ამით საკუთარ შვილს დათვურ სამსახურს გაუწევთ, ის ვერასდროს გაიზრდება და ვერ ჩამოყალიბდება მშობლად - პედიატრის რჩევები ბებიებს ეს გახლავთ უკრაინელი პედიატრის შეხედულებები და პედიატრის თვალით დანახული ბებიის სოციალური გავლენა.
იმას, რასაც ავტორი ბებიებზე საუბრობს, ავტომატურად გულისხმობს პაპებზეც. მაგრამ საქმე ისაა, რომ ბებია პაპასთან შედარებით გაცილებით ემოციური და ბევრად აქტიურია. პედიატრის გამოცდილებამ აჩვენა, რომ საუბრის რაოდენობა ბებიასთან 20-ჯერ აღემატება პაპასთან საუბრის რაოდენობას.
აქტიური ბებო
ბებიის მონაწილეობის გამორიცხვა ბავშვის აღზრდის საკითხში, რა თქმა უნდა შეუძლებელია. ეს მით უფრო შეუძლებელია, რომ ახალგაზრდა წყვილთა უმრავლესობას სხვათა დახმარების გარეშე არ შეუძლია ბავშვის მოვლა და აღზრდა. ახალგაზრდა წყვილებს არ აქვთ საშუალება იცხოვრონ ისე, როგორც სრულფასოვანმა ოჯახმა. სოციალური თუ სხვა პრობლემების გამო ოჯახები ხშირად ცხოვრობენ ერთად - ახალგაზრდა წყვილი დედამთილ-მამამთილთან ან სიდედრ-სიმამრთან იზიარებს ჭერს.
ბავშვის მოვლის პროცესში ყოველთვის საჭიროა საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღება. ახალგზარდა დედ-მამას ხშირად ეშინია ან არ უნდა პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. მით უმეტეს, რომ მზად არიან ადამიანები, ბებიები, რომლებიც გადაწყვეტილებას მათ მაგივრად მიიღებენ.
ხშირად, როდესაც პატარა ჩნდება, დედა და მამა თავად არ არიან ჩამოყალიბებულები და ბოლომდე გაზრდილები. მათ ძალიან უნდათ სეირნობა, ცეკვა, თამაში. ბავშვი ხელს უშლის მათ დროის ხალისიანად გატარებაში. ბებიების დახმარება კი მათ აძლევთ შესაძლებლობას ახალგაზრდობის წლები დარდში არ გაატარონ. ან დედ-მამა ძირითად დროს სამსახურში ატარებს და ბავშვი პრაქტიკულად ბებიასთან იზრდება. ორივე შემთხვევაში, უნდათ თუ არა ეს მშობლებს, პასუხისმგებლობისა და გადაწყვეტილებებიც მიღების უფლებებიც ავტომატურად გადადის ბებიაზე.
ცუდია ეს თუ კარგი?
წლების განმავლობაში სტატიის ავტორს უწევდა ურთიერთობა ბებიებთან. დასკვნა კი ერთმნიშვნელოვანია: ბებიის გავლენის გარეშე თითქმის შეუძლებელია ბავშვების ნორმალურად მოვლა და აღზრდა.
აღზრდის პროცესში ბებიის მონაწილეობის მთავარ პრობლემას წარმოადგენს საკუთრების შეგრძნება ბავშვების მიმართ. ბებიები გრძნობენ ძალას, სურვილს და უნდათ დახმარება. მაგრამ გულის სიღრმეში ისინი აცნობიერებენ, რომ ეს მათი ბავშვი არ არის.
ეძალებათ ეგოიზმის გრძნობა და ფიქრობენ, რომ მშობელი მას არასწორად გაზრდის და რამეს დააკლებს თავისი გამოუცდელობით.
გასაკვირი არ არის, რომ ბებიის აღზრდის მეთოდები გამოირჩევა ზეაღმატებული ზრუნვის ხარისხით. აქ, რა თქმა უნდა, საუბარიც არ არის ბავშვის ფეხშველა სიარულზე, გაკაჟებაზე, ცივ ამინდში გარეთ სეირნობაზე.
თუ ორი თაობის წარმომადგენელი ერთდროული მონაწილეობს ბავშვის აღზრდის პროცესში, ეს მთელ რიგ გაურკვევლობას, პრობლემას და ხშირ შემთხვევაში სერიოზულ კონფლიქტსაც იწვევს.
სიტყვა - "დედაშენი" უფრო და უფრო ხშირად იხმარება ახალგაზრდა ცოლ-ქმრის საუბარში. "დედაშენთან ერთად ცხოვრება არ მინდა" - ეს კი ხანდახან საბოლოო აკროდია. ასეთი კონფლიქტის თავიდან აცილება შესაძლებელია. ამისთვის ბავშვის აღმზრდელობითი პროცესის მონაწილეებმა უნდა განსაზღვრონ პასუხისმგებლობის და საკუთრების ცნებები.
ძვირფასო ბებიებო! მოიკრიბეთ ძალა და ბოლომდე წაიკითხეთ ეს სტატია
მთავარი, რაც თქვენ ახალგაზრდებისგან განგასხვავებთ, არის გამოცდილება. მათ ბევრი რამ ელოდებათ წინ. თქვენ კი თქვენი შვილი კეთილსინდისიერად გაზარდეთ. მათ უკვე შექმნეს ოჯახი. თქვენი განვლილი გზიდან გამომდინარე იცით, როგორ უნდა მოექცეთ პატარას. იყო თქვნი გზა ადვილი? გაიხსენეთ, ყოველთვის ეთანხმებოდით დედას? დარწმუნებული ხართ, რომ თქვენი გამოცდილებიდან გამომდიანრე შეგიძლიათ მიიღოთ გადაწყვეტილება მშობლების მაგივრად?
