მასთან კონტრაქტების გაფორმებას უმსხვილესი მუსიკალური კომპანიები ცდილობენ 26 წლის ამერიკელი ქალი ერთ საათში გახდა ცნობილი ბავშვისთვის ნამღერი სიმღერით. ახალგაზრდა ამერიკელის კიმბერლი ჰანდერსონის ამბავი კონკიას ამბავს ჰგავს. რამდენიმე თვის წინ ოთხი შვილის მარტოხელა დედის შესახებ ცოტამ თუ იცოდა. ახლა კი მასთან კონტრაქტების გაფორმებას უმსხვილესი მუსიკალური კომპანიები ცდილობენ, მასზე წერენ მოდური ჟურნალები და იწვევენ სხვადასხვა შოუში.
კიმბერლი თავადაც მრავალშვილიანი ოჯახიდან არის, ოღონდ, მას და მის ხუთ და-ძმას მხოლოდ მამა ზრდიდა. კიმბერლი 16 წლის იყო, როცა დაორსულდა და პირველი შვილი გააჩინა. მერე კიდევ ერთი გოგონა გაუჩნდა, მას კიდევ ქალ-ვაჟი მიაყოლა. ამბობს, რომ ბოლო ორსულობა არ დაუგეგმავს, თუმცა აბორტი ვერ გაბედა და არც ნანობს.
მისი უმცროსი გოგონა, ვაიდა, კარგი მუსიკალური სმენით გამოირჩევა. კიმბერლის თქმით, ბავშვობიდან არ იძინებდა უბრალო ძილისპირულებზე, ყოველთვის ითხოვდა ნამდვილ "მოზრდილთა" სიმღერებს. დედა უმღეროდა უიტნი ჰიუსტონის, მერაია კერის და სხვა საყვარელი მომღერლების ჰიტებს. ერთ დღესაც, 2014 წლის დეკემბერში, ვაიდამ შუა ღამისას გაიღვიძა და არაფრით არ იძინებდა. კიმბერლიმ უმღერა, თან ეს ტელეფონზე ჩაწერა და დის თხოვნით, ვიდეო "იუთუბზე" ატვირთა.
კიმბერლისთვის მოულოდნელად, ვიდეო ძალიან პოპულარული გახდა და რამდენიმე დღეში 1,5 მლნ ადამიანმა ნახა. მისი ხმა, შესრულების მანერა ყველას მოეწონა. გაირკვა, რომ 15 წლიდან თავადაც წერდა სიმღერებს, თუმცა ეს მხოლოდ მისმა ახლობლებმა იცოდნენ.
ვაიდასთვის ნამღერმა ძილისპირულმა კიმბერლის ცხოვრება მთლიანად შეცვალა. რამდენიმე კომპანიამ უკვე სოლიდური თანხებიც გადაუხადა და საკუთარი სიმღერის ჩაწერაც დაუფინანსა. მას სინგლად ჩააწერინეს სიმღერა Tiny Hearts ("პაწაწინა გულები"), რომელიც მიეძღვნა ყველა მარტოხელა დედას.