"ყველა დედას მივმართავ, სულ ცოტათი მეტი დრო გაატარონ ქურასთან, ღუმელთან და თავად მოუმზადონ შვილებს" - 4 შვილის დედა, კულინარი და ქველმოქმედი ია ასათიანი-მინდაძე ია მინდაძე-ასათიანს სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს. ძალიან აქტიური ადამიანია - თავად შესანიშნავმა კულინარმა კულინარიის მოყვარული დედებისთვის ჯგუფი შექმნა, რომლიც სულ მალე იქცა 50-ათასიან ჯგუფად და იქ გამოქვეყნებულ რეცეპტებს (რომელთა შორის თავად იას რეცეპტებიც არის), დიდი გამოხმაურება მოჰყვება ხოლმე. თუმცა ბევრმა არ იცის, რომ ია ამას გარდა ოთხი შვილის დედაა და ასევე აქტიურადაა დაკავებული ქველმოქმედებით.
- 35 წლის გახლავართ. პროფესიით ექიმი-სტომატოლოგი ვარ, მაგრამ ამჟამად არ ვმუშაობ. მყავს არაჩვეულებრივი მეუღლე - იუსტინე ასათიანი და ოთხი შვილი - 14 წლის კონსტანტინე, 11 წლის ნინუცა, 5 წლის ელენე და 2 წლის ანი.
- ძირითადად რით ხართ დაკავებული, რასაკვირველია, ოჯახის მოვლის გარდა?
- გარდა ოჯახისა, ჩემი საქმიანობის ძირითადი სფეროა ქველმოქმედება და ასევე ვარ კარგი კულინარი... იმასაც ამბობენ, მაგარი ხარო (იცინის).
- რამდენად რთულია მრავალშვილიანი დედობა და თუ გიფიქრიათ ამაზე გათხოვებამდე?
- სიმართლე გითხრათ, თავიდან მართლა მიჭირდა, ძალიან რთული იყო ჩემთვის, რადგან მაინც პატარა გოგო ვიყავი... მაგრამ შემდეგ უკვე ვისწავლე დროის სწორად გადანაწილება, ვისწავლე რასაც ჰქვია "დედობა" და იოლად გავდივარ ფონს. გათხოვებამდე კი ნამდვილად არ მიფიქრია, რომ მარავალშვილიანი დედა ვიქნებოდი, უფრო სხვა გეგმები და მიზნები მქონდა... ახლა კი არც ერთი წამი არ ვნანობ, რადგან უმდიდრესი დედა ვარ.
- ძალიან აქტიური ხართ, იმის მიუხედავად, რომ ოთხი პატარა გყავთ. როგორ ახერხებთ ამას?
- აქტიური ვარ, რადგან არ შეიძლება, ქალს ჰყავდეს ბევრი შვილი და თავს მისცეს უფლება, მოდუნდეს და მოეშვას. პირიქით, მთელი ძალით ვუტევ ცხოვრებას. ამაში ჩემი ხასიათიც მეხმარება და უფლის წყალობით, მაქვს უშრეტი ენერგია.
- ვინ გეხმარებათ ბავშვების გაზრდაში?
- მინდა ამაყად განვაცხადო, რომ ოთხივე შვილი ჩემი გაზრდილია! არ მყოლია არც ძიძა არც დამხმარე ქალი... ახლაც მათ აღზრდას ვაგრძელებ...
- ზოგიერთები ამბობენ, რომ რაც მეტი ბავშვია ოჯახში, მით უფრო იოლი ხდება მათი გაზრდა და მით უფრო ნაკლებად რთულები არიან ბავშვებიც...
- ვერ ვიტყოდი. ნამდვილად, რაც უფროსები წამოიზარდნენ, უფრო მეხმარებიან, მაგრამ მესამე და მეოთხე მამამ გაათამამა და ცოტა მიჭირს მათი მართვა. თან ჩემ შემთხვევაში, ოთხივეს განსხვავებული ხასიათი აქვს და არ არის ეს იოლი.
