ერთადერთი პრობლემა იყო პამპერსის დიდი შეკვრა, რომელიც დიდ ადგილს იკავებდა საბარგულში 9 წლის წინ, თაფლობის თვეში ზღვაზე ჩამოსულ ცოლ-ქმარს, ნინო ხუნდაძეს და პაატა ბერიკიშვილს ბათუმიდან თბილისში დაბრუნება აღარ მოუნდათ. მათ მოულოდნელად გადაწყვიტეს, ველოსიპედებით წასულიყვნენ სამოგზაუროდ.
ერთი ველოსიპედი ბათუმში სთხოვეს მეგობარს, საკუთარიც გამოაგზავნინეს თბილისიდან ახლობელს და მოგზაურობა თურქეთიდან დაიწყეს. წინასწარ დაუგეგმავი გზა ევროპამდე გაგრძელდა და წყვილი უკვე ცხრა წელია მოგზაურობს. დაბრუნდნენ, როცა მათი პატარა შვილი, ლუკა უნდა დაბადებულიყო. ცოტა დრო რომ გავიდა, რვა თვის ბიჭიც წაიყვანეს თან და პატარასთან ერთად განაგრძეს გზა.
თავიდან მხოლოდ ალუმინის მსუბუქი, მომცრო სამხედრო ჭურჭელი, წყლის მათარა, გიტარა, ჰარმონიკა, ტანსაცმელი და კარავი წაიღეს. გზის დასაწყისშივე მიხვდნენ, რომ ველოსიპედით მოგზაურობის მთავარი წესი ბარგის წონისა და მოცულობის მინიმუმამდე შემცირებაა, ამიტომაც გზადაგზა მოიშორეს ყველა ზედმეტი მაისურიც კი. მოგზაურობა 20 დოლარით დაიწყეს, ეს თანხა პაატამ თურქეთში, ბარში დაკვრით გამოიმუშავა.
მოგზაურობის ყველაზე მთავარი ატრიბუტი ველოსიპედის შემდეგ გიტარა და ჰარმონიკაა – პაატა ყველა ქალაქში ჩასვლისას ადგილობრივ კლუბებში, კაფეებსა და ქუჩებში უკრავს – მუსიკოსია. ნინო მხატვარია, ხელნაკეთ სამკაულებს ამზადებს. საჭირო ფულს ასე გამოიმუშავებენ. საკვების მარაგი თან არასოდეს დააქვთ. მხოლოდ მაშინ ყიდულობენ საჭმელს, როცა შივდებათ და იმდენს, რომ ერთ ჯერზე ეყოთ.
წყვილი დღეში საშუალოდ 80 დან 140 კილომეტრს გადის, იმის მიხედვით თუ როგორი რელიეფის გავლა უწევთ, ვაკის თუ მთაგორიანის. ღამეს კარავში ათევენ, თუმცა, როგორც პაატა ამბობს, ყოველთვის უამრავი ადამიანი ეპატიჟებათ შინ, არის დღეები, როცა წვიმასა და თოვლში უხდებათ კარავში ღამისთევა.
გზის ამბები
პაატა მოგზაურობის დასაწყისს, თურქეთს იხსენებს: "რიზეში, საშინელ წვიმაში გავშალეთ კარავი შუაღამისას, ყველაფერი დაგვისველდა, 4 საათის განმავლობაში ვეფარებოდი აპარატურას, რომ არ დასველებულიყო. დილით აღმოვაჩინეთ – კარავი გუბეში ცურავდა.
უცნობები ხშირად გვეპატიჟებიან შინ. ყველა სამსახურში დადის. დღე ყველას დაგეგმილი აქვს. შეჩვეულები არიან ყოველდღიურ რუტინას და ეგზოტიკური არსებებივით გვიყურებენ ველოსიპედით მოგზაურებს, იციან, რომ არცერთი დღე ერთმანეთს არ გავს ჩვენთვის და ხანდახან მიგრძვნია – შემოგვნატრიან. ყველა მზადაა დაგვეხმაროს, შეგვიფაროს, დაგვაპუროს. ხანდახან იმდენხანს დავუტოვებივართ უცნობებს საკუთარ ჭერქვეშ, კარავი მოგვნატრებია და მიფიქრია, დამანებეთ თავი, ღია ცის ქვეშ ღამის გათევა მომენატრა მეთქი. ველოსიპედით მოგზაური ბევრი მეგობარი გვყავს, მაგრამ ოჯახით მოგზაური ველოსიპედისტები არ შეგვხვედრია".
ამბობს, რომ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად მოგზაურობა ბევრს შეუძლებლად მიაჩნია, თუმცა, როგორც პაატა ამბობს, ერთადერთი პრობლემა, რაც პატარა ლუკასთან ერთად მოგზაურობისას ჰქონდათ იყო პამპერსის დიდი შეკვრა, რომელიც დიდ ადგილს იკავებდა საბარგულში. ლუკა ახლა ექვსი წლისაა და მამას კარვის გაშლაშიც კი ეხმარება ხოლმე.
პატარა ლუკა დედ-მამას კარვის გაშლაშიც კი ეხმარება ხოლმე
მოგზაურობისას ინტერნეტთან წვდომა არ აქვთ. თან ერთადერთ ძველ ტელეფონს ატარებენ, სადმე დარეკვა რომ დასჭირდეთ.
ასე მოიარეს თურქეთი, საბერძნეთი, იტალია, საფრანგეთი, ბელგია, ლუქსემბურგი და გერმანია.
იხილეთ სრულად