"ჩემს ოჯახში იყო ძალადობა… მეც ვიყავი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი..." მზეო, 28 წლის, თბილისი
„დიახ, ჩემს ოჯახში იყო ძალადობა…
დიახ, მეც ვიყავი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი...
მხოლოდ ახლაღა ვხვდები, რომ თითქმის ყველა ოჯახშია ძალადობა, მიმართული ძირითადად ქალებზე...
ბავშვობაში კი მეგონა, რომ ეს უბედურება მხოლოდ ჩემს ოჯახში ხდებოდა: მხოლოდ დედაჩემს ექცეოდა მამაჩემი ვანდალურად, მხოლოდ ჩვენ გვცემდნენ მშობლები... ამაზე ხომ არასდროს ვლაპარაკობდით ოჯახს გარეთ. სირცხვილია... ოჯახის ცუდი გარეთ არ უნდა გაიტანო...
ყოველი მორიგი ჩხუბისას 3 ბავშვი ვაშველებდით მშობლებს (რაც მამის გაკავებასა და დედის გაჩუმებაში გამოიხატებოდა). ცოტა რომ წამოვიზარდე, დედისადმი თავისთავადი სიყვარული და ამის გამო ყველაფერში მისი გამართლება „საღმა“ აზრმა შეამაგრა და ვფიქრობდი, რომ სწორედ დედა იყო დამნაშავე, რომ ზოგჯერ იმსახურებდა კიდეც ადგილზე „მოსმას“, რადგან მამის, კაცის წინაშე იმაღლებდა ხმას და დაღლილს ტვინს „უბურღავდა“...
დედამ მეოთხე ბავშვიც გააჩინა. დედას წასასვლელი არსად ჰქონდა, დედას კარიერული ზრდისთვის არ უზრუნია, ისე გათხოვდა... დედას იმედი არ ჰქონდა, რომ გაყრის შემდეგ 4 ბავშვს არჩენდა მარტო, უმამოდ. ამიტომ, „შვილების გულიზა“ იტანდა ყოველივეს.
გავიდა დრო. წამოვიზარდე. მეც დამატყდა თავს პატრიარქალური ნორმატივები, შეზღუდვები, კონტროლი, ქალური დისკრიმინაცია, სექსიზმ-მიზოგინია.
"ძალიან რთულია ჩემთვის ამაზე ღიად საუბარი... თუმცა ჩემი ისტორია შეიძლება ვიღაცას დაეხმაროს...”
იმის გამო, რომ ცოტა განსხვავებული ვიყავი და, შესაბამისად, საზოგადოებისთვის არაკომფორტული, განათლებულ მამაჩემთან თითქმის ყოველდღიური (მინიმუმ კვირაში 2-ჯერ) იდეოლოგიური (და არამხოლოდ...) ბრძოლები მქონდა ჩემი ხედვებისა და ცხოვრებისადმი მიდგომების გამო, რაც საკმაოდ რთული იყო („დიდ კაცთან პატარა ქალსა როდის გასვლია მართალი“-ს ამბავში) და დიდ ენერგიას მაცლიდა. ამ ენერგიების სხვა რამეში დახარჯვა ბევრად უფრო სხვაგვარ სასარგებლო გამოცდილებებს მომიტანდა, თუმცა სხვაგვარად ვერანაირად ვერ იქნებოდა და ახლა მაგაზე სინანულიც უაზრობაა.
პრობლემა იყო 9-ის მერე სახლში მისვლა 17-იდან 23 წლამდე (ვინაიდან 17-მდე ძირითადად სკოლა-სახლი იყო, უნიში ჩაბარების მერე კი “გავედი ქალაქში” და ნელ-ნელა „ავიხსენი აღვირი“). პრობლემა იყო ჩემი მუსიკალური გემოვნება, ჩაცმულობა, შავი მანიკური, გრძელი თმა, არასტანდარტული აზროვნება (მამა რომ იტყოდა დახეულ შარვლიანი, გრძელთმიანი ბიჭები, გეები, „ბოზები“ (რაშიც სექსუალურად ემანსიპირებულ ქალებს გულისხმობდა) და ა.შ. უნდა სცემო ან მიაკლაო და მე არგუმენტირებულად შევეწინააღმდეგებოდი.
