მშობლობა - მეორე პროფესია და გაუზრდელი მშობლები - მეგი კავთუაშვილის ბლოგი
მშობლობა - მეორე პროფესია და გაუზრდელი მშობლები - მეგი კავთუაშვილის ბლოგი
მე მშობელი


დედობა დიდი ცოდნაა, უფრო ზუსტად, სიბრძნეა, ოღონდ დედობაში მარტო ბავშვის გაჩენა არ იგულისხმება. ბავშვის გაჩენის უნარი და დედობის უნარი სხვა და სხვა ცნებებია.
/ოთარ ჭილაძე/

ჩემს სახლში პატარა გოგო ცხოვრობს. დაიბადა თუ არა, ყირამალა დაგვაყენა დედაც, მამაც და „გაფართოებული“ ოჯახიც. მოკლე დროში თავიც დაიმკვიდრა და „ძალაუფლებაც“ აიღო ხელში. 6 წელია ერთმანეთს ვზრდით; მე – როგორც შვილს, ის როგორც – დედას. რაღაცნაირად საინტერესო ადამიანია. ბევრს მოითხოვს, მატერიალური და ადამიანური
რესურსების სრულად ათვისების უნარი აქვს. უფრო ადვილად დაარწმუნებ, რომ ეს ძვირად ღირებული სათამაშო არ სჭირდება, ვიდრე შენ არ გცალია მასთან ურთიერთობისთვის. მუდმივად ემოციურ კონტაქტზეა, ყველა თემაზე, რითიც ინტერესდება, ამომწურავ ინფორმაციას აგროვებს. მასთან ურთიერთობა იმხელა გამოცდილებას მაძლევს, ზოგჯერ მავიწყდება, ჩვენ შორის რომელია დედა.
მშობლობა მეორე პროფესიაა; ყველაზე საინტერესო, მრავალფეროვანი ვალდებულებაა, რაც კი ჩემს თავზე ამიღია. გამოწვევაა, რომელსაც დაძლეულად ჩავთვლი, თუ ჩემთვის დროებით მობარებული და შემდგომში დამოუკიდებელი ადამიანი მომავალში კმაყოფილი, ბედნიერი და წარმატებული იქნება.

ყურადღება!!!

მე ვთქვი კმაყოფილი, ბედნიერი და წარმატებული.

არავითარ შემთხვევაში: სასახელო, სანიმუშო, მისაბაძი, ოჯახისა და სამშობლოს საამაყო, მშობლების საქმის ღირსეულად გამგრძელებელი, დედას და მამას რომ გაუხარდება ისეთი და ა.შ. ასეც თუ იქნება,
არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს სიამოვნებას მოუტანს და არა ტვირთის ზიდვის ვალდებულებას.

ადამიანების გამრავლებას რომ განსაკუთრებული ნიჭი და შესაძლებლობები არ ჭირდება, ალბათ ვთანხმდებით. მაგრამ ბიოლოგიური პროცედურების შემდეგ, რა მოვალეობები გვიჩნდება, რამდენ ხანს გრძლედება შვილის გაზრდის პროცესი და შემდგომში რას მოველით მისგან – ჩემი აზრით, ეს საკითხები დასალაგებელია ჩვენს რეალობაში.


ასევე იხილეთ: "დედაჩემი ფეისბუქდამოკიდებულია!" - ყველა დედის საკითხავი ამბავი


გაუზრდელი მშობლები

მოკლედ, მშობლებსაც სჭირდებათ გაზრდა. ამის სურვილი კი, როგორც ჩემ ირგვლის ვხედავ, ცოტას აქვს. როგორც წესი, სანამ მცირეწლოვან შვილს ჭირდება მშობლებთან ურთიერთობა, არ გვცალია. როცა მოზრდილი ან სულაც ზრდასრული შვილი დამოუკიდებელად უნდა უძღვებოდეს თავის ცხოვრებას, მაშინ გვახსენდება, რომ ანგარიშგასაწევი მშობლები ვართ. „რა ვქნა, მთელი დღე სამსახურში ვარ“, „არაფრის თავი აღარ მაქვს, სახლში რომ ვბრუნდები“, „გადარბენები მქონდა მთელი დღე“ – ხშირად მესმის. არადა ხელიდან არ ვუშვებთ ტვინის გათიშვის საუკეთესო საშუალებას, სმარტფონს, რომელიც უფრო ახლობელი გახდა, ვიდრე ოჯახის წევრი. ჩემს თავსაც მოვიაზრებ, თუმცა პროფესია მაიძულებს მუდმივად თვალს ვადევნებდე ახალ ამბებს. აი, მეც თავს ვიმართლებ…