თქვენ გასწავლიდნენ, რომ ბავშვი ზეწარში უნდა გაგეკოჭათ. თქვენც თავდაჯერებულად უკრავდით მას ხელფეხს იმიტომ, რომ ასე იყო საჭირო. რატომ? განა არსებობს ქვეყანაზე ერთი ცოცხალი არსება მაინც, რომელიც საკუთარ შვილს მოძრაობის საშუალებას არ აძლევდეს? თქვენ გასწავლიდნენ, რომ ბავშვს ღამე არ უნდა ეჭამა? რატომ? სად წერია, რომ დედას ჰქონდეს რძე და ბავშვი შიმშილის გამო ტიროდეს. თქვენთვის იდეალური სილამაზის ბავშვი - სიმსუქნის აშკარა ნიშნებით და ალერგიული წითელი ლოყებით, ალბათ ძალიან მოგწონთ.
თქვენ მზად ხარ ყველაფრისთვის, რათა დაიცვათ თქვენი შვილიშვილი, რადგან დარწმუნებული ხართ მის სისუსტეში, ცხოვრებისთვის ჯერ მზად არყოფნაში. ცხოვრება ძალიან შეიცვალა. ის, რაც ადრე სწორი იყო, ახლა მართლაც რომ უაზრო გახდა.
ჩემი პროფესიიდან გამომდინარე იმდენ ბებიას შევხვდი თავისი პედაგოგიური დარიგებებით, რომ ხანდახან შეიძლება თმები ყალყზე დამდგომოდა. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ბავშვები, რომლებიც სახლში ბებიასთან ერთად ცხოვრობენ საავადმყოფოში უფრო ხშირად ხვდებიან. იქ, სადაც ბავშვს აძალებენ საჭმელს, უკრძალავენ იატაკზე ფეხშიშველა სიარულს, ცივი წყლის დალევას და ა.შ., უფრო ხშირად ხდებიან ავად.
მთავარი წესები
*არასდროს მიიღოთ გადაწყვეტილება ბავშვის ცხოვრების წესთან დაკავშირებით, მით უმეტეს თავს არ მოახვიოთ ეს გადაწყვეტილება ბავშვის მშობლებს.
*პასუხისმგებლობას ბავშვის ბედნიერებასა და ჯანმრთელობაზე იღებენ მხოლოდ დედა და მამა. თქვენ ამას უნდა შეეგუოთ. როგორც არ უნდა გინდოდეთ, არავითარი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე არ აიღოთ.
ეს არ არის უმოქმედობა და თვალის დახუჭვა - ეს არის ერთადერთ ყველაზე სწორი გზა ოჯახში სიმშვიდის და სიწყნარის შესანარჩუნებლად.
*თუ გაქვთ სურვილი და დრო, რომ მოეხმაროთ, ეცადეთ მოეხმაროთ პასიურად, ისე, რომ პრინციპული გადაწყვეტილებების მიღება არ იყოს საჭირო. თქვენ მზად ხართ ჩააცვათ ბავშვს? გითხრან მშობლებმა, რა ჩააცვათ. მზად ხართ აჭამოთ პატარას? გითხრან მშობლებმა, რა ტემპერატურის, რა საჭმელი, როგორ აჭამოთ.
ასეთ შემთხვევაში დედა და მამა იძულებული იქნებიან, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ როლს. რამე წაიკითხონ - ინტერნეტი სავსეა სასარგებლო ინფორმაციით. მათ უნდა იგრძნონ პასუხისმგებლობა, უნდა იგრძნონ, რომ მშობლები არიან. თუ თქვენ საკუთარ თავზე აიღებთ ყველაფერს, ჩათვალეთ, რომ ამით საკუთარ შვილს დათვურ სამსახურს გაუწევთ, ის ვერასდროს გაიზრდება და ვერ ჩამოყალიბდება მშობლად.
*თქვენ კი შეგიძლიათ, ძალიან დაეხმაროთ მათ. მაგალითად გააუთოვოთ, გარეცხოთ, სახლი დაალაგოთ, მოამზადოთ საჭმელი, წახვიდეთ მაღაზიაში. თქვენი დახმარება - საჩუქარია.
*არასდროს არ დაამადლოთ და არ შეახსენოთ თქვენი კეთილი საქმეების შესახებ. ამას ჯობია საერთოდ არაფერი გააკეთოთ.
*შესაძლებელია ახალდაქორწინებულებმა თავად გადმოგაბარონ ბავშვი მოსავლელად. ამ შემთხვევაში კი თქვენ ისევ დედა გახდებით.
გახსოვდეთ ხალხური სიბრძნე, კაცი თავია, ხოლო ცოლი - კისერი. თქვენ ხომ მშვენივარდ გესმით, გონიერი ქალი არასდროს დაანახებს ქმარს, რომ ქალია უფროსი. თაობათა კონფლიქტის სიტუაცია ბავშვის აღზრდის პროცესში ანალოგიურია. ბებიად ყოფნის ხელოვნება მდგომარეობს იმაში, რომ შეუქმნა ბიოლოგიურ დედას და მამას ილუზია, რომ ისინი არიან ნამდვილი, სრულფასოვანი მშობლები.
მოამზადა სალომე გორგოშიძემ