"ყოველ ნაბიჯზე უნდა ვამტკიცოთ, რომ ოჯახი და პატარა შვილები ხელს არ გვიშლიან ხარისხიანად შევასრულოთ დაკისრებული მოვალეობა..."
მე მგონია, რომ ჩემი დროის ქალებთან უფრო ადრე მოვა სიბერე. ჩვენ უფრო ადრე გაგვიჩნდება თვალის ირგვლივ ნაოჭები (თუ ფილერებით არ შევივსეთ), ჩვენ უფრო ადრე გავჭაღარავდებით, ჩვენ უფრო ადრე დაგვღლის ცხოვრება. ჩვენ ემანსიპირებული ქალები ვართ. ჩვენ აჩქარებული ტემპით ვცხოვრობთ, ჩვენ მხოლოდ ქმარ-შვილს არ ვუვლით, ჩვენ ვმუშაობთ. მთელ დღეებს სამსახურებში ვატარებთ, მერე შვილებთან გავრბივართ ბაღში/სკოლაში. ოთახებში ყველაზე ბოლოს დარჩენილი ჩვენი შვილები როდისმე გამოტყდებიან, რომ ოცნებობენ, ადრე მიაკითხო: “დედა, სიზმარში ვნახე, რომ ყველა დედაზე ადრე შენ მოხვედი ჩემს ბაღში” – შენც ეტყვი, რომ აუცილებლად აუხდება ეგ სიზმარი.
ჩვენ ერთად მივალთ იმ სახლებში, სადაც არ გველოდებიან დედები და ბებიები. დღის ბოლოს, როცა სხეული დასვენებას გვთხოვს, ჩვენ ვიწყებთ სახლის დალაგებას, ვამზადებთ საჭმელს მეორე დღისთვის, ვამეცადინებთ, ვეთამაშებით, ვუვლით და ვაძინებთ შვილებს.
და მეორე დღეს, ისევ 8-ის ნახევარზე რეკავს მაღვიძარა. ისევ თავქუდმოგლეჯილები გავრბივართ სახლიდან, თან მივაფრიალებთ ნახევრად მძინარე ბავშვებს და ვტოვებთ სკოლის ჭიშკართან, სამსახურში რომ არ დაგვაგვიანდეს. დამსაქმებელს არ აინტერესებს და არც უნდა აინტერესებდეს ჩვენი პირადი პრობლემები – ჩვენ უნდა ვიყოთ კონკურენტუნარიანები. ჩვენ ყოველ ნაბიჯზე უნდა ვამტკიცოთ, რომ ოჯახი და პატარა შვილები ხელს არ გვიშლიან ხარისხიანად შევასრულოთ დაკისრებული მოვალეობა.
როცა მთელი დღე დაგეგმილია და გირეკავენ, რომ შენ შვილს სიცხე აქვს – აქ წყდება ნერვების ჯაჭვი. სამსახურის საპირფარეშოში გაკეთებული მაკიაჟი დარდებს ვერ მალავს და გალიაში გამოკეტილი ლომივით გადი-გამოდიხარ ოთახში.
ასევე იხილეთ: "დედაჩემი ფეისბუქდამოკიდებულია!" - ყველა დედის საკითხავი ამბავი
და თუ სამუშაო საათების შემდეგაც არ ილევა საქმე, ურეკავ ყველას, ვისთანაც დაგერეკება და ეხვეწები, მიხედოს დღეს შენს შვილს. იმიტომ, რომ შენს კომპანიას ასე სჭირდება. იმიტომ, რომ თითით საჩვენებელი არ გახდე – საქმე შუა გზაზე მიატოვაო. და თუ არ სცალიათ, სკოლის ჩანთააკიდებული ბავშვით ბრუნდები ოფისში. მიუჩენ კუთხეს, მისცემ ქუჩაში ნაყიდ ხაჭაპურს და ყურში უჩურჩულებ, “გთხოვ, ცოტა ხანს ჩუმად იყავი, დე...”
ეს ჩვენი არჩევანია...
ჩვენ არ გვინდა ის ვჭამოთ, რასაც მოგვიტანენ; ის ჩავიცვათ, რასაც გვაჩუქებენ. იქით წავიდეთ, საითაც მიგვითითებენ. ჩვენ გვაქვს ჩვენი აზრი და სურვილები. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი წარმატება ჩვენი შვილების, ოჯახების, მეგობრების, საზოგადოების წარმატებაა.
მერე რა, თუ ადრე გაგვიჩნდება ნაოჭები... მერე რა, თუ დავბერდებით ადრე...