რა საერთო აქვს საქსოვ ჩხირებს, სერიალებს და სმარტფონებს? დედიკოების თავისუფალ დროს იწირავს სამივე, ოღონდ სხვადასხვა ეპოქაში. რა საერთო აქვს უბნის ბირჟას, ინტერნეტკაზინოს და ტოტალიზატორებს? მამიკოების თავისუფალ დროს ისრუტავს. ეს „არმცალიას“ არასაპატიო მიზეზებია ჩემს თვალში, თორემ სამსახურის, საოჯახო საქმეების და „პირადი გრძნობების გარეშე ერთი დღე ნუ გვაცოცხლოს ღმერთმა“...

აუცილებლად შესასრულებელი

ბოლოს ნახსენები სამი აუცილებელი საქმე თითქმის სრულ დღე-ღამეს მოიცავს. ე.ი. ბავშვისთვის ისედაც უმცირესი დრო გვრჩება. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ დარჩენილი მიზერული დროის გონივრულად გამოყენების შემთხვევაში, შესაძლებელია სრულფასოვანი კონტაქტის დამყარება ბავშვთან. რეკომენაციაა, ყოველ დღე ნახევარი საათით დავივიწყოთ სამსახური, საქმე, მეგობრები, პრობლემები, გამოვრთოთ Wi-Fi, არ ვუპასუხოთ ტელეფონის ზარს, გავთიშოთ ტელევიზორი და თავით გადავეშვათ ბავშვთა სამყაროში. რაც როგორც ზემოთ აღვნიშნე, დროის, ნერვების, ენერგიის, ნების დეფიციტის პირობებში, ძნელი საქმეა. შესაბამისად ცოტა ახერხებს.

შვილი – ახალი ურთიერთობის დასაწყისი

რამდენიმე წლის წინ, როცა ჩემს შვილს სავალდებულო ზრუნვაზე (კვება, ჰიგიენა, დაძინება, გაღვიძება, ალერსი) მეტი დაჭირდა, ანუ 1.5 წელს გადააბიჯა, აღმოვაჩინე, რომ რაღაც ახალ ურთიერთობას ეყრებოდა საფუძველი. ჯერ ლაპარაკიც არ იცოდა, როგორც მოზრდილს ისე ვარიგებდი, ვესაუბრებოდი, ამბებს ვუყვებოდი. გაოცებულები მიყურებდნენ ოჯახის წევრები – რაზე ირჯები, რა ესმისო – მეუბნებოდნენ;


რიტმი

2,5 წლის, ძალიან პატარა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების რიტმში ავიყოლიეთ და საბავშვო ბაღში მივიყვანეთ. მას შემდეგ ჩვენი ანუ მშობლების რეჟიმით ცხოვრობს. დილით ადრე ერთად ვიღვიძებთ, ერთად ვემზადებით, ერთად მივდივართ სკოლასა და სამსახურებში, ერთად ვამთავრებთ აქტიურ სამუშაო დღეს, ერთად ვბრუნდებით სახლში, ერთად ვვახშმობთ, ერთად ვისვენებთ და ერთდროულად ვიძინებთ. დღე საკმაოდ დატვირთულია, ამიტომ საღამოს დაღლილობა პიკს აღწევს. (მით უმეტეს ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, როცა სახლში კიდევ უფრო პატარა ადამიანი გველოდება). საჭიროა ემოციების მკაცრი კონტროლი. ვიცით, რომ საღამო რთული პერიოდია, მოკლე დროში ცალ-ცალკე დასვენებაც უნდა მოვასწროთ და ერთად თამაშიც. თეორიული ცოდნის მიუხედავად, ზოგჯერ ვჩხუბობთ, მაგრამ ორივემ ვიცით, დაძინებამდე აუცილებლად შევრიგდებით.

