"ბავშვობაში ქალობა მინდოდა... ახლა გავურბივარ ქალობას..."
"ბავშვობაში ქალობა მინდოდა... ახლა გავურბივარ ქალობას..."
ქალობ ანა

ყველა პატარა გოგო ქალობაზე ოცნებობს. ახლა რომ ბათინკებს ვერ გამხდის ვერავინ, ასე კი არ ვიყავი, პატარაობისას უფრო ქალური სამოსი მეცვა, მაგალითად - დედის კაბები, ორჯერ დიდი ფეხსაცმელი, ბამბებით გამოტენილი და ჩემ ზომაზე მორგებული, დედის ჩანთა და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, გარდაცვლილი ბებიას თავშლები. დავდგებოდი სარკის წინ, ყველაზე დიდი სარკის წინ, ასეთი სარკეები ადრე დიდი კარადების კარებს ქონდა, რომელიც უდაოდ ბებოს მზითევი იყო, და თავზე ვანგრევდი სახლს, პირველ
სართულზე მოფუსფუსე დედას და მამიდას.
ეს იყო ჩემი ყველაზე საიტერესო საქმიანობა, როცა ქალობაზე ვოცნებობდი. კიდევ მინდოდა, ოდესმე ჩემი ჩემოდანი მქონოდა, სადაც ბევრი კაბა იქნებოდა, პომადები და რაღაც ხელთათმანებიც. მინდოდა მალე გასულიყო დრო, მეც გავმხდარვიყავი როგორმე 18 წლის და ქორწილი მქონოდა. ჩემს ქორწილში, სხვათა შორის, დედის კაბით უნდა წავსულიყავი და მისი ფეხსაცმელები უნდა მცმოდა.
კიდევ ბევრი შვილი უნდა მყოლოდა, გოგოები, რა თქმა უნდა, რომ ერთად გვეკერა, გვეყიდა და გვეცვალა სარკის წინ კაბები. ასე დავატარებდი პირველი სართულიდან მეორე სართულზე და პირიქით ჩემს თოჯინებს, დედაჩემის კაბებს ვჭრიდი და ჩემი თოჯინების კაბებს ვკერავდი. დედაჩემი კი საოცარი სიმშვიდით ითმენდა ამ ყველაფერს, ელოდებოდა, როდის მომწყინდებოდა ქალობანას თამაში, ანუ როდის
გავხდებოდი ქალი.
ძილის წინ დედა სულ ლოცულობდა, მერე პირჯვარს გადაგვწერდა და გვეფერებოდა. ისეთი თბილი იყო მისი ხელები, ისეთი თბილი, რომ ჟრუანტელი მივლიდა. სულ მინდოდა, ყოველთვის მინდოდა, ასეთი თბილი ხელები მქონოდა...
გავიზარდე. ქალობას გავურბივარ. პრაქტიკული გავხდი. სულ ბათინკები მაცვია. დედაჩემი შეშის მჩეხავს მიძახის. ჩემოდანიი ბევრი მაქვს, მაგრამ შარვლებითაა სავსე. სადღაა გოგოები. ორი ბიჭი მყავს. როცა ვაძინებ, სულ ვკოცნი და ვეფერები. დღეს ანდრიამ მითხრა ძილის წინ, დე, ისეთი თბილი ხელები გაქვს, რომ მეფერები, მუხლები მეკვეთებაო. ამდენწლიანი თვითგარკვევის მერე, პირველად გავაანალიზე, რომ ქალი ვარ, როცა მივხვდი, რომ მეც დედის ხელები მაქვს უკვე. მხოლოდ ახლა ვიგრძენი ქალობა...
ანა ლაშხელი-ონიანი
2415
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
```