დაიღალეთ დედობით? - როგორ დავაღწიოთ თავი დიასახლისის დეპრესიას
დაიღალეთ დედობით? - როგორ დავაღწიოთ თავი დიასახლისის დეპრესიას
შეიძლება თუ არა, რომ საკუთარმა შვილებმა დაგღალონ? რა თქმა უნდა, შეიძლება. თანაც მნიშვნელობა არ აქვს, ერთი შვილი გყავთ, სამი თუ ტყუპი. ზოგჯერ დედა დაღლილობას სამშობიაროდან დაბრუნებისთანავე უჩივის. დიდი შანსია, რომ ეს ჩვეულებრივი დაღლილობა თანდათან დეპრესიაში გადაიზარდოს. შვილის გაჩენით გამოწვეულ სიხარულს დაძაბულობა ცვლის, თანდათან ბავშვის მოვლა სიამოვნებას აღარ განიჭებთ, არც სახლში ფუსფუსი მოგწონთ. ამ დროს ქალებს აგრესიულობა, უძილობა, ან პირიქით, ძილიანობა და მოთენთილობა აღენიშნებათ. აღიზიანებთ ნებისმიერი რჩევა და შენიშვნა, რომელსაც ნათესავები
უხვად იძლევიან.

ახალგაზრდა დედა გრძნობს, რომ დასვენება სჭირდება, მაგრამ როგორ გინდა წამოწვე, როცა ჭურჭელი დასარეცხია, საჭმელი მოსამზადებელი და ბავშვის ზეწრები გასარეცხი?

დეპრესია გამოცდილ დედებსაც ემუქრებათ. როცა ოჯახში რამდენიმე ბავშვია, დედა უკვე მექანიკურ შრომაზეა გადასული, დღეები ერთმანეთს ჰგავს. დედას ეჩვენება, რომ ცხოვრება მხოლოდ რუხი დღეებისგან, მოვალეობებისგან, საშინაო საქმეებისგან შედგება. ხალისიანი დღეები კი მხოლოდ სერიალებიდან მოჩანს.
არც არის გასაკვირი, რომ 24 საათის განმავლობაში "დედად" მუშაობის შემდეგ ქალს სურვილი უჩნდება, საკუთარი თავისთვისაც გამონახოს დრო. თუ დედამ მოდუნება და ემოციურად დასვენება ვერ შეძლო, თანდათან ირთვება მექანიზმი, რომელსაც დეპრესია მოჰყვება. სამწუხაროდ, ამ უარყოფით ენერგიას დედა ისევ ახლობლებზე გადმოანთხევს, ძირითადად, ქმარსა და შვილებზე. შედეგად ცოლ-ქმარს შორისაც იძაბება ურთიერთობა და
დედასა და შვილებს შორისაც.
დეპრესია ყველაზე ხშირად იმ დედების ხვედრია, რომლებმაც თავიდანვე მოვალეობების მაღალი სტანდარტი დაუწესეს საკუთარ თავს, რომლის შესასრულებლადაც ძალა აღარ ჰყოფნით. უბრალოდ, ვერ შეაფასეს თავიანთი შინაგანი რესურსი. ყეველაფერს ვერ მოასწრებთ, ამიტომ გააკეთეთ მხოლოდ ის, რაც ნამდვილად გჭირდებათ იმ წუთას თქვენ და თქვენს ოჯახს.

დედამ აუცილებლად უნდა დაისვენოს როგორც ფიზიოლოგიურად, ასევე ფსიქოლოგიურად. შეხვდეს ახლობლებსა და მეგობრებს, მოუსმინოს მუსიკას (და თუნდაც მის ფონზე აკეთოს საქმე), უყუროს ხანდახან თუნდაც სერიალს, რომელზეც გადაერთვება. ითამაშოს ბავშვთან ერთად, იცინოს, გამხიარულდეს. შეიძლება ხელსაქმემაც მოგგვაროთ სულიერი სიმშვიდე - ქსოვამ, ქარგვამ, ხატვამ, ან სულაც კულინარიამ.
გამოყავით ამისთვის კვირაში ერთი დღე, როცა უბრალოდ გარეთ გახვალთ, მარტო, თუნდაც ორი საათით. ეს დრო მხოლოდ თქვენი უნდა იყოს, როგორც გინდათ, ისე გამოიყენეთ.
გაისეირნეთ მეუღლესთან ერთად, მოიწყვეთ რომანტიკული ვახშამი ან სტუმრად ეწვიეთ მეგობრებს, იშოპინგეთ, იყიდეთ რაიმე სასიამოვნო თქვენთვის, შედით სილამაზის სალონში და მოუარეთ თავს, თან ამ დროს მორალურადაც დაისვენებთ. თუ გასვლას ვერ ახერხებთ, შინ მოიწყვეთ მასაჟის კაბინეტი არომატული სანთლებით. ეს ღონისძიება საღამოს დაგეგმეთ ან ბავშვის დღის ძილის დროს. დაურეცხავი ჭურჭელი და მოსაწმენდი იატაკი მოიცდის. დასვენებული და კმაყოფილი დედა კი ოჯახში ჰარმონიისთვის აუცილებელი პირობაა.
15594
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (9)
სოფო
0
ნაწილობრივ მეც გამოვცადე ეს ყველაფერი და მგონი გადავლახე უკვე. შვილის უსაზღვრო სიყვარული მაძლებინებს მხოლოდ...
23:41 / 18-08-2016
ანა
0
მარტო ჩემი თავი მეგონა ასე, მეორეს დაბადებიდან მაევესაშინელი დეპრესია დამეწყო,ძუძუს ვეგარ ვაწოვებდი, რო ტიროდნენ თავზე ბალიშს ვიფარებდი, ვერაფერს ვერ ვასწრებდი, ერთდროულად უნდოდა ორივეს ყველაფერი, დამხმარე მხოლოდ ქმარი რომელიც 6დღე მუშაობდა და მადლობა მას რომ იმ საშინელებიდან გამომიყვანა, ფსიქოლოგების დახმარებით. მხოლოდ სიკვდილი მეგონა გამოსავალი მაგრამ შვილები მეფიქრებოდა,თან მეგონა არ შემეძლო მათი მოვლა, ძალა აღარ მქონდა მეგონა. ღმერთმა ყველა დაიფაროს მშობიარობის შემდეგი დეპრესიისგან. ამ ყველაფერს გადაღლა იწვევს.
21:32 / 06-03-2016
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```