ძილისწინა საუბრები

ჩვენ ძილისწინა საუბრებმა დაგვამეგობრა. ეს ყველაზე მოკლე და ყველაზე მნიშვნელოვანი მონაკვეთია დღის განმავლობაში. მე ჩემს დღეს ვუყვები, ის – თავისას. ყველაზე მნიშვნელოვანი, „დიდური“, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული საკითხებიც ძილის წინ ან ახალგაღვიძებულზე ამოტივტივდება ხოლმე. ასე მაგალითად:


ამბავი # 1 მეგობრობა და კრიტიკა

შემომჩივლა – მარიამს ჩემი გაფერადებული პეპელა არ მოეწონა და მეწყინაო. მარიამი მისი საუკეთესო მეგობარია. – ასე მითხრა, არ მომწონსო და მე ვუპასუხე, ჩემი საუკეთესო მეგობარი აღარ იქნები, იცოდეო, – ბუზღუნით მიყვება ამბავს.

- კარგი გოგოა მარიამი, სიმართლე რომ გითხრა, – ვეუბნები მშვიდად.

- რატომ ვითომ?
- შენც ხომ არ მოგწონს ზოგჯერ რაღაც, მაგალითად საჭმელი და მეუბნები ხოლმე. ამას კრიტიკა ჰქვია. ყოველთვის ჯობია შენი აზრი გამოთქვა, ვიდრე დამალო. ოღონდ უნდა დაასაბუთო.
- რა შუაშია ახლა ეგ?
- აი მაგალითად, წარმოიდგინე, რომ მარიამს არ მოეწონა შენი ნამუშევარი, მაგრამ სიმართლე დაგიმალა და მოგატყუა, ვითომ მოეწონა. ამას პირფერობა ჰქვია და ცუდია. ჯობდა კი არ განაწყენებულიყავი, მიზეზი გეკითხა, რატომ არ მოეწონა, იქნებ შენთვის მისაღები მიზეზი იყო. ნამდვილი მეგობარი ის არის, ვინც პირში გეუბნება სიმართლეს. ვინც გეპირფერება, ყველაფერში გეთანხმება და ცდილობს თავი მოგაწონოს, ის ვერ გახდება ნამდვილი მეგობარი.


ამბავი #2 პირფერობა და სიმართლე

დილის 7 საათზე ვაღვიძებ. სკოლაში წასასვლელად უნდა მოემზადოს. გარეთ ჯერ ისევ სიბნელეა. ისე საყვარლად სძინავს, ჯერ კიდევ გაფუებულს. მეცოდება გასაღვიძებლად. მინდა ლოგინიდან კარგ ხასიათზე ადგეს. ვკოცნი და ვეჩურჩულები:

- ჩემო ყველაზე ლამაზო, ჩემო ბუდუნა, გაიღვიძე დე, მალე გათენდება.. როგორ მიყვარხარ იციი… – დავდნი თავად ნახევრად მძინარე.
პასუხი: – ნუ მეპირფერები, რა.. ვიცი სკოლაში უნდა წავიდე და იმიტომ მაღვიძებ. თქვი პირდაპირ და ავდგები!! შენ არ მითხარი, პირფერობა ცუდი საქციელიაო???


ასევე იხილეთ: "ჩვენ ემანსიპირებული ქალები ვართ. ჩვენ აჩქარებული ტემპით ვცხოვრობთ... ჩვენ უფრო ადრე დავბერდებით..."


ამბავი #3 – „სიყვარული“

- დე, მაგარი ამბავი უნდა გითხრა – შეყვარებული ვარო.

