სამი ტყუპი ბიჭი სამი გოგონას შემდეგ - ქიტაშვილების ოჯახური ბედნიერება
სამი ტყუპი ბიჭი სამი გოგონას შემდეგ - ქიტაშვილების ოჯახური ბედნიერება
ამბობენ, ბევრი შვილი დიდ დარდთან და საფიქრალთან ერთად დიდი სიხარულიაო. ალბათ ადამიანისთვის იმაზე დიდი ბედნიერება არაფერია, როცა მშობელი ხდები. ნათია ლეფსვერიძე დედა 27 წლის ასაკში გახდა. დღეს იგი ექვსი შვილის დედაა. ნათიას სამი გოგონა და სამი ტყუპი ბიჭი ჰყავს. როგორ უძღვება საოჯახო საქმეს, როგორ უვლის ექვს შვილს და რა დროს უთმობს საკუთარ თავს, ნათია თავად მოგიყვებათ.

- 27 წლის გავთხოვდი. ახმეტაში ვცხოვრობთ. პირველი შვილი 28 წლის ასაკში

მეყოლა. პატარა ტიროდა, მე ვიცინოდი ბედნიერებისგან. არანორმალურად გიჟი დედა ვიყავი. როცა ბავშვი ტიროდა, ხელში არავის ვაჭერინებდი. ბებიაჩემი მებუტებოდა ხოლმე, ბავშვს არ მანდობო.


- გათხოვებამდე გიფიქრიათ ბევრ შვილზე?

- კი, ხშირად მიფიქრია ამაზე. ყოველთვის მინდოდა ხუთი შვილი, ჩემ ქმარს კი - უფრო მეტი. ღმერთმა ეს ოცნება აგვიხდინა. პირველი შვილი გოგო გვეყოლა. ახლა უკვე შვიდი წლისაა. მეორე გოგონა ხუთი წლისაა, მესამე კი - ორი წლის და ათი თვის. გოგონების შემდეგ სამი ტყუპი ბიჭი გვეყოლა, რაც ყველასთვის შოკის მომგვრელი და დაუჯერებელი იყო.


- რა გრძნობა დაგეუფლათ, როცა გაიგეთ, რომ სამ ტყუპს ელოდებოდით?

- ორსულობა იყო დაუგეგმავი და მოულოდნელი. როცა ექოზე მივედი, გავიგეთ, რომ ტყუპებს ველოდებოდით, მაგრამ სამი რომ იყო, ცოტა მოგვიანებით,

მეთორმეტე კვირაზე გვითხრეს. პირველი მათი ჯანმრთელობის შესახებ ვკითხე ექიმს, მითხრეს, რომ ყველაფერი წესრიგში იყო. თუ არ ჩავთვლით ტოქსიკოზს, არ მქონია არანაირი გართულება. გართულებების გარეშე დაიბადნენ ტყუპები.


- ბავშვებს მარტო ზრდით?

- ბავშვების გაზრდაში დედამთილი მეხმარება. როცა ყველაზე მეტად მიჭირდა, ბავშვების ორი ნათლიაც მეხმარებოდა. მეუღლეც ჩვენთან ერთად ათენებს ღამეებს, სხვანაირად შეუძლებელია სამი ტყუპის და სამი მცირეწლოვანი ბავშვის გაზრდა.

mshoblebi

- როგორ ახერხებთ დროის განაწილებას? დროის და ყურადღების დეფიციტი თუ ჰქონიათ ან თუ უეჭვიანიათ ერთმანეთზე?

- ალბათ უფრო უფროსებს აქვთ ყურადღების დეფიციტი. პატარა გოგოს დედა როცა უნდა, არ აინტერესებს არაფერი. დღისით შეუძლია ყველამ გაართოს, ყველასთან ითამაშოს, მაგრამ როცა ღამდება, დედამ უნდა დააძინოს. გოგოები ერთმანეთზე არასოდეს ეჭვიანობენ, პატარებზე გიჟდებიან. ყველაზე ეჭვიანობენ, ვინც მათ ძმებს შეეხება.


- როცა მრავალშვილიანი დედა ხარ, ალბათ ამ დროს ერთი ათად იზრდება პასუხისმგებლობის გრძნობა შვილების წინაშე...

- რამდენი შვილიც გყავს, იმდენად მეტია პასუხისმგებლობა. ყველას თავისი წილი მოფერება და ყურადღება სჭირდება. თან სულ ყურადღებით უნდა იყო, ჯანმრთელობის მხრივ რამე არ გაგეპაროს. ყველას უნდა შეუწყო ხასიათი ისე, რომ გენდობოდნენ. მთავარი მარტო გაზრდა არაა, უმნიშვნელოვანესია ბავშვების აღზრდა, რაც არც ისე მარტივია.


