ეს მოთხრობა რეალურ ამბებს ეფუძნება ეს მოთხრობა რეალურ ამბებს ეფუძნება. მისი მთავარი გმირებიც რეალურად არსებული პიროვნებები არიან და დღესაც ცხოვრობენ ჩვენ გვერდით.
„მართლა მაგარი გოგოაო!“ - ასე უთხრა მამამ დედას, როცა პირველად ნახა თავისი უმცროსი ძმის მომავალი ცოლი, ანუ ჩემი მომავალი ბიცოლა... მართლა მაგარი გოგო იყო, ნამდვილი სვანის ქალი. სახელიც ისეთი ერქვა... ლამზირა. ლამზირა სვანურად სალოცავს ნიშნავს...
მუქი წაბლისფერი თმა, სქელი ნაწნავით, წელამდე სწვდებოდა. ნუშივით გრძელი თვალები ჰქონდა, მართლა ნუშივით გრძელი და ნუშისფერი. ისეთი მხიარული და უდარდელი იყო... დედის ერთა, დედისა და მამის ნებიერა. იმნაირი გიჟმაჟი და მხიარული მზერით შემოგხედავდა, იფიქრებდი, აქამდე არაფერი სადარდებელი არ შეხვედრიაო. ფანდურს უკრავდა თავისებურად, მხიარულად, გიჟმაჟურად. მარტო ისე კი არა, ტრადიციულად. არა! ზურგსუკან გადაიდებდა და ჩამოჰკრავდა. ერთი სიამოვნება იყო იმის მოსმენა.
არც საქმრო ყოფილა ნაკლები - ისიც ნამდვილი სვანის ბიჭი, მაღალი, ახოვანი, ბრგე, ცისფერი თვალებით და მუქი ფერფლისფერი თმით...
ტრადიციულად იქორწინეს, დიდი სუფრით, სადღეგრძელოებით, ცხელ-ცხელი კუბდრებით და ცივ-ცივი სულგუნით, „შინა-ვორგილითა“ და „ო-ლილეთი“.
ოჯახში თითქოს ახალი სიცოცხლე შემოიტანა 19 წლის ლამზირამ. სულ სხვა ფერხულში ჩააბა, გაახალისა მოხუცი დედამთილიც, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაქვრივებულიყო და აქამდე შავები ეცვა. ნაბოლარა შვილის ქორწილში მოიხადა შავი თავსაფარი და ჭრელი დაიხურა. მას მერე აღარც მოუხსნია...
პირველივე დარდი ისეთი მეხისოდენა შეხვდა ლამზირას, ამ მხიარული გოგოს ჯერარშემდრკალი გული რომ გაუძლებდა მხოლოდ...
ორი ვაჟის მერე ქალიშვილი შეეძინა. ზამთრის ერთ ცივ და სუსხიან დღეს სვანური ღუმელი გაახურეს, ქვაბები გააცხელეს და ჯერ ორი უფროსი ბიჭი აბანავა, მერე პაწია გოგონას მომზადებას შეუდგა... ორი წლის ზურიკო, შავთვალება და დედასავით მუდამ მოღიმარი, ცხელი წყლით სავსე ერთ-ერთ ქვაბს მიადგა და... ორი კვირა ებრძოდა სიკვდილს... ისიც და მთელი მისი დიდი ოჯახობაც... ძნელია, სიკვდილს ომი მოუგო, მით უმეტეს, ასე პატარამ... დამარცხდნენ...
შეიმოსა თალხით ახალგაზრდა დედ-მამა. მამას პირველად გაუჩნდა ცისფერ თვალებში მოუშორებელი მამობრივი ნაღველი და სევდა, დედის მხიარულ სახეს პირველად მოსცილდა ღიმილი... დიდი ხნით...