ო ჰოოო…

- ერთი ბიჭია, უფროსკლასელი. დარბაზში შევხვდი სიმღერის გაკვეთილზეო. უფროსკლასელი რომ გავიგე, ჩემთვის ჩუმად ავფორიაქდი.
- უი, მართლაა?? ვისი სიმაღლე იქნება, – შევეცადე დაახლოებითი ასაკი გამეგო.
- არ ვიცი. იჯდა და ფეხზე დამდგარი არ მინახავს. უბრალოდ, ისე მომეწონა რომ დავინახე, თვალს ვერ ვაშორებდიო..
ვფიქრობ რა ვუთხრა. ელოდება ჩემს რეაქციას. - რა კარგია, როცა ვინმე მოგწონს-მეთქი.
- არაო! კი არ მომწონს, მიყვარსო!

-  არ იცნობ და როგორ გიყვარს? გაესაუბრე?
- არა, უბრალოდ დავინახე.
- ე.ი. არ იცი, როგორი ქცევები აქვს, ხომ? იქნებ ცხვირში იყოფს თითებს? (ზღაპრის ტექსტი მოვიშველიე). გამხიარულდა. – იქნებ უხეშია და მეგობრობა არ იცის. ჯერ უნდა გაიცნო, რომ მიხვდე, კარგი ადამიანია თუ არა.
- ააა.. გავიგე (ჩაფიქრდა). როგორ გავიცნო? ნეტა კიდევ შევხვდები?
- ალბათ შეხვდები, რაკი შენი სკოლელია. მაგრამ გირჩევ, ჯერ ნუ ეტყვი, რომ მოგწონს, არ იფიქროს, არასერიოზული გოგოაო. ჯერ დააკვირდი მის ქცევებს. როცა დარწმუნდები, რომ ნამდვილად კარგი ბიჭია, მერე შეეცადე დაუახლოვდე, გაიცნო და დაუმეგობრდე.

ჯერ დაფიქრდა და მერე მეუბნება:

- იცი, რა კარგად მღეროდა, დე? მე ვიფიქრე, რაკი მღერის ე.ი. მხიარული ბიჭი იქნება-მეთქი. აბა, მოწყენილი და ბრაზიანი ხალხი ხომ არ მღერის?
- ჰო, ალბათ ასეა.
- აუ, დე... ნეტა მამას არ გაყოლოდი შენ ცოლად, რა...
- რატომ?
- მე გავყვებოდი… - და დაეძინა.

თანაგუნდელები ვართ, ურთიერთობა ბოლომდე გახსნილია, ყველა ინფორმაციის მისაღებად მზად ვარ. საუბარი ყველაფერზე შეგვიძლია. ეს უკვე კარგია. წინ ბევრი გამოწვევაა; გარდამტეხი Teenage ასაკი ერთად უნდა გადავლახოთ.

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ პოზიტიური მშობლობა სწორი განვითარების განმსაზღვერელი ძირითადი ფაქტორია და ტვინის ჯანსაღ განვითარებას უწყობს ხელს. ადამიანებს, რომლებსაც მშობლებთან დადებითი ურთიერთობის გამოცდილება აქვთ, გამკლავების ჯანსაღი მექანიზმები უყალიბდებათ. ასეთი ადამიანი კარგად ორიენტირებს პრობლებურ სიტუაციაში და სწორად გეგმავს საკუთარ ცხოვრებას.

არ გიფიქრიათ? – სამომავლოდ მაინც რომ დადებითისკენ შეიცვალოს ბევრი რამ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ბავშვების აღზრდას უფრო სერიოზულად უნდა მივუდგეთ. სათავეში, საძირკველში მეტი სითბო, ყურადღება და დადებითი ენერგია უნდა ჩავდოთ, ვიდრე სასჯელი, რეგულაცია, აგრესია და ფიზიკური ანგარიშსწორება.

მე ასე მგონია. იმედი მაქვს, რომ მარტო არ ვარ. ეს ის შემთხვევაა, როცა ძალიან ბევრ თანამოაზრეს ვისურვებდი.
პოზიტიურ მშობლობას გისურვებთ.
მეგი კავთუაშვილი
28652
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
```