"შვილიც მყავს, შვილიშვილიც... მაინც მარტო ვარ. თქვენ ჯერ არც იცით, რა არის მარტოობა..." - სტუდენტების საყვარელი პროფესორის საოცარი სიტყვები რამდენიმე დღის წინ პროფესორი, ფილოლოგი თენგიზ კიკაჩეიშვილი გარდაიცვალა. ვინც მას იცნობდა, ვისაც ერთხელ მაინც ჰქონია მის ლექციაზე დასწრების ბედნიერება, ყველას ახსოვს ეს ძალიან დახვეწილი, ელეგანტური, კეთილი, სიმპათიური და განათლებული ადამიანი. მრავალი წელი კითხულობდა ლექციებს და უამრავ ადამიანს შეაყვარა თავი. მისმა გარდაცვალებამ ბევრს დასწყვიტა გული. ბოლო წლებში ავადმყოფობდა, არც ისე მსუბუქი ცხოვრება ჰქონდა გადატანილი - პირველ რიგში, საყვარელი შვილის გარდაცვალების სიმწარე არგუნა ბედმა... ეს ბატონი თენგიზის საოცარი სიტყვებია, რომლებიც დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა:
"აი, თქვენ ხომ ვერ წარმოგიდგენიათ, რა უნდა მოხდეს, რომ შვილის, ღვიძლი შვილის დაკარგვაზე უარესი იყოს... არსებობს ასეთი, იცოდეთ. ჩემი ცოლი გარდაიცვალა ცოტა ხნის წინ და პირველად იმ დღეს ვიგრძენი, რომ მარტო დავრჩი. შვილიც მყავს, შვილიშვილიც... მაინც მარტო ვარ. თქვენ ჯერ არც იცით, რა არის მარტოობა. მარტო რომ რჩები, ისეთი რაღაცების დანახვას იწყებ, რაც მთელი ცხოვრება ცხვირწინ გქონდა, მაგრამ ვერ ხედავდი. ჩვევა მაქვს ასეთი, უუჰ, არც მახსოვს, რამდენი წელია მაქვს. ფანჯარასთან ვდგები ხოლმე და უბრალოდ, გარეთ ვიხედები. ჩემი ცოლი მოდიოდა ხოლმე, გვერდით მიდგებოდა ჩუმად. ვიდექით ასე...
მისი გარდაცვალების მერე, პირველად, გაუცნობიერებლად რომ მივედი ფანჯარასთან და მივხვდი, რომ მარტო ვარ, პირველად შევამჩნიე, ჩემი სახლიდან ორი ხე ჩანს, ერთმანეთის გვერდით დგანან, თითქოს ჩახუტებულები არიან. ალბათ რამდენი წელია დგანან, მე მხოლოდ იმ დღეს დავინახე და მგონია, რომ ის ხეები ჩვენ უნდა ვიყოთ, მე და ჩემი ცოლი.
რამდენი რამის გვეშინია მთელი ცხოვრების მანძილზე, მაგრამ ალბათ, გულის სიღრმეში ყველაზე მეტად მაინც ასეთი რეალური მარტოობა გვაშინებს.
როცა ასე მარტო დარჩები, აი, მაშინ ხვდები, რომ მორჩა, ამქვეყნად აღარაფრის აღარ გეშინია".
წაიკითხეთ ასევე:"როგორ აგრძელებენ ცხოვრებას შვილმკვდარი დედები?" - შვილმკვდარი დედის საოცარი წერილი