- ალბათ ექვსივე შვილს განსხვავებული გემოვნება აქვს და სხვადასხვა კერძი მოსწონთ. გიწევთ რამდენიმე კერძის ერთდროულად მომზადება, თუ არ აქვთ ბავშვებს ამ მხრივ პრობლემა?

- დღეში მინიმუმ ოთხნაირ კერძს ვამზადებ. ამას დამატებული დესერტი, გახეხილი ხილი პატარებს და ორცხობილები. წვნიანი, პიურე და ფაფები ყველას ერთნაირად სჭირდებათ და უყვართ. უფროსებთან არ მაქვს პრობლემა, თვითონ მეუბნებიან, რა უნდათ იმ დღეს სადილად და მეც იმას ვუმზადებ.


- საკუთარი თავისთვის თუ ახერხებთ დროის გამონახვას?

- ჯერჯერობით ჩემი თავის მოვლა დილით თმის დავარცხნით შემოიფარგლება. მთელ ჩემ დროს შვილებს ვახმარ. ვისვენებ ღამის პირველ-ორ საათზე, როცა ყველას სძინავს. მხოლოდ ამ დროს ვსვამ მშვიდად ყავას. როცა წამოიზრდებიან და მეტად დამოუკიდებლები გახდებიან, მეც მეტი დრო გამომიჩნდება საკუთარი თავისთვის.

mshoblebi

- ჩვენს რეალობაში ხშირია შემთხვევა, როცა კარიერის, სამსახურის შენარჩუნების მიზნით, დედები თავს იკავებენ ბევრი შვილის გაჩენისგან. თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს?

- მე მყავს ძალიან კარგი პედიატრი, რომელსაც გადატვირთული გრაფიკი და რეჟიმი აქვს, მაგრამ ეს არ უშლის ხელს იყოს სამი არაჩვეულებრივი შვილის ძალიან კარგი და ყურადღებიანი დედა. მითუმეტეს, თუ ოჯახის მხრიდან გაქვს ხელშეწყობა, აუცილებლად უნდა გააჩინო მინიმუმ სამი შვილი. დაუძლეველი სირთულე და პრობლემა არ არსებობს. ბევრი არც მუშაობს, მის ოჯახს საშუალოზე მეტი შემოსავალიც აქვს, მაგრამ ერთ შვილზე მეტს მაინც არ აჩენენ. მე არ მესმის ასეთი ადამიანების ლოგიკის.


- როგორ ფიქრობთ, ყველაზე დიდი ბედნიერება რა არის დედისთვის?

- მშობლების ყველაზე დიდი ბედნიერება შვილებია. მრავალშვილიანი დედა ყველაზე მდიდარი და ბედნიერია. ჩემს შვილებს რომ ჰკითხოთ, ვინ არის მსოფლიოში ყველაზე მდიდარი და ბედნიერი, გიპასუხებენ, რომ ეს ნათია დედაა. და კიდევ, დედა ბედნიერია მაშინ, როცა კარგი მამა უდგას გვერდში.


- როცა საქმე შვილების კეთილდღეობას ეხება, თქვენთვის დაუძლეველი პრობლემა არსებობს?

- როცა შვილების კეთილდღეობას, ჯანმრთელობას, განათლებას, აღზრდას ეხება საქმე, დაუძლეველი პრობლემა არ არსებობს. შვილებისთვის ადამიანი შეუძლებელს შეძლებს.


- კიდევ ერთ შვილს გააჩენდით?

- თუ უფალი კიდევ ერთ შვილს მომცემს, აუცილებლად გავაჩენ.


მერი ბლიაძე

alt"ხანდახან არ სჯერათ, რომ 10 შვილი მყავს..." - როგორ ზრდის შვილებს 37 წლის მაკა ხოხონიშვილი


4046
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (4)
თამარი
0
ნეტავ მეც პირველივე ორსულობაზე სამი ტყუპი მყოლოდა . ორი გოგო და ერთი ბიჭი. რა ბედნიერი ვიქნებოდი მერე ერთსაც მივაყოლებდი . ორი გოგო მყავს . ასაკიც და მოთმინებაც არ მყოფნის რომ პატარას მოვუარო თორემ ოთხი შვილი ჩემი ოცნება და ოცნებად დარჩება. რა ბედნიერი ქალი ხარ . დედამთილშიც გაგიმართლდა ,ქმარშიც და შვილებშიც . უფალმა გაბედნიეროთ .
02:23 / 07-03-2019
დდდდ
0
ხოდა ვისაც ნერვები წესრიგში აქვს ისინი აჩენენ შვილებს, ნევროზიანები ერთ შვილსაც ძვლივს უმკლავდებიან
20:51 / 19-02-2019
ასევე დაგაინტერესებთ
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```