თეა დარჩია: "ძიძა არც ერთ შვილზე არ ამიყვანია... ქმარი მეხმარება"
თეა დარჩია: "ძიძა არც ერთ შვილზე არ ამიყვანია... ქმარი მეხმარება"
სუხიშვილების მოცეკვავე თეა დარჩიას ოთხ შვილი ჰყავს - 25 წლის მარიამი, 15 წლის მირიანი, 6 წლის იოანა და 3 წლის გაბრიელი. მცირეწლოვან ბავშვებს თეასთვის ხელი არ შეუშლიათ, რომ ყოვლეთის წარმატებული და აქტიური ყოფილიყო. გენეტიკის წყალობით ფორმაშიც მალევე დგებოდა და საყვარელ საქმეს უბრუნდებოდა. თეას შვილები ისე გაიზარდნენ, რომ ძიძა არც ერთისთვის არ აუყვანია, ძირითადად ოჯახის წევრები, დედა და და ეხმარებოდნენ, თუმცა ამ საქმეში ძირითადი წვლილი მაინც მის მეუღლეს მიუძღვის.

- პირველი
შვილი 19 წლის ასაკში შემეძინა... სხვადასხვა ასაკში ამ მნიშვნელოვან მოვლენას, რასაკვირველია, ემოციურად სხვადასხვაგვარად აღიქვამ, თუმცა ამ ემოციას სიძლიერის მიხედვით ნამდვილად ვერ განვასხვავებ. უბრალოდ წლების სვლასთან ერთად, ვიზრდებით, ვვითარდებით და უფრო სხვა ფასი ედება დედობას.

- აღზრდის მეთოდები, შვილებთან მიდგომები წლების სვლასთან ერთად იცვლებოდა?
- არა, თითქმის ერთი და იგივე მიდგომა მქონდა მაშინაც და ახლაც, რაც მდგომარეობს შემდეგში: ჩემი შესაძლებლობებიდან გამომდინარე შვილებს შევუქმნა მინიმალური კომფორტი მაინც, მივცე თავისუფლება, არ შევზღუდო და ჩაროჩებში არ მოვაქციო, თუმცა, არსებობს საკითხები, სადაც მშობლის ჩართულობა აუცილებელია. ეს პირველ რიგში ეხება დროის სწორ განაწილებას, რეჟიმს, სწორ კვებას და სწორ ურთიერთობას ბავშვთან. პატარასთან პრეტენზიები იმიტომ კი არ უნდა გვქონდეს, რომ მისი
დედები ვართ, არამედ იმიტომ, რომ სწორად აღიზარდოს და კარგ პიროვნებად ჩამოყალიბდეს. ბავშვს უნდა ჰქონდეს თავისუფალი არჩევანი, იმიტომ, რომ ის დამოუკიდებელი პიროვნებაა, ჩვენ კი ხელი უნდა შევუწყოთ იმაში, რომ გაიზარდოს ჯანმრთელი და ჯანსაღი სულითა და ხორცით.
mshoblebi
- თეა, როგორც დედა, რა სირთულეებს წააწყდით შვილების აღზრდის საკითხში, რასაც არ ელოდით?
- გულწრფელად გეტყვით, საერთოდ არ მქონია არანაირი სირთულეები. ხასიათი მაქვს ასეთი, არაფერს ვართულებ ცხოვრებაში.

- მარიამი, დანარჩენ დედმამიშვილებზე უფროსია, ალბათ მათზე ამაგიც მეტი აქვს, გეხმარებოდათ პატარების გაზრდაში?..
- კი, მარიამი უფროსია და უფრო მეტი პასუხისმგებლობა აიღო პატარებზე, მიუხედავად იმისა, რომ მე არ დამიკისრებია ეს პასუხისმგებლობა. თვითონ არის ასეთი ადამიანი, საყვარელი, თბილი და ტკიბილია თავისი დებისა და ძმების მიმართ, ზუსტად ისევე უვლის, როგორც მე. ჩემი შვილები ისე გაიზარდნენ, მე ძიძა ან დამხმარე არ მყოლია. ჩემი დამხმარეები ჩემი ოჯახის წევრები არიან. დედამ გამიზარდა პირველი შვილი, მეორეს გაზრდაში ჩემმა უფროსმა დამ მიიღო მონაწილეობა, დანარჩენების შემთხვევაში კი მეუღლე მიდგას ძალიან გვერდით, ისაა ჩემი დამხმარე და გვერდში მდგომი, ამიტომაც არ ამიყვანია ძიძა არც ერთ შვილზე.
mshoblebi

