რა შეიძლება აკეთოს ჩვილი ბავშვის დედამ დეკრეტში? დეკრეტული შვებულება ქალის შრომით საქმიანობაში "მკვდარ სეზონად" არის გამოცხადებული. არადა ბავშვიან ოჯახს უფრო სჭირდება მეტი ფინანსური რესურსი და ზედმეტი თანხის გამომუშავება.
შეუძლია კი ჩვილი ბავშვის დედას, სამსახურზე იფიქროს? პირველ თვეებში ეს თითქმის გამორიცხულია, მაგრამ 2-3 თვის შემდეგ თანდათან ყველაფერი მშვიდ კალაპოტში ექცევა და დედასაც დღეში რამდენიმე საათი თავისუფალი აქვს. სწორედ ამ დროს შეიძლება გამომუშავებაზე ფიქრი.
რა შეიძლება აკეთოს ჩვილი ბავშვის დედამ? თუ ბავშვის გვერდით ყოფნა გაქვთ გადაწყვეტილი და გსურთ, რომ მისი პირველი სიტყვები თქვენ გაიგონოთ და არა ძიძამ, ესე იგი სამუშაო სახლში უნდა შეასრულოთ.
რა საქმე შეიძლება შეასრულოთ შინ? ბუღალტერია, ტექსტების კორექტირება-რედაქტირება, თარგმნა, ტექსტის კომპიუტერში ბეჭდვა.
თუ ამ საქმეებში გაწაფული არ ხართ, შემოქმედებითი მხარე მოიშველიეთ. იქნებ გეხერხებათ რაიმეს კეთება, რასაც ადრე გულს ვერ უდებდით. მხატვრული ფოტოგრაფიიდან დაწყებული ხელსაქმით თუ მზარეულობით დამთავრებული, ყველაფერი შეგიძლიათ სცადოთ. შეიძლება ადვილი არაა, მაგრამ მააინც ეცადეთ, რაიმე მოიფიქრეთ და გამოსავალი ადრე თუ გვიან, მოიძებნება. ეს გარდა ფინანსური მხარდაჭერისა, თქვენს ემიციურ განწყობაზეც იმოქმედებს, ხანდახან სხვა რამეზეც გადაერთვებით და ბავშვიც ხანდახან "დაისვენებს" დედის გამუდმებული ღელვისა და ყურადღებისგან.
თუ ვერც ეს წამოწყება განახორციელეთ, იქნებ თქვენს შვილთან ერთად სხვა ბავშვისთვისაც მიგეხედათ? გაიკითხეთ, თქვენს ირგვლივ ხომ არ სჭირდება ვინმეს ბავშვზე თვალყურის დევნება, თუნდაც დღეში რამდენიმე საათის განმავლობაში. ეს ოჯახურ ბიუჯეტსაც წაადგება და ბავშვსაც, რადგან ადრეული ასაკიდანვე თანატოლებთან ურთიერთობა მას კომუნიკაბელურობას განუვითარებს.