"ნუ მკითხავთ, რატომ ღრიალებს შუა ქუჩაში ჩემი შვილი და რატომ წვება ძირს..." - ერთი ქართველი დედის პოსტი, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა
"ნუ მკითხავთ, რატომ ღრიალებს შუა ქუჩაში ჩემი შვილი და რატომ წვება ძირს..." - ერთი ქართველი დედის პოსტი, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა
მაია შერვაშიძეს, მხიარულ და გონებამახვილ, იდეებით სავსე დედიკოს ჩვენი მკითხველი უკვე იცნობს. მას ფეისბუქზე გვერდი აქვს, სადაც სხვა დედებს ბავშვებთან თამაშის, მათი გართობისა და გახალისების ხერხებს და საშუალებებს უზიარებს (იხილეთ დაწვრილებით). ამჯერად მაიკომ თავისი შვილის რთულ ასაკობრივ ფაზაზე და ბევრი დედისთვის აქტუალურ საკითხებზე დაწერა პოსტი, რომელსაც ძალიან დიდი გამოხმაურება, უამრავი კომენტარი და გაზიარება მოჰყვა. მოუსმინეთ მის გულწრფელ ამოძახილს. ალბათ, ბევრი თქვენგანი დაეთანხმება, ბევრს საკუთარი ამბებიც გაახსენდება, ზოგიერთები კი ცოტა უფრო
ლმობიერად და გაგებით მოეკიდებიან მსგავს შემთხვევებს, როცა ქუჩაში ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში "ჭირვეულ, გაუზრდელ პატარებს" და "მოუქნელ, ურეაქციო დედიკოებს" შეეჩეხებიან (სწორედ ასეთი და სხვა სიტყვებით ამკობენ ხოლმე "გამოცდილი" მშობლები დედებს, რომლებიც ისედაც ღელავენ ამ ყველაფრის გამო).


"აღსარებასავით...
ჩემი ნანა ორწლინახევრისაა, საყვარელი და თბილი ბავშვია. არცთუ ისე რთული გასაზრდელია, დაბადების პირველივე დღიდან ღამე გადაბმულად სძინავს, არაჩვეულებრივი მადა აქვს, თბილი, ტკბილი და ძალიან მხიარული, კისკისა გოგონაა.
მ ა გ რ ა მ....
ჭირვეულობის ფაზამ პიკს მიაღწია. სახლში თუ გარეთ ყველგან ტირის, ყვირის, კივის. იმხელაზე აღებს პირს და "ღრიალებს" (ცოტა უხეში სიტყვაა, მაგრამ ყველაზე კარგად გადმოსცემს ემოციას), რომ გეგონება ქვეყნის დასასრულია. ჭირვეულობის ფაზა ყველა მშობლისთვის და
ბავშვისთვის რთული ფაზაა. ხშირად ვუსვამ საკუთარ თავს შეკითხვას, რას ვაკეთებ არასწორად? რა აწუხებს ბავშვს? როგორ დავიმორჩილო? დავიმორჩილო კი საერთოდ? რა პასუხი გავცე ადამიანებს ქუჩაში, რომლებიც ჩვენი "გაჭედვის" სცენებს შეესწრებიან და სახეს ისე აპუწკავენ, რომ თითქოს საზიზღრობის მომსწრე გახდნენ - უზნეო შვილი და შტერი დედა. გავცე კი საერთოდ პასუხი ასეთებს? მიხვდებიან? იციან, რომ ყველა ბავშვს აქვს ჭირვეულობის ფაზა და ამას არავითარი კავშირი არა აქვს იმასთან, კარგი გაზრდილია თუ ცუდი. ამ დროს პატარები თავის თავს და მათ შესაძლებლობებს ტესტავენ, ასე რომ ვთქვათ. აღმოაჩინეს, რომ პაწაწუნა ძალაუფლებები მათაც აქვთ და სინჯავენ როგორ და რანაირად შეიძლება გამოიყენონ. სწყინთ ადვილად, ბრაზდებიან მალე, ისინიც ხომ თავად გადატვირთულები არიან ამ მოზღვავებული ემოციებით და არ იციან რაშია საქმე, როგორ დაალაგონ ემოციები და გრძნობები. ის რაღაც-რუღაცა სიბრაზეები სად და როგორ დახარჯონ და ა.შ. გარდატეხის ასაკს ჰგავს ყოველი ასეთი ფაზა. დუღს ემოციები.....

