”და მაინც, მე ვერ გავბედე სხვისი ტვირთი მეტვირთა, შენ კი გაბედე... არ ვიცი, მოგწვდება თუ არა ჩემი ხმა, მაგრამ” ბევრისთვის ცნობილი ბიჭის, გასული იქს-ფაქტორის თანაწამყვანის გიგო შიუკაშვილის დედამ, ქალბატონმა ინგა სარჯველაძემ სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც არის გზავნილი ყველა დედისთვის თუ დედობილისთვის. პოსტს საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოების მხრიდან.
მიმდინარე წლის 6 აპრილს სახალხო დამცველმა გამოაქვეყნა "რეკომენდაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მინდობით აღზრდის სერვისში არსებული პრობლემების შესახებ", სადაც იუწყებოდა ერთ-ერთი მიმღები ოჯახზე, რომელსაც დაუნის სინდრომის მქონე 5 ბავშვი ჰყავს მინდობით აღზრდაში - 2-დან 8 წლამდე ასაკის.
ამავე ოჯახში მყოფი მეექვსე აღსაზრდელის შესახებ, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩვილ ბავშვთა სახლში დააბრუნეს, ომბუდსმენი წერს: "2016 წლის ნოემბერში თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში ჩაირიცხა მინდობით აღზრდის სერვისიდან გამოსული 5 წლის გოგონა. ბავშვი არის დაუნის სინდრომის მქონე. მას აღენიშნება ფიზიკური და გონებრივი განვითარების მკვეთრი ჩამორჩენა. ვერ დადის, ვერ ჯდება. მისი წონა შეადგენს 6 კგ-ს". სწორედ ამ ფაქტს მიუძღვნა ქალბატონმა ინგამ საკუთარი პოსტი.
"მერწმუნეთ, ამის წაკითხვა მშობლისთვის, რომელსაც სახლში ჰყავს დაუნის სინდრომის მქონე შვილი, ძალიან მტკივნეულია, თან ზუსტად იცი, რამდენის მიღწევა შეუძლიათ...
ავბობოქრდით, სახელმწიფოსგან პასუხი მოვითხოვეთ, კიდევ ბევრს გავაკეთებთ, არ გავჩერდებით და შედეგს მაინც მივაღწევთ! მაგრამ... რაღაც მომენტში იმ მშობლის როლიც გავიზიარე, რომელმაც შესაძლოა არც კი იცის, როგორ უნდა მოიქცეს, რაღაცა გამორჩა, ვერ მიხვდა, მეც ვყოფილვარ დაბნეული და უმოქმედო, მხარდაჭერა სჭირდება.
ეს არის გზავნილი ყველა დედისთვის თუ დედობილისთვის, მამისთვის, ოჯახის წევრისა თუ ახლობლისთვის, გავერთიანდეთ, გამოჩნდით, ერთად მარტივია ცვლილებების კეთება", ამბობს ქალბატონი ინგა.
"გამარჯობა, დედა,
რამდენიმე დღეა მიდუღს ყველაფერი და ვფიქრობ, როგორ მოგაწვდინო ხმა და როგორ შევძლო, რომ გნახო, გვერდში დაგიდგე, გაგამხნევო, დაგიყვავო, შეგაყვარო... ბოლოს გადავწყვიტე მომეწერა. არ ვიცი, მოგწვდება თუ არა ჩემი ხმა, მაგრამ იქნებ კეთილმა ადამიანებმა მაინც მოგაწვდინონ.
არ შემიძლია უგუნებელვყო, ან უბრალოდ გავბრაზდე იმ ფაქტებზე, რაც სახალხო დამცველის ანგარიშში ამოვიკითხე, არ შემიძლია მხოლოდ სამინისტროს ან სააგენტოს შევება და ფუნდამენტურ ცვლილებებზე ვიმსჯელო, ვაკრიტიკო მინდობით აღზრდის კონტროლის სისტემა და ბოღმა კონკრეტულ ადამიანებზე ვანთხიო, როცა წარმომიდგენია 5 ბავშვი, რომლებიც შენს სახლში იზრდებიან, იძინებენ, იღვიძებენ, ჭამენ, თავის ენაზე ტიტინებენ, გიღიმიან და ტირიან. ისინი შენი შვილობილები არიან და არაფრით არ მინდა დავიჯერო, რომ შენ მათთვის ცუდი გინდა, ან ავად ყოფნისთვის გემეტება, ან ფულის მახეა მხოლოდ.
