ხანდახან წონასწორობას ვკარგავთ და ჩვენი ნევროზი და დეპრესია ჩვენს შვილებზე ძალიან ცუდად აისახება ხანდახან წონასწორობას ვკარგავთ და ჩვენი ნევროზი და დეპრესია ჩვენს შვილებზე ძალიან ცუდად აისახება - ეს ბევრი დედისთვის ძალიან ნაცნობი სიტუაციაა. არაერთი შემთხვევაა, როცა ქმარზე, დედამთილზე, უფროსზე, მეგობარზე თუ სრულიად სხვა ვინმეზე გაბრაზებული დედა, სულ პატარა მიზეზის გამო შვილებს ეჩხუბება და არაერთ დედას უღიარებია, რომ უცემია კიდეც ამ დროს ბავშვი. მერე რომ დაფიქრებულა, სინამდვილეში მოზარდს ისეთი არაფერი დაუშავებია, უბრალოდ დედა იყო ისტერიკაში... თუ ეს ძალიან ხშირად ხდება, ანუ დედა მეტისმეტად ხშირად და მეტისმეტად ბევრ რამეზეა გაბრაზებული, მუდამ უხასიათოდაა და თავადაც აღიარებს, რომ ნევროზი აქვს (თუმცა ეს არ აქვს დადგენილი ექიმის მიერ და შესაძლოა, სულაც დეპრესიაშია), ეს ყველაფერი ხშირად ძალიან მწვავედ და ტრაგიკულადაც კი აისახება ბავშვებზე. ყველა ბავშვს სურს, დედას მხიარულს, ხალისიანს და ბედნიერს ხედავდეს. როცა დედა მოწყენილია, გაღიზიანებულია, აგრესიულიც კი, მასთან ურთიერთობა რთულიც კია და ხშირად ასეთ დედას, განსაკუთრებით თინეიჯერობის ასაკში, გაურბიან კიდეც შვილები, რასაც სავალალო შედეგები მოაქვს.
მიზეზები, თუ რატომ ხდება ასე, ძალიან ბევრია: პრობლემები პირად ცხოვრებაში, რთული თანაცხოვრება დედამთილ-მამამთილთან, არარეალიზებულობის განცდა, პრობლემები სამსახურში... ეს ყველაფერი პირდაპირ აისახება ადამიანის ხასიათზე, ის გაღიზიანებული ხდება, სტრესული, დეპრესიული და მასთან ურთიერთობა არავისთვისაა სასიამოვნო. რასაკვირველია, ძნელია თავს მოერიო და გაიღიმო მაშინ, როცა გგონია, რომ ქვეყანა თავზე გექცევა, მაგრამ კიდევ ერთხელ დაფიქრდით იმაზე, რომ ჩვენს პოზიტიურ აზროვნებას სასწაულების მოხდენა შეუძლია, რომ თუ თავს აიძულებ, გახალისდე, გამხიარულდე, ყველაფერი მართლა კარგად იქნება. თუ იმაზე იფიქრებთ თუნდაც, რომ შვილებისთის ჯობს ასე და მათთან ყოფნის ბედნიერება ჩვენ ნებისმიერ სტრესს გადაგვალახვინებს, გაცილებით იოლი მოგეჩვენებათ ის პრობლემები, რაც გარშემოა.
ასე რომ, "რეცეპტები", თუ როგორ უმკურნალოთ დეპრესიულ განწყობას, ბევრია, მთავარია, თავად მოინდომოთ და რაც შეიძლება მალე აიყვანოთ საკუთარი თავი ხელში, რომ თავადაც მშვიდი და ხალისიანი იყოთ და დანარჩენებიც, თქვენ გარშემო - პირველ რიგში კი, თქვენი შვილები.