საერთოდ, რაც დრო გადის, მით უფრო ბევრ პლუსს ვხედავ ამაში, ბევრ ბავშვში... ერთ-ერთი გახლავთ ის, რომ ისინი ერთმანეთზე ზრუნავენ, ერთმანეთით ხარობენ. ზუსტად ვიცი, რომ ეს თვისება სხვებზე ზრუნვაშიც გადაეზრდებათ. თავიდანვე ვცდილობდი, რომ ის ბავშვი, რომელიც უფროსი იყო, მაქსიმალურად ჩამერთო პატარას გაზრდაში. ერთად ვუცვლიდით, ერთად ვბანდით, ერთად ვაჭმევდით. უბედნიერესი ქალი ვარ, რადგან მყავს ოთხი სიყვარული.
გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე
{{ArticleSplitCont}}
- დროისა და ყურადღების დეფიციტი არ იყო?
- ვერ მოვიტყუები და ვერ ვიტყვი, ზუსტად თანაბრად ვანაწილებდი დროს-თქო, მაგრამ ამას ძალიან ვცდილობდი და აშკარად გამოგვივიდა. ეჭვიანობა ნამდვილად ნაკლებად იგრძნობოდა ოჯახში... რაც შეეხება სირთულეებს და მინუსებს, ჩვენ შემთხვევაში მხოლოდ სახლის ფართობია მინუსი - ვერ ვეტევით (იღიმის).
- რას ურჩევთ მრავალშვილიან დედებს, როგორ მოახერხონ, იყვნენ ასე აქტიურები?
- რაც შეეხება აქტიურობას, ყოველი წუთით უნდა იხარონ, დღე უნდა დაიწყონ დიდი პოზიტივით, ღიმილით, შვილების მოფერებით, ყოველდღე თავიანთ თავს უნდა უთხრან, რომ არიან ყველაზე მაგარი ქალები. უნდა ირწმუნონ თავიანთი შესაძლებლობების და რა თქმა უნდა,დაისახონ ახალი მიზნები. მიზნებისკენ სწრაფვა ეხმარება ქალს, იყოს აქტიური.
- ახლა გადავიდეთ თქვენს გატაცებაზე - კულინარიაზე. მანამდეც გიტაცებდათ თუ დედობასთან ერთად მოვიდა ეს გატაცება?
- ჩემი საყვარელი თემაა... ყოველთვის ვიყავი გურმანი, ბავშვობიდან ვამზადებდი გემრიელობებს. სულ მცირე მასალით შეიძლებოდა ისეთი გემრიელი რამე გამეკეთებინა, თითებს აყოლებდნენ ხოლმე. ეს მემკვიდრეობით მაქვს - დედიკოსა და ბებოსგან, რასაც ჰქვია „გემრიელი ხელი“. რომ გავთხოვდი, უკვე მეუღლის გასუქებას შევუდექი (იცინის) და კულინარია ჩემი ცხოვრების ნაწილად იქცა.
- ალბათ განებივრებულები არიან ბავშვები მრავალფეროვანი კერძებით. რამდენად ახერხებთ, ისინი ჯანსაღად კვებოთ?
- ჩემი საყვარელი ადგილი დილიდან გახლავთ სამზარეულო. მართლაც მრავალფეროვანი არჩევანი აქვთ, უფლის წყალობით, ჩემს შვილებს და რაც მთავარია, შეძლებისდაგვარად ჯანსაღი. იმ პროდუქტებს, რომლებიც სასარგებლოა, მაგრამ არა საყვარელი, ისე გადავაკეთებ ხოლმე, რომ ვერც იგებენ, რას მიირთმევენ. მოკლედ, ვცდილობ...
ტკბილეულსაც შინ ვამზადებ, ფუნთუშებსაც კი სახლში ვუცხობ ბავშვებს. ყველას ვთხოვ, ყველა დედას მივმართავ, სულ ცოტათი მეტი დრო გაატარონ ქურასთან, ღუმელთან და თავად მოუმზადონ შვილებს. დამერწმუნეთ, არ არის რთული. თუ მოინდომებთ, გამოგივათ და ნამდვილად გეცოდინებათ, რას მიირთმევენ თქვენი შვილები.
