიმართლოს ან მეორეში, იშვიათია ორივე ერთად მოხდეს. მე გამიმართლა, ძალიან გამიმართლა! ქორწილის მეორე დღეს, ყველა რომ წავიდა, მამაჩემი იყო ბოლო სტუმარი. გასასვლელში ვიდექით და ვტიროდით ორივე, ყურში მეჩურჩულებოდა და მარიგებდა. ჩვენ უკან კი მამა(მთილი) იდგა, ისიც თვალცრემლიანი და მახსოვს ეუბნებოდნენ – სოფო დააწყნარეო.თვითონაც ტიროდა და მე როგორ დამაწყნარებდა?! აქედან დაიწყო ჩვენი ისტორია. მისაბაძი იყო და იქნება ჩვენი ურთიერთობა, მწამს. შენ გახდი მას მერე ჩემი მამა, მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს გეძახდი მამას (ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდი ამ ქართულ ფენომენს, რატომ უნდა დაგეძახა მამა ქმრის მამისათვის?!). რეანიმაციის პალატის კედელთან აღმომხდა პირველად “მამა”, როცა სხვა პაციენტის მშობელმა მხარზე ხელი დამადო -“ნუ,გეშინია შვილო,მამაშენი კარგად იქნება.”ან მეკითხებოდნენ – მამაშენია? ნუ ტირი, კარგად იქნებაო. ჰო, მამაჩემია-მეთქი ვუპასუხე. მამაჩემი ხარ, აბა რა, შენ ხომ მთელი გულით გიყვარვარ. შენ ყოველთვის იცოდი, როგორ უნდა გეზრუნა ჩემზე. ვიცი, ამაყობდი ჩემით! აქ, ამ ფოტოში ამბობ: “მიყვარს”,”ჩემი გოგოაო”. მეც მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ, ბარბარეს ბაბუავ.
დღეს შენი მზრუნველი და ძლიერი ხელი ხელში მიჭირავს და გეუბნები – ხელი მომიჭირე, თუ მიცანი-მეთქი და რაც შეგიძლია ხელს მიჭერ. მე ისევ ცრემლები მომდის, მაგრამ შენ არ განახებ. გაიყვანეთ ეს გოგო რეანიმაციიდანო, მაგრამ მე არსად მივდივარ, შენ სასთუმალთან ვდგავარ, შენი ხელი მიჭირავს და მუცელზე ვიდებ, რომ ნახო როგორ დარბის ჩემში შენი შვილიშვილი. ორსულის აქ ყოფნა არ შეიძლებაო, – ყველაზე მეტად სოფოს ეკონტაქტება და რა ვქნათ აბაო. ისევ ისე ფართოვდება სამყარო შენთვის, როცა მე და გიოს გვხედავ. მადლობა უფალს, რომ შენ ხარ ერთ-ერთი კარგი რამ, რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა. უდარდელობის ხანაში გვაცხოვრებდი შენ. ახლა უამრავი დარდი და ტკივილია, უამრავი ფულია საჭირო. მაგრამ მე მთელი ცხოვრება რომ ვაგროვო ფული, ჩემ შვილებზე კარგს ვერაფერს გაჩუქებ. “სურვილებს ავასრულებ, მადამ” -ასე მეუბნებოდი და მიღიმოდი. გთხოვ აასრულე ჩემი სურვილი, მალე გამოჯანმრთელდი, ისევ ისე მოეფერე ბარბარეს და ისევ ასე ჩამიხუტე!
სოფიო ბუცხრიკიძე