''რძალ-დედამთილს შორის ურთიერთობის გაფუჭება მაინც დედამთილის ბრალია''
''რძალ-დედამთილს შორის ურთიერთობის გაფუჭება მაინც დედამთილის ბრალია''
ირინა სარიშვილს ტრადიციებსა და სტერეოტიპებზე ვესაუბრეთ. ინტერვიუში ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი ვახსენეთ, თუმცა ყველაზე საინტერესოდ მეჩვენა ქალბატონი ირინას დამოკიდებულება რძალ-დედამთილის ინსტიტუტთან, მით უმეტეს, რომ თავადაც პოტენციური დედამთილია, სამი ბიჭის დედა.

- ქალბატონო ირინა, როგორ ფიქრობთ, რას ნიშნავს ''ქალური ბედნიერება''?
- ჩემი აზრით, ქალურ და კაცურ ბედნიერებაში, გარდა ოჯახის, შვილების კარგად ყოფნისა, მოიაზრება ორი, ერთმანეთისთვის დაბადებული ადამიანის სიყვარული, რომელთაც ყოველგვარი შეჯიბრებისა და კონკურსის გარეშე უყვართ ერთმანეთი.
- ხშირად ამბობენ, რომ ქალები დაჩაგრულები
არიან ოჯახურ ცხოვრებაში. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?