რატომ მაინცდამაინც ამ ბავშვებს ვიცავ, ვისაც დაუნის სინდრომი აქვს და არა სხვებს? მეც ხომ დედა ვარ, მეც მყავს შვილი დაუნის სინდრომით და ჩემი ვაჟის შემხედვარე ეს დღეები სულ ამ პაწიების თვალები მელანდება. ისინი ხომ სწორედ ამ დიაგნოზის გამო გაწირეს მისმა ბიოლოგიურმა მშობლებმა, დატოვეს ღვთის ანაბარა და ცოტა მოგვიანებით, შენ გადაწყვიტე მათი დედობილი გამხდარიყავი, ის ზრუნვა და სითბო მიგეცა მათთვის, რაც მათმა დედამ უარყო, ალბათ ვერც კი აანალიზებდა, რამხელა რამეზე ამბობდა უარს. შენ გადაწყვიტე ამხელა საქმე გეტვირთა და ყოჩაღ შენს ვაჟკაცობას! 6 ერთად! მე ვერ გავრისკავდი, შენ გარისკე და შენს სახლში წაიყვანე, მეორე შანსი მიეცი მათ ცხოვრებაში...
იცი, ათეული წლების წინ ჩვილ ბავშვთა სახლში რომ ვიყავი, არცერთი1 წლის ასაკის დაუნის სინდრომით ბავშვი არ ყავდათ და რა მითხრა იქაურმა თანამშრომლებმა? ჩვენ ამას უდედობის სინდრომს ვეძახით, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები ვერ ძლებენ დედის ზრუნვის გარეშე, როგორც არ უნდა მოვუაროთ და წლამდე იშვიათად ატანენ აქო. შოკის მომგვრელი იყო ეს ინფორმაცია, სახლში მისული ჩემს შვილს ისე ძლიერად ვიხუტებდი, ბავშვმა ტირილი დაიწყო.
და მაინც, მე ვერ გავბედე სხვისი ტვირთი მეტვირთა, შენ კი გაბედე, მე გარე-გარე დავდიოდი და ვცდილობდი, ვითომ მათი უფლებების დასაცავად მებრძოლა, შენ კი ისინი სახლში წაიყვანე და მათზე ზრუნვა დაიწყე, თუნდაც არა იდეალურად, ისე ვერ გამოგდის როგორც საჭიროა, იქნებ ყოველთვის არ იცი როდის რა ჭირდებათ, ან ხანდახან ვერ ხვდები მათ უძლურებას ან უგუნობოდ ყოფნის მიზეზს, მაგრამ ჩვენს შორის შენ გააკეთე ეს არჩევანი და არა მე. თხოვნა მაქვს, მომიშვი შენთან რომ გვერდში დაგიდგე, მარტო ვერ აუხვალ, მე ვიცი ეს რამხელა შრომაა, ჩემი ვაჟი უკვე 21 წლისაა. როგორც შემეძლება გაგაძლიერებ, იცი რამხელა თანადგომა შეუძლია სხვა მშობელს? იცი როგორ ძლიერად მიდგანან გვერდში დედები? ქცევა როდის განუვითარო, მოაშლევინო, გაააქტიურო, მიაჩვიო ტუალეტს, ჭამას, ლაპარაკს, რა არის დაგვიანებული, რა ნორმა, როდის გაიარა, დაიძახა, გადაეჩვია ჩარტყმას... რა ვიცი, ეს ხომ მთელი მეცნიერებაა, მთელი ცხოვრებაა...
გთხოვ, შემეხმიანე, არ მინდა დავიჯერო, რომ არ გინდა შენი შვილობილების უკეთ ყოფნა, მე იმ პაწიაზეც ძაან ვდარდობ, ბავშვთა სახლში რომ დააბრუნეს და მოგაშორეს. იქნებ ერთად მეტი შევძლოთ, დაგეხმაროთ თითოეული მათგანის საუკეთესო ინტერესის შეცნობაში, მხარი დაგიჭიროთ... ჩვენ ხომ ყველას ერთი რამ გვინდა, ეს პატარები ოჯახში ჟღურტულებდნენ და ათბობდნენ სამყაროს თავისი არსებობით".
მერი ბლიაძე