ყველგან, სადაც ამის შესახებ ვკითხულობ, გვირჩევენ მაქსიმალურად მომთმენები ვიყოთ და შევეცადოთ გაუგოთ პატარებს, დავეხმაროთ!!!!! გაივლის ფაზა, ფაზა და ხასიათის თვისება ერთმანეთში არ უნდა აგვერიოს. დასჯასთან ამ დროს ფრთხილად უნდა ვიყოთ. ზომიერება, როგორ მიყვარს ეს სიტყვა და რა რთული შესასრულებელია ამ დროს.
გუშინ ვიყავი ნანასთან და ლეგასთან ერთად ბავშვის დაბადების დღეზე... ახლაც კი სუნთქვა ამიჩქარდა, გუშინდელ დღეს რომ ფიქრებით გადავხედე.... ერთ ძალიან დიდ, 2-სართულიან კაფეში იყო წვეულება... ისე კი ცოტა შეუფერებელი ადგილია პატარების მისაწვევად. წინასწარ დაპროგრამებული იყო ნანას "გაჭედვა", ვიცოდი! გავრისკე, არ მინდოდა მასპინძლის წყენინება. ოთხწუთ-ნახევარი გაჩერდა ნანა ერთ ადგილას და მერე დაიწყო ჩემი ოფლიანობა. ჯერ სათითაოდ ყველა კუთხე-კუნჭული მოიარა, მოიარა კი არა და მოირბინა, აქტიური ბავშვია. კიბეებზე 3-ჯერ ავიდა და ჩამოვიდა, ხელს, რა თქმა უნდა, არ მაკიდინებდა, "დიდი გოგოა" და "მე თვითონ"! (რაც ამ ასაკისთვის პირდაპირ დამახასიათებელია და ნორმაა). მამაკაცების ტუალეტშიც კი შეიჭყიტა.

ბოლოს ერთი ხის მაგიდის ქვეშ უნდოდა შეძრომა, რაღაც დაინახა და აღება უნდოდა და იქ დაიწყო ჩვენი თავგადასავალი. გამოვაძვრინე და მშვიდად ვკითხე რა უნდოდა. არც მისმეეეეეენს, გაწვა, რა თქმა უნდა, იმ ქალის ფეხებშივე და დაიწყო მწარე ტირილი, იატაკზე გრეხვა და "ღრიალი". ეს ამჟამინდელი პროგრამის სოლო ნომერია, ყველაზე წარმატებით ამას აკეთებს ამჟამად, ეხეთქება ძირს (ქუჩაშიც) და მოსთქვამს (ღრიალებს უხდება მაინც ყველაზე მეტად ამ სცენას). ავიყვანე ხელში, იწელება და თავს უკან იქნევს, ძლივს ვიჭერ, ძალიან მძიმეა, მე კი ერთი მოცუცქნული 50-კილოიანი დედა ვარ... მალევე მეცლება ძალა ხელიდან და ნერვიდან და იძულებული ვარ "დავდო" ბავშვი ძირს (სხვაგვარად ხელიდან გამივარდება, დაუმორჩილებლად იქნევს ტანს. ვკითხე პედიატრსაც, არ არსებობს ასეთი ნევროლოგიური პრობლემაო, ჩვეულებრივად ჭირვეული ადამიანიაო, გაუძელიო, ჰმ...). შეწუხებული მასპინძლები მოცვივდნენ, სტუმრებიც და გარშემო მყოფნიც ყველა მეკითხებოდა: "რა სჭირს?" "რა უნდა?"