რამდენიმე წელს გაძლეს ბაბუას ძველ სახლში, ცივ, მკაცრ კედლებში, ძველი მურყვამი რომ ედგა გვერდში. როცა ლამზირამ მეზობლებში იმის მოყოლა დაიწყო, როგორ მოიჩვია პატარა თეთრი თაგუნია, რომელიც სიზმრებში მის გარდაცვლილ ვაჟად გადაიქცეოდა ხოლმე, ქმარი მიხვდა, რომ თუ დროზე არ შეცვლიდა რაღაცას, მისი მშვენიერი ლამზირა ამ კედლების ფერი და ამ კედლებივით ცივი გახდებოდა.
აიყარნენ, ბარში ჩამოვიდნენ და ახალი ცხოვრება დაიწყეს...
კიდევ ორ გოგოს მალე ნანატრი ბიჭიც მოჰყვა - ბეთქილი.
პირველად რომ შეხედა ბეთქილს და გარდაცვლილი შვილის ღიმილიანი, კეთილი მზერა დაიჭირა, მაშინ ჩაუდგა ლამზირას თვალებში უწინდელი ნაპერწკალი, ერთ-ორ წელიწადში კი, ბეთქილი რომ ცოტა წამოზარდა და ბაჯბაჯი დააწყებინა, ძველი, დამტვერილი ფანდურიც გადმოიღო და ისევ ჩამოჰკრა ძველებური ჰანგები...
ცხოვრებას რას გაუგებ?! გამოცდააო, ამბობენ. ნეტავ რისი? ნერვების? სიმტკიცის? რწმენის? და მერე რა, თუ ამ გამოცდას ჩააბარებ ან ვერ ჩააბარებ? ბილეთები მაინც დაარიგონ წინასწარ, რომ ცოტათი მაინც შეემზადო...
შვილები დაიზარდნენ, ორი თბილისში გამოუშვეს სასწავლებლად. ლამზირა ძროხებს წველიდა, ყველსა და მაწონს ყიდდა. ქმარი ხან მიწაზე მუშაობდა, ხან - მშენებლობებზე, სეზონურად. ნაშოვნი ფული ხუთ შვილზე ხან ჰყოფნიდათ, ხან - არა.
უფროსმა ბიჭმა გადაწყვიტა, ოჯახს მხარში ამოდგომოდა. სხვა მრავალი და მრავალი მისთანასავით, უცხოეთში სცადა ბედის ძიება და მრავალსა და მრავალს მიჰყვა კვალში. ბედის, ფულისა თუ საკუთარი თავის ძიებაში ლამის მთელი მსოფლიო მოიარა, ბოლოს იტალიაში მოხვდა - უფრო თავისიანებად ისინი დაიგულა, ტემპერამენტიანი და ცხელი იტალიელები, ნეაპოლიტანელები.
რასაც შოულობდა, ყველას ამყოფინებდა - მეგობრებსაც, თავის მრავალშვილიან ოჯახსაც, დებს, ძმას სწავლის საფასურს უხდიდა.
ერთ დღესაც, ნეაპოლიდან დარეკეს, მეხის გავარდნასავით - გარდაიცვალაო...
ყველამ გაიგო, მაგრამ ოჯახს ვერავინ ეუბნებოდა. ვინ გაბედავდა, შვილმკვდარი დედ-მამისთვის ეთქვა, კიდევ ერთი ვაჟკაცი მოგიკვდათო?! უკვე გაზრდილიო?! ვინ გაბედავდა, ძლივს გაღიმებული ლამზირასთვის თვალებში ჩაეხედა და კიდევ ერთხელ მოეკლა გული... უთხრეს, მანქანამ გაიტანაო... სიკვდილს ებრძვისო... ორი დღე ამ ამბით იწვალა. დედის გულს რას გამოაპარებ? კარდაკარ დადიოდა სოფელში, რამეს ხომ არ მიმალავთო? ჩემი შვილი როგორ არისო?.. ერთი კვირის მერე ჩამოუსვენეს... უკვე ტირილისა და მოთქმისგან ხმაჩახლეჩილს, ხმადაკარგულს და გონებაწართმეულს... 24 წლის ვაჟკაცი დაუსვენეს სახლში ჯერაც ახალგაზრდა ცოლ-ქმარს...
