წერილი, რომელმაც უამრავ ადამიანს აუჩუყა გული და ათასობით გაზიარება მოჰყვა ვაშინგტონში, დეროზიეების ოჯახში 3 ივლისს მოხდა ტრაგედია. პატარა სლოანის დედა, ჯორდან დეროზიე, დილით ბავშვის ოთახში რომ შევიდა, აღმოაჩინა, რომ ბავშვი მკვდარი იყო - თხელ საბანში გაეხვია და გაიგუდა...
როცა მან თავისი დიდი ტრაგედიის შესახებ ფეისბუქზე ამცნო საზოგადოებას, მათ შორის, ვინც კომენტარებს წერდა, აცრის მოწინააღმდეგენიც გამოჩნდნენ და დაწერეს, თითქოს სლოანი აცრის შემდეგ გარდაიცვალა. ამიტომაც ჯორდანს მოუწია, ბავშვის გარდაცვალების ნამდვილი მიზეზის შესახებაც ემცნო საზოგადოებისთვის და სხვა მშობლებიც გაეფრთხილებინა.
"თავდაპირველად არ მინდოდა, დეტალურად მომეყოლა სლოანის გარდაცვალების გარემოებებზე, რადგან მეტისმეტად დიდია ჩემში დანაშაულის განცდა და ასევე შიში, რომ გამკიცხავენ... მაგრამ არავის მივცემ უფლებას, იმას დააბრალოს ეს ყველაფერი, რასაც არავითარი კავშირი არ აქვს ჩემი შვილის გარდაცვალებასთამ".
ჯორდანის თქმით, ვაჟს ყოველთვის აწვენდა ბავშვის ოთახში, ორი თხელი საბნით - ერთს ზედ აფარებდა, მეორეს კი გულში იხუტებდა ბავშვი - ასე იყო დაჩვეული დაბადებიდან. როცა სლოანი იპოვეს, თავზე ჰქონდა შემოხვეული სწორედ ის მეორე საბანი. მან როგორღაც მოახერხა საბნის გაჩხერა საწოლის რიკულებში, საბანი გაიჭედა და ბავშვი გაიგუდა.
"არასდროს ვფიქრობთ იმაზე, რომ ეს შეიძლება ჩვენ დაგვემართოს. არასდროს ვფიქრობთ, რომ ეს შეიძლება ჩვენი შვილი იყოს. გთხოვთ, არასდროს დააწვინოთ ბავშვი საწოლში ასე... გთხოვთ... ის 7 თვის იყო და მეგონა, რაკი ხოხვა იცოდა, დამოუკიდებლად ფეხზე წამოდგომა და ა.შ., საბანი და მარტო ძილი არ წარმოადგენდა მისთვის არანაირ საფრთხეს. ახლა კი, როცა ასეთი ტრაგედიის პირისპირ აღმოვჩნდი, დანაშაულის განცდა მიპობს გულს. არასდროს შევწყვეტ საკუთარი თავის დადანაშაულებას მომხდარში. დარჩენილი ცხოვრება ამ დანაშაულით უნდა ვიცხოვრო. გთხოვთ, ისწავლეთ ჩემს საშინელ, გამოუსწორებელ შეცდომაზე", - წერს ჯორდანი.
პოსტს 20 ათასზე მეტი მოწონება, 16 ათასზე მეტი გაზიარება და კომენტარი მოჰყვა. ბევრმა დაწერა, რომ თავადაც არაერთხელ სრულიად შემთხვევით აუცილებიათ თავიდან უბედურება და დედას სთხოვდნენ, არ დაედანაშაულებინა საკუთარი თავი. ზოგიერთი მას ადანაშაულებდა იმაში, რომ ასე პატარა ცალკე ოთახში არ უნდა წოლილიყო, ან თუ იწვა, მასთან ღამის განმავლობაში ხშირად უნდა შეეკითხათ და ემოწმებინათ... ზოგიერთმა სხვა უბედური შემთხვევებიც გაიხსენა, თუ როგორ გაიგუდა ბავშვი, რომელსაც დედა მწოლიარე აწოვებდა ძუძუს, ჩაეძინა და ჩვილი ქვეშ მოიქცია და ა.შ. და ა.შ. სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევებისგან დაზღვეული არავინაა, უბრალოდ დედებმა ერთმანეთისგან უნდა ისწავლონ, დაეკითხონ რჩევებს ექიმებს, სიფრთხილის ყველა შესაძლო ზომა მიიღონ და ასე გაცილებით მშვიდად იქნებიან.