ასევე იხილეთ: ”ვეჩვევი დედობას… ანუ სულ ღია მაქვს თვალები, მაშინაც, როცა მძინავს” - ანუ დედის ლექსიკონი


ო, ღმერთო, ნეტა იმ მომენტში ან მე ან ჩემს შვილს ამაზე პასუხი გვქონდეს... ტირილი და გაქცევა მინდოდა, მეტი არაფერი! მოართვეს ნამცხვარი და იმ წუთას გადავრჩი ტირილს და გაქცევას, ეგრევე გაჩერდა და დაიწყო ჭამა. ირგვლივ ყველა კმაყოფილი იყო, ნანა აღარ ჯღაოდა! მე კი ვიცოდი, რომ წუთები დათვლილი იყო და კაფედან გაქცევის გეგმას ვაწყობდი... ნანამ ნამცხვარი დაამთავრა... დაიწყო მეორე სერია... show time....

ჩავაცვი ქურთუკი, ლეგა მასპინძელს დავუტოვე და მაღაზიაში საწოვარას და წყლის საყიდლად წავედი ნანასთან ერთად. დიახ, დამრჩა ორივე სახლში, ნწ, ნწ,ნწ...
მიდის ნანა თავისი გეგმის მიხედვით და მიმართულებით, მივყვები. შევარდა ტანსაცმლის მაღაზიაში, კარგ ხასიათზე, მხიარულად დარბის და კისკისებს. არ მინდა ჩხუბი... ცოტა ხანი ვიარეთ ასე ტანსაცმელებში, ბოლოს სალაროში შევარდა და გამყიდველის გადაბრიალებული თვალების გამო, რა თქმა უნდა, უკვე დრო იყო ამეყვანა ხელში, რაც ავტომატურად უკვე ნიშნავდა უკან გადაქნეულ თავს, ფეხების გაჭიმვას და ბოლო ხმაზე კივილს...

ასეთ მდგომარეობაში გამოვედით გარეთ, დიდი მოედანია, ყველა ჩვენ გვიყურებდა. სურათი იყო ალბათ ისეთი, რომ ვიღაც ქალი იტაცებს ბავშვს ან რამე მსგავსი უბედურება ხდება. ქუჩის ბოლოდან მოტრიალებული სახეები არ დამავიწყდება... ვატყობ მივარდება ხელიდან, ვჭიდაობთ, ვსვამ ეტლში, ცოტაც და ვატკენ მუცელს, იმხელაზე ვაჭერ... ბოააააა... ახლაც მეტირება, ზღვარზე ვიყავი ტირილის. მივხვდი, რომ ვერ ჩავაჯენ, მაჯობა...
გავუშვი ხელი და ჩასრიალდა ეტლიდან ძირს, დაწვა, დადო თავი და ბოლო ხმაზე ტიროდა (ღრიალებდა), ოღონდ არ მკითხოთ, რატომ... არ ვიცით არც მე, არც ნანამ... ქალბატონმა გამოიარა და გამამხნევა: ეს ფაზაა, თავისის გატანას სწავლობს, აცადეთ, მოთმინება გმართებთ, სხვა ბევრს ვერაფერს იზამთ. მე 5 შვილი მყავსო, მხარზე ხელი დამადო და ღიმილიანი სახით დამემშვიდობა...

ვახ, რა კარგია ამ დროს ასეთი თანადგომა, ცოტა ამოვისუნთქე... ამასობაში ნანაც დაიღალა ტირილით და დედასთან ჩახუტება და დედის ალერსი, დამშვიდება მოუნდა. ავიყვანე ხელში ჩემი პატარა ადამიანი, ჩავეხუტე და ვუთხარი, რომ მიყვარს... გულში კი გავიფიქრე, რომ ამ ფაზასაც გადავლახავთ ისე, რომ ერთმანეთს არ ვატკენთ სულს და მეგობრებად დავრჩებით".
მაია შერვაშიძე
77157
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (26)
Elene
0
Nacnobi situacia.mec mag dgeshi var zustad da garet ver gamyavs magis gamo .
17:59 / 01-04-2019
ერთი საბრალო დედე
6
ჩემი ბიჭებიც სწორედ ასე იქცევიან. თან არ მჭირდება სხვა არავინ შენიშვნის და უარყოფითი კომენტარისთვის. სახლში მიზის დედამთილის სახით
00:44 / 10-03-2019
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?