ძმაკაცები ჩამოჰყვნენ. უამბეს დედ-მამას, რა კარგი შვილი ჰყავდა. როგორ უყვარდა ყველას. რომ ნეაპოლში მთელი იმ ქუჩის კაცებმა, სადაც მათი ვაჟი ბოლო წლებში ცხოვრობდა, შავები ჩაიცვეს. რომ მთელი ის ქუჩა, ბიჭის სამშობლოში ჩამოსვენებამდე, სამძიმარზე დადიოდა. რომ ის იტალიელი ბავშვები, რომლებისთვისაც ხან ველოსიპედს ყიდულობდა, ხან სათამაშოებს და ხან ნაყინს, გულამოსკვნილი ტიროდნენ...
ქალიც ჩამოჰყვა - უკრაინელი, ჩერნოვეცელი მარინა, რომელსაც ბოლო წლები მასთან ერთად გაეტარებინა. ისევე თვალებჩაცვენილი იყო, როგორც ბიჭის დები, და ისევე გულამოსკვნილი ტიროდა, როგორც ქართველი გოგოები.
გასვენების დღეს უცებ ცუდად გახდა. ექიმთან წაიყვანეს და... ორსულად არისო, სულ ორიოდე კვირისო...
ლამზირამ რომ ეს ამბავი გაიგო, ჯერაც წინ ესვენა ვაჟი, მაგრამ თვალებში რაღაც ნაპერწკალი გაუკრთა... მაინც გაუკრთა... უცნაური, გაუგებარი, ქვეცნობიერი...
გოგოსაც ძალიან ჰყვარებია... სულ არ ვაპირებდიო ახლა შვილის გაჩენასო, მაგრამ ის იმსახურებსო... თქვენ იმსახურებთო, ასეთები რომ ხართო... ქართველი იზამდა, ნეტა, ამას? რას გაიგებ!
რვა თვე მუცლით ატარა, იქ, ნეაპოლში. ბოლო თვეს ისევ ჩამოვიდა საქართველოში, თავისი საყვარელი მამაკაცის ოჯახთან დაჰყო ის დრო და აქვე მიოლოგინა... ძნელად... ბავშვს ორჯერ ჰქონდა ჭიპლარი შემოხვეული... გაგუდული დაიბადა, მთლად ლურჯი... უკვე ხელი ჰქონდათ ჩაქნეული ექიმებს, მაგრამ იმათ რა იცოდნენ, ეს პატარა რა სასწაულით იყო ჩასახული და დარჩენილი დედის მუცელში, რა მისია ეკისრა მის ამქვეყნად მოვლინებას და როგორი გულათრთოლებული ელოდა მთელი ოჯახობა... ბოლო წამს თვალები დააჭყიტა და სვანურად, ომახიანად შეჰყვირა. ძლიერი ნაყოფი იყო და ასე უბრძოლველად დათმობდა? მერე, ლამზირასთვის რა უნდა ეთქვა?..
ლამზირამ ხელიც არავის დააკარებინა - თვითონ დაჰფოფინებდა. მარინამაც უთხრა, მე არ მინდა ძალიან მივიჩვიო, ბავშვიც ცოდოა და მეცო. დაგიტოვებთ და ხანდახან ვნახავო... ეს ღმერთის საჩუქარიაო თქვენთვის, ჩემი საყვარელი მამაკაცისთვის...
პატარასაც მამის სახელი დაარქვეს...
ლამზირა ახლაც რუდუნებით უვლის, საფენებს უცვლის, ატირებულს გულში იხუტებს, თვალებს უკოცნის - მამის თვალებს... შავები ჯერ არ გაუხდია... მაგრამ პაწაწინა რომ თავის ფუნჩულა ხელისგულს ჩამოუსვამს ხოლმე ლოყაზე, სახეზე ღიმილს ვერ აკავებს.
...ფანდურს როდის ჩამოჰკრავ, ლამზირა?
ლელა ზურებიანი
P.S. პატარა ბიჭმა ცოტა ხნის წინ აიდგა ფეხი და ბებია-პაპას შესციცინებს გახარებულ თვალებში...