ეს წერილი ძალიან ბევრი დედის გულისტკივილს ასახავს, მათი, ვინც ყოველდღე მუშაობს და ენატრება თავისი შვილი, რომელიც დედის გარეშე დგამს პირველ ნაბიჯებს ცხოვრებაში ეს ამბავი ერთმა დედამ გვიამბო - გაგვანდო თავისი გულისტკივილი ყველას. ის ალბათ ძალიან ბევრი დედის გულისტკივილს გამოხატავს... ერთად ვიმსჯელოთ და გავამხნევოთ ვარსკვლავთბიჭუნას დედიკო.
"მინდა მოგიყვეთ ჩემს ბიჭზე და ჩემს გულისტკივილზე. ჩემი ბიჭი რომ გაჩნდა, მაშინ მიეცა აზრი ჩემს ცხოვრებას! მაგრამ 3 თვისაც არ იყო, რომ დავტოვე და სამსახურში გავედი (სამწუხაროდ სხვანაირად არ ხერხდებოდა). და მას შემდეგ ასე იზრდება - უჩემოდ. 3 წლის არის უკვე და დღემდე 2-3 საათს ვატარებთ ერთად. უჩემოდ ისწავლა თითქმის ყველაფერი. ყველაფერმა მნიშვნელოვანმა "პირველმა", რაც ერთად უნდა გაგვევლო, უჩემოდ ჩაიარა. პირველი კიჭები, პირველი სიტყვები, პირველი ნაბიჯები, პირველი მისი სიმღერის მცდელობა, პირველი ლექსი, პირველი ხილის და კერძის დაგემოვნება... მტკივა ყველაფერი "პირველი", უჩემოდ! მტკივა ყოველი მისი ცუდად ყოფნის დღეები, როცა ავად იყო და მასთან არ ვიყავი, როცა სხვა ასმევდა წამალს, როცა სხვა ეფერებოდა, როცა დედა უნდოდა და მე მასთან არ ვიყავი...
ეს იყო ასე და ასეა დღემდე და ყველაზე მტკივნეული სწორედ ეგ არის, რომ ვერაფერს ცვლი. რომ ისევ ისე გტანჯავს მონატრება. რომ ისევ ყურებში ჩაგესმის ტირილის ხმა (სულ მგონია, რომ ვინმე ჩაგრავს ან რაღაც სტკივა და ტირის). ფიქრები, როგორ არის? როგორ ჭამა, ან საერთოდ ჭამა თუ არა (უჭმელია ძალიან და ეს ცალკე პრობლემაა). თხლად ხომ არ აცვია, ან პირიქით... ბევრი არ ირბინოს და არ გაოფლიანდეს...
რეკავ... რეკავ სუულ, განუწყვეტლივ, ყველაფერი ნორმალურადაა. მაგრამ შენ მაინც ვერ ისვენებ, გგონია, რაღაც დააკლეს, რაღაცა ისე ვერ გაუკეთეს, როგორც შენ გააკეთებდი. გგონია დაუყვირეს უხეშად, აწყენინეს, ან უცებ წაიქცა და ამ დროს შენ ვერ წამოაყენე, შენ ვერ ჩაიკრავ გულში და ვერ დაამშვიდებ. საშინელეებაა.... ელოდები დაღამებას, რომ მალე გაიქცე სახლში, დრო არ გადის, იწელება უსაშველოდ. ძალიან გეჩქარება შვილთან ჩახუტება... მიხვალ სახში და როგორც კი სახლის კარებს შეაღებ, მორბიიის... მოგეკრობააა... ვაიმეეეე... აი, ეს არის ბედნიერება, ყველაზე დიდი ბედნიერება, გრძნობ, სულში სითბო როგორ გეღვრება. ბედნიერი ხარ... კოცნი უსაშველოდ და ეხუტები შემაწუხებლად შენს პატარა არსებას... და ბედნიერი ხარ.
უფალს მადლობას ვუხდი ამისთვის, ამ ბედნიერებისთვის... მაგრამ დღე მთავრდება და ახალი დღე იწყება, ისევ ისეთი, ყველა სხვა დღეს რომ ჰგავს - სამსახური, დაღლა, უსაშველო მონატრება შვილის... და მე დავიღალე... შენთან მინდა, ჩემო პატარა ბიჭო. არ ვიცი, რა გითხრა, როცა გაიზრდები და მკითხავ, რატომ მტოვებდი დედიკო ყოველდღეო? რა გიპასუხო? შენთვის საჭმელი და სათამაშოები რომ მეყიდა-თქო? არც ერთი პასუხი არ მგონია, იყოს მართალი, არც ერთი ახსნა მგონია ისეთი, უჩემოდ ყოფნას რომ გაგაგებინებს... დე, მაპატიე უჩემოდ გატარებული ყოველი დღე... მიყვარხარ და ვარსებობ შენთვის, ჩემო ვარსკვლავბიჭუნა".