- ვფიქრობ, რომ ქართულ რეალობაში ქალის ჩაგვრაზე საუბარიც კი არ შეიძლება. პირადად მე მაკმაყოფილებს ის დამოკიდებულება ქალის მიმართ, რაც საქართველოშია გავრცელებული, უზრდელებსა და უნახავებს არ ვგულისხმობ.
ის, რომ ქალს ბევრი საქმის კეთება უწევს, სულაც არ მიმაჩნია უფლებების შელახვად, პირიქით, ქალმა, კაცისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ბევრად მეტი ფუნქცია შეიძინა, ვიდრე აქამდე ჰქონდა, მრავალფუნქციური ადამიანი კი უფრო ბედნიერია და სრულფასოვნად გრძნობს თავს, ვიდრე მთლიანად, ან ნახევრად უფუნქციოდ დარჩენილი ადამიანი. როდესაც ქალი ოჯახის მარჩენალია, ეს კაცების მენტალიტეტს თრგუნავს, სწორედ ამის გამო მე კაცის მძიმე მდგომარეობაზე უფრო ვისაუბრებდი, ვიდრე ქალის. არც ერთ ნორმალურ კაცს არ უნდა, იყოს დამოკიდებული ქალზე, თუ
მას ეს სიამოვნებს, ანომალიაა, ისევე, როგორც ნორმალური ფსიქიკის ქალს არ უნდა სიამოვნებდეს კაცი ქუსლის ქვეშ.
კაცი, რომელიც ბევრს ყვირის, ჩხუბობს და შეიძლება, ხელებსაც აძლევს თავისუფლებას, სუსტია და სწორედ ამ კომპლექსის გადაფარვა უნდა ამით, ნორმალურ კაცს ოჯახის სამართავად არ სჭირდება არანაირი მბრძანებლური ტონი, თუ კაცი კაცია, ბუნებრივადაა ოჯახის უფროსი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე მისი მოადგილე ვარ ან მას ვექვემდებარები, ნებისმიერ სიტუაციაში, მით უმეტეს შვილებთან ურთიერთობაში ჯობია, შედეგის მომცემი გზა მოინახოს და არა თითის ქნევით გაკეთდეს საქმე.
- როგორ ფიქრობთ, ღალატი და პატიოსნება რატომ იყოფა სქესის მიხედვით? კაცის ღალატი ''მოსულა'' და ქალის არა.
- ღალატის დაყოფა სქესის მიხედვით სრულ იდიოტიზმად მიმაჩნია, ღალატი ერთნაირად მტკივნეულია იმისთვის, ვისაც ღალატობენ. უბრალოდ, არსებობს მოსაზრება, რომ კაცს შეიძლება არ უყვარდეს, მაგრამ უღალატოს, ქალი კი სიყვარულის გამო ღალატობს. ბევრი ადამიანი მინახავს, რომელიც ქმარზე ამბობს, კაცია და აბა, რას იზამს, შეიძლება ჰყავდეს ვინმეო, რაც არანაირად არ მესმის. კაცისთვის შესაძლებელია, ჰყავდეს ერთი მუდმივი საყვარელი და იმავდროულად ხელშეუხებელი ოჯახი, ზოგიერთი ქალიც ახერხებს ამას, მაგრამ ქალები უფრო მარტივად ''იყიდებიან'' ასეთ დროს.
- ქალბატონო ირინა, რძალ-დედამთილის ინსტიტუტზე და ხშირ შემთხვევაში, მათ ჩასაფრებულ ურთიერთობებზე რას ფიქრობთ?
- ბოლო პერიოდში გამოსწორდა რძალ-დედამთილის თემა, მაგრამ მაინც რჩება არაჯანსაღი დამოკიდებულებაც. მიუხედავად იმისა, რომ მეც მომავალი დედამთილი ვარ, სამი ბიჭი მყავს, ვამბობ, რაც უნდა მოჩხუბარი რძალი შევიდეს ოჯახში, რძალ-დედამთილს შორის ურთერთობის გაფუჭება მაინც დედამთილის ბრალია. ზოგჯერ ბიჭის დედისთვის ადამიანური თვალსაზრისით სრულიად მიუღებელი გოგონა შედის რძლად, ამ დროს ერთ ოჯახში ცხოვრება ძალიან რთულია, მაგრამ თუ რძალი უაზროდ ყვირის, ჩხუბობს, დედამთილი უნდა გამოერიდოს მხოლოდ იმიტომ, რომ მის შვილს უნდა იმ ქალთან ცხოვრება. ყველაზე კარგი ვარიანტი კი ახალგაზრდა წყვილის ცალკე ცხოვრებაა.
გარდა ამისა, შეიძლება, ბიჭს ჰყავდეს ძალიან კარგი ცოლი, მაგრამ დედა იყოს მესაკუთრე, რაც ასევე პრობლემებს ქმნის. თუმცა, ვერ ვხვდები, რატომ უნდა ვიეჭვიანო ჩემი შვილის ცოლზე, რა მაქვს მასთან გასაყოფი, ან რატომ უნდა მეწყინოს იმის დანახვა, რომ ჩემს შვილს ცოლი ძალიან უყვარს. ხშირად შვილისადმი დიდი სიყვარული ხდება დედამთილის გაღიზიანების მიზეზი, თითქოს რძალში კონკურენტს ხედავენ, არადა, დედას ბევრად უფრო მყარი ადგილი აქვს კაცის ცხოვრებაში, ვიდრე ცოლს, რადგან არსებობს ყოფილი ცოლი, მაგრამ არ არსებობს ყოფილი დედა... ხშირად დედამთილი, რომელმაც თავის დროზე თავისი დედამთილისგან გადაიტანა წნეხი, იმავეს იმეორებს, რაც გაუგებარია ჩემთვის. მოკლედ, თუ შვილი გიყვარს არა შენთვის, არამედ დამოუკიდებლად, უნდა იცოდე, როცა იზრდება, შენი აღარ არის, ერთ სულ და ერთ ხორც ნათქვამია ცოლ-ქმარზე და არა დედა-შვილზე ან მამა-შვილზე.

იხილეთ სრულად
15334
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (9)
nini
1
მართალი ხართ ქალბატონო ირინა!
16:20 / 02-03-2019
natia
0
გაიხარეთ ქალბატონო ირინა ზუსტად ახსენით,რზალ დედამთილის პრობლემა.
17:42 / 19-07-2016
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```