ეს და კიდევ უამრავი სხვა პრობლემა საბოლოოდ იმით დამთავრდა, რომ ერთ-ერთი სახლში გვიან მისვლის შემდეგ ძალიან სერიოზული ჩხუბი გვქონდა (ღრიალით და ცემა-ტყეპით) და მამა სახლიდან მაგდებდა იმ არგუმენტით, რომ არ უნდოდა ისეთი ვყოფილიყავი, სხვები რომ პატრონს უგინებენ და კიცხავენ. და რომ „ჩემნაირ“ ტიპებს თვითონვე აგინებდა თანამშრომლებთან ერთად და თავის თავთან მართალი უნდოდა ყოფილიყო. და რომ სანამ მის სახლში ვიყავი, მისი წესებით უნდა მეცხოვრა, მინდოდა ეს მე თუ არა (ამას 17 წლიდან მიმეორებდა უთანხმოების შემთხვევაში და გამუდმებით მემუქრებოდა, რომ სახლიდან გამიშვებდა და ოჯახს დამაკარგვინებდა, რაც ჩემთვის ყველაზე ძვირფასი იყო და არ მეთმობინებოდა).
მეორე დღეს წამოვედი სახლიდან...
არა იმიტომ, რომ მანამდე წამოსვლა არ მინდოდა და ყელში არ მქონდა ამოსული (მეც გამუდმებით ვუმეორებდი, რომ ნორმალურ სამსახურს რომ „ვიშოვიდი“, მის სახლში გამჩერებელი აღარ ვიყავი). არც იმიტომ, რომ უკვე წასასვლელი გამომიჩნდა და მატერიალურად მოვძლიერდი, არამედ იმიტომ, რომ სხვა გზა აღარ იყო.
ან მეც დედაჩემის ბედი უნდა გამეზიარებინა და მეთმინა ასეთი დამოკიდებულება (რადგან „გათხოვებით“ თავის დაღწევა ჩემთვის სასაცილო იყო და საკუთარი პოზიციის დაცვითა და იდეოლოგიური ბრძოლებით სიტუაციის გაუმჯობესება ვერ მოვახერხე, ვერც ჩემთვის და ვერც სხვა ოჯახის წევრებისთვის), ან ამდენ ბრძოლებში უნდა ჩავმკვდარიყავი მორალურად, ან თავისთვის მეშველა...
მამაჩემმა ჩემი წამოსვლა მაიმუნობად მონათლა და როდესაც დარწმუნდა, სერიოზულად მქონდა ეს გადაწყვეტილი - „დამკარგა“... დაივიწყა ჩემი არსებობა...
თუმცა, ეს უკვე ნაკლებად მაღელვებდა. ჩემი ცხოვრების „ბატონ-პატრონი“ თავად გავხდი, არავისთან მიწევდა ანგარიშების ჩაბარება და ყოველი ჩემი არჩევანის მართლება.
რა თქმა უნდა, მიუჩვეველზე, დახმარების გარეშე მარტო ცხოვრება რთული აღმოჩნდა, თუმცა ეგ ცალკე ისტორიებია და ამ მსხვერპლის გაღება თავისუფლებისთვის ნამდვილად ღირდა.
2 წელში ჩემი დაც დაკარგა ოჯახმა. ირანელს გაჰყვა ცოლად, რაც „არაპატრიოტული ნაბიჯი“ იყო. დედაჩემი ჩემი უმცროსი ძმის სრულწლოვანებას ელის, რომ მამას გასცილდეს ოფიციალურად და თავის ცხოვრებას მიხედოს. ჯერ კიდევ უჭირს მორალურად ამ ნაბიჯის გადადგმა და სულ რაღაცას იმიზეზებს, თუმცა წლებია გაყრა გადაწყვეტილი აქვს. განსაკუთრებით ჩემი წამოსვლის შემდეგ. დედამ მატერიალური დამოუკიდებლობა მოიპოვა უკვე, თავისი პროფესია აქვს და მუშაობს.
ვთვლი, რომ საკუთარი გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია სხვა გოგონებისთვის/ქალებისთვის იმის გასაცნობიერებლად, რომ მარტონი არ ვართ ჩვენს სირთულეებთან, რომ დამოუკიდებელი ნაბიჯების გადასადგმელად ბევრი ცოდნები, გამბედაობა და გაძლიერება გვჭირდება. რაზეც ჩვენი საზოგადოება კი არ ზრუნავს, პირიქით, ახშობს. მეც სწორედ ამ მიზნით მოვყევი ჩემი წარსულის ამბები... ზედაპირულად, თუმცა კიდევ ბევრი რამ შეიძლებოდა გამეზიარებინა..."
© 2017 სოციალური პროექტი „ქალები საქართველოდან“ ხორციელდება ქალთა საინიციატივო ჯგუფის „ქალის ხმა“ მიერ. (ავტ. მაიკო ჩიტაია; იდა ბახტურიძე; ნინო გამისონია). ფოტო: ნინა ბაიდაური; სალომე ცოფურაშვილი. პროექტი მიმდინარეობს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით. #ქალებისაქართველოდან.