"ცხოვრება ბევრად უფრო მარტივი იქნებოდა, თუ მშობლებს ეცოდინებოდათ, რომ აღზრდის ზუსტი წესები არ არსებობს!"
"ცხოვრება ბევრად უფრო მარტივი იქნებოდა, თუ მშობლებს ეცოდინებოდათ, რომ აღზრდის ზუსტი წესები არ არსებობს!"
დედები ბავშვის დაბადებიდანვე ადგენენ რაღაც წესებს და მოითხოვენ მათ მკაცრად დაცვას, რათა მათი შვილი ღირსეულ ადამიანად გაიზარდოს. წესებსა და რეალობაზე გვესაუბრება 7 შვილის დედა, ბლოგერი ოლესია ლიხუნოვა.

- ვფიქრობ, ბევრ დედას შიში აქვს იმისა, რომ რაღაცას არ აკეთებს სწორად. ამიტომ ადგენს წესებს, აკრძალვებს იმისათვის, რომ მისი შვილი კარგი ადამიანი გაიზარდოს.

აუცილებელია, რომ მან მიირთვას მხოლოდ ჯანსაღი საკვები. არანაირი ლიმონათები, ტორტი მხოლოდ დღეობებზე... ტელევიზორი ჯობია საერთოდ გავიტანოთ სახლიდან, უნდა ითამაშოს მხოლოდ
ხის კონსტრუქტორით, კომპიუტერული თამაშების არსებობაც კი არ უნდა იცოდეს!

ინტერნეტიდან მართლა სჯობს შორს იყოს, არანაირი საკუთარი გვერდი სოციალურ ქსელში! სკამი უნდა ჰქონდეს ისეთი, რომ საწერ მაგიდასთან მოხრილი არ იჯდეს. აუცილებლად რომელიმე სპორტულ სექციაში უნდა ვატაროთ, რათა ძლიერი და ამტანი გაიზარდოს. მსოფლიოს რუკას დავუკიდებთ კედელზე და ძილის წინ ზღაპრებს წავუკითხავთ, რათა ჭკვიანი გაიზარდოს და ფრიადებზე ისწავლოს. დასვენების დღეებში მუზეუმში ან თეატრში ვატარებთ. საოჯახო საქმეებში უნდა მოგვეხმაროს: ნაგავი გადაყაროს, დაალაგოს და ჭურჭელიც დარეცხოს... აი ამ ყველაფრის შემდეგ ის ნამდვილად საუკეთესო, წარმატებული და ბედნიერი გაიზრდება. აბა, როგორ!!! არ არსებობს გეგმა "ბ" და მით უმეტეს გეგმა - "გ".

თითქოს ყველაფერი ისე კარგად დაიწყო, მაგრამ უცებ ხდება რაღაც
დაუგეგმავი - განქორწინება, დაუგეგმავი ორსულობა, დაწინაურება სამსახურში და ამის გამო ბავშვი უნდა მიიყვანო ბაღში. ან ახლობელი ადამიანის ავადმყოფობა, ფინანსური კრიზისი. ან ბავშვი იბადება დღენაკლული, ჩამორჩება განვითარებაში. ან ისეთი ხასიათი აქვს, რომ აბა სცადე და აჭამე ბროკოლი... იქნებ აღზრდაში ბებია-ბაბუა ჩაერთოს, რომლებიც გამუდმებით კანფეტებითა და ტკბილეულით ანებივრებენ?

ყველაფერი დაინგრა! არაფერი გამოვიდა. ახლა უკვე აღარ ხარ იდეალური დედა და შენი შვილის მომავალიც გაურკვეველია. გრცხვენია მეგობრების. მოწყენილი ათვალიერებ ფეისბუქზე იმ დედების სტატუსებს, რომლებსაც გამოუვიდათ ყველა "წესის" დაცვით შვილების აღზრდა.

რა თქმა უნდა, მათ არ აქვთ ისეთი პრობლემები, როგორც შენ. დაე ჩაეხუტონ თავიანთ სუპერშვილებს, ჩვენ კი დანაშაულის გრძნობა შეგვაწუხებს, მაგრამ იმედს დავიტოვებთ, რომ იქნებ მოხდეს სასწაული და ჩვენი შვილებიც გაიზარდონ წესიერი და კარგი ადამიანები...

რა ადვილი იქნებოდა ცხოვრება, მშობლებს რომ ესმოდეთ, რომ: არ არსებობს ზუსტად გაწერილი აღზრდის წესები, რომ ცნობილი ადამიანების ბავშვობა სხვადასხვანაირი იყო. წაიკითხეთ მწერლების, მხატვრების, გამოჩენილი ქირურგების, გენერლების ბიოგრაფიები. თვითოეულ მათგანს თავისი განუმეორებელი გზა, უნიკალური ბავშვობა და ხშირ შემთხვევაში არცთუ ბედნიერი ადრეული წლები ჰქონდათ.

თუ ამას გაითვალისწინებთ, იცხოვრებთ მშვიდად და არ შეგეშინდებათ არანაირი გაუთვალისწინებელი წინააღმდეგობის. მოეშვით და გიყვარდეთ თქვენი ბავშვი მთელი გულით, არავის შეადაროთ - ის ხომ ერთადერთი და უნიკალურია. ჩვენ კი ვნახავთ, ვინ იქნება ბედნიერი - მეზობლის ბიჭი, რომელიც უშაქრო ჩაის სვამს და არ უყვარს კანფეტები, თუ თქვენი შვილი, რომელსაც არ უყვარს ბოსტნეული და ერთი თვის მანძილზე 2 ქუდი დაკარგა!
3666
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
ნანი
0
აღზრდას პრიორიტეტი აქვს ბუნების წინაშე, მთავარია სწორი მიდგომა, ზომიერების დაცვა სიმკაცრეში, მოფერებაში, ოქროს შუალედია საჭირო, თუმცა რთულია.
21:22 / 27-10-2017
სოფი
0
ბევრს ვფიქრობ ამ თემაზე. აღზრდა არაფრს ნიშნავს? ფაქტები მეუბნება რომ მთავარი ბუნებაა, ღმერთს როგორიც უნდა ისეთი გამოვა. ძალიან შევეცადე მაგრამ არ არიან ისეთები, როგორიც მინდა...გაიზარდნენ და სხვანაირები გახდნენ.
21:17 / 27-10-2017
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```