იხილეთ ასევე: თეა დარჩია: "ქმარი 24 წელია შოკში მყავს"


- ნამდვილად შექების ღირსია თქვენი მეუღლე. როგორც ვიცი, თქვენ ყოველთვის აქტიური იყავით კარიერული თვალსაზრისით, მშობიარობიდან მე-40 დღეს უბრუნდებოდით ცეკვას და აქტიურ რეჟიმს... ალბათ იყო ისეთი მომენტები, როცა პატარა შვილების მიუხედავად, გიწევდათ გასტროლებზე წასვლა, მათი დატოვება არაერთი დღით მარტივი არ იქნებოდა...
- ყველაფერი იწყება და მთავრდება ღმერთის წყალობით და ჩემი ცხოვრებაც ამის მაგალითია. თუ წყალობა არ გაქვს ღმერთის, რაც არ უნდა იწვალო და იჯახირო ადამიანმა, არაფერი გამოგივა. ღმერთს ვუხდი პირველ რიგში დიდ მადლობას და მერე ოჯახის წევრებს, რომლებიც თავდაუზოგავად მეხმარებოდნენ შვილების გაზრდაში.

- დღევანდელი გადმოსახედიდან ფაქტია, რომ ოთხ შვილს თქვენს ფიზიკურ ფორმაზე არ უმოქმედია, მაგრამ თავის დროზე თუ გქონდათ ამ მხრივ დაძაბულობა, პრობლემები, თქვენს პროფესიაში ამ საკითხს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება...
- ამ მხრივ ძალიან დამეხმარა გენეტიკა და ფიზიკური დატვირთვა, ფეხმძიმობის პერიოდშიც აქტიური ვიყავი ხოლმე და მაინცდამაინც განსაკუთრებულად არ ვკარგავდი ფორმას. მეტიც, სამშობიაროშივე ვტოვებდი ხოლმე მომატებულ კილოგრამებს.

- ორსულობის რომელ თვემდე აძლევდით თავს უფლებას, მდგარიყავით სცენაზე?
- პირველ ორსულობაზე სცენაზე ოთხ თვემდე ვიდექი, მეორეზე - უფრო ადრე გავედი დეკრეტში, მესამე და მეოთხე ორსულობისას კი - პირველივე თვეებიდან, რადგან ასაკიდან გამომდინარე ვფრთხილობდი და აღარ ვიტვირთებოდი.
mshoblebi
- დასასრულ, მინდა თქვენს საქმიანობაზე გკითხოთ, გარდა იმისა, რომ ცეკვავთ, პედაგოგიური მოღვაწეობაც დაიწყეთ...
- რაც მე ვიცი ზედმიწევნით კარგად, მხოლოდ იმის სწავლების უფლებას ვაძლევ საკუთარ თავს. აქედან გამომდინარე, ჩემს სტუდიაში მყავს მხოლოდ გოგონები 4 წლის ასაკიდან პლუს უსასრულობამდე, ბებიებსაც კი შეუძლიათ ჩემთან ცეკვაზე სიარული და დადიან კიდეც. ვასწავლი არა მხოლოდ ქართულ ცეკვას, არამედ ვახტანგ ჭაბუკიანის სასწავლებლიდან მოყოლებული სახასიათო ცეკვებს, ნინო რამიშვილის კლასიკას, ილიკო სუხიშვილის ახალ სტილს და ახალ მანერას. გარდა ამისა, პიარმენეჯმენტში ვარ ჩართული და მაქვს საავტორო გადაცემაც.
ციცი ომანიძე

ტეგები: თეა დარჩია
18369
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
```