- როდის და რა მიზნებით შეიქმნა თქვენი ჯგუფი და გვერდი „დედების სამზარეულო... და არა მარტო დედების" და გაამართლა თუ არა თქვენი იმედები?
- დედების სამზარეულო როდესაც გავაკეთე, ვფიქობდი, რომ უბრალოდ გავუზიარებდი გოგოებს ჩემს გამოცდილ რეცეპტებს, მაგრამ ჯგუფი გაიზარდა, უფრო და უფრო მეტი ადამიანი ემატებოდა და უკვე ერთმანეთს უამრავი ადამიანი უზიარებდა გამოცდილებას. ეს იყო ჩემთვის დიდი სიხარული, რომ გამომივიდა დედების, კულინარების,დიასახლისების გაერთიანება. ჩვენთან დიდი, თბილი და საყვარელი 50 000-ზე მეტწევრიანი ოჯახია.
- კიდევ რას საქმიანობთ, რას ასწრებთ? რა სამომავლო გეგმები გაქვთ?
- იმ დროს, როდესაც მე სამზარეულოში დავფუსფუსებ და ჩემს შვილებს ვუმზადებ და ვაჭმევ, ბევრი გაჭირვებული ოჯახი და მათი შვილები მშიერია. აქედან გამომდინარე ჩემი ძირითადი საქმიანობა გახლავთ ქველმოქმედება. ჩემი სიამაყეა საქველმოქმედო ფონდი „სიცოცხლე". წელიწადი არ არის ჯერ გასული, რაც საქველმოქმედო ფონდი დავარეგისტრირეთ და უკვე ორმოცდაათზე მეტ ოჯახში მოგვიწია მისვლა. ჩვენი ორგანიზაცია ეხმარება სოციალურად დაუცველ ოჯახებს მხოლოდ საკვები პროდუქტებით. ამ სოციალურ ფენაში შედიან მოხუცები, მარტოხელა დედები, ობლები და მრავალშვილიანები. ხდება მათი ადგილზე გადამოწმება და საჭიროების შემთხვევაში დახმარება. ვიცოდი, რომ ბევრს უჭირდა, მაგრამ... ღამეები აღარ მძინავს მათზე ფიქრით. ძალიან მძიმეა მათი ისტორიების მოსმენა. მათი ცხოვრების შესწავლა.
მყავს ძალიან კარგი გუნდი, ჩემი გოგოები, ჩემი მეგობრები და მე ვიცი, რომ ჩვენი ერთად დგომით ნამდვილად შევცვლით მომავალს! ბევრი ამბობს, რომ სიკეთეს არ სჭირდება აფიშირება! ვეთანხმები! როდესაც ბევრი ფული გაქვს, ისე უნდა გააკეთო სიკეთე, რომ ვერავინ გაიგოს, მაგრამ როცა არ გაქვს ბევრის საშუალება და გაქვს მხოლოდ ერთი ლარი, იმ ჩემს ერთ ლარს დაემატება შენი ერთი ლარი და უკვე ორი ლარით პურთან ერთად მაწონსაც უყიდი. აი ამ პრინციპით ვითხოვთ გვერდში დგომას და მოვუწოდებთ ყველას, დავდგეთ ერთად სიცოცხლის სადარაჯოზე და შევცვალოთ მომავალი! ერთიც მინდა დავამატო, ჩვენი ორგანიზაცია ცდილობს, რომ ოჯახებს დაეხმაროს არა მარტო ერთჯერადად საკვები პროდუქტებით, არამედ ვცდილობთ მათ დასაქმებას და ხშირ შემთხვეაში გამოგვდის... მალე მოგიყვებით ჩემს საამაყო აღმოჩენაზე - ქალზე, რომლის ცხოვრებაც შევცვალეთ... ოღონდ ეს გადავდოთ შემდეგისთვის.
იხილეთ იას საფირმო რეცეპტებიდან ერთ-ერთი - ხაჭოს ტორტის რეცეპტი
